რატი დურგლიშვილი: “მესამე წელია, საშინელ დაავადებას ვებრძვით”

რატი დურგლიშვილი: "მესამე წელია, საშინელ დაავადებას ვებრძვით"მომღერალმა რატი დურგლიშვილმა 5 თვე ნიუ იორკში გაატარა. მისი მოგზაურობა ოკეანის მიღმა ტურისტულ-გაცნობითი ხასიათის იყო. მუსიკალურ სამყაროში ბევრ მნიშვნელოვან პიროვნებას შეხვდა. ნახა, ამერიკული შოუბიზნესი როგორ კეთდება და გაეცნო კოლეჯებს, სადაც შეიძლება მომავალში სწავლა დაიწყოს, განსაკუთრებით კი აუდიოინჟინერიამ მოხიბლა. ასე რომ, მოგზაურობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოუვიდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა სიმღერების ჩაწერა გააგრძელა. კლიპის გადაღებასაც აპირებს, მაგრამ მის წარმატებულ სვლას და ოპტიმისტურ განწყობას ანაღვლიანებს ოჯახური მდგომარეობა – რატის მამა, ცნობილი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი მძიმედ არის ავად.

– რატი, წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ პორტუგალიელებთან მუშაობდით. თქვენი ამერიკაში წასვლა ამ პროექტს უკავშირდება?

– არა, ეს იყო აბსოლუტურად ტურისტული ვიზიტი. ძირითადად მაინტერესებდა შოუბიზნესის ამბები, სტრუქტურა, სტუდიები როგორ მუშაობენ. კოლეჯები, ჩამწერი სტუდიები მოვინახულე. ეს ინტერესი მქონდა, რომ გამეგო, თუ როგორ არის ეს ბიზნესი იქ აწყობილი.

დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ვისწავლო. მინდა, ამ საკითხს სერიოზულად მივუდგე.

– რაც იქ ნახეთ, იმ ყველაფრის თქვენს საქმეში გამოყენებას აპირებთ?

– სასწავლებლად იმიტომ მივდივარ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადო ეს ცოდნა. მინდა აუდიოინჟინერიის სწავლა, რომ შემდეგ ჩემი სიმღერები მე დავამუშაო. ასევე მინდა ლაივგახმოვანების სწავლა, რაც აქ უდიდესი პრობლემაა. ეს ორი მიმართულება უნდა შევისწავლო. კოლეჯებში ყველაფერი შევსებული მაქვს, დარეგისტრირებული ვარ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

– ვინმე თუ გაიცანით მუსიკალურ სამყაროში, ვისთანაც შეიძლება ითანამშრომლოთ?

– დავდიოდი პრივატულ საღამოებზე, სადაც მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები გავიცანი. რაღაც რჩევები მივიღე და დღემდე აქტიურად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.

– ამერიკაში თქვენი ადგილის დასაკავებლად რა არის საჭირო?

– “ფაბლიშ” კომპანიაში ვიყავი და ეს ანალიზი გააკეთეს: პირველი, რაც მოსწონდათ, იყო ვიზუალი და გემოვნება. შანსი ყველას აქვს, სწორი მიმართულება გჭირდება, მაგრამ ამას მარტო ვერ გააკეთებ. იქ გჭირდება სტილისტი, ერთი ადამიანი, რომელიც შენზე იმუშავებს და ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

– პორტუგალიელებთან აგრძელებთ მუშაობას?

– კი, უბრალოდ ახლა “ბექსთრით ბოიზის” (ამერიკული ჯგუფი. ავტ.) პროექტი გააკეთეს. წესით, უკვე ერთი ვიდეორგოლი უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ არ ეცალათ და ვერ ვიმუშავეთ. შეიძლება კლიპი ამერიკაში არ გავაკეთო, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ გადავიღოთ. ახლა სიმღერას ვარჩევთ. საქართველო შესწავლილი აქვთ და ჩვენს ლოკაციებზე გიჟდებიან.

– ქართულენოვან სიმღერაზე აპირებთ კლიპის გადაღებას?

– ქართულენოვანი მინდა. ალბომში 7 სიმღერა შევა.

– 7-ვე თქვენი საავტორო სიმღერაა?

– დიახ. მხოლოდ ტექსტები არ არის ჩემი. ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო გავჩერდი, თორემ აქამდე ალბომი გამოშვებული მექნებოდა და 6 ვიდეორგოლიც, მაგრამ გავჩერდი. ნერვები აღარ გაქვს, როდესაც შენი ოჯახის წევრს რაღაც ეხება, ცოტა ისეთი თემაა…

– ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ მამათქვენი, კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, ბოლო დროს ავადმყოფს. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა?

– საერთოდ პრობლემებზე საუბარი არ მიყვარს. მესამე წელია საშინელ დაავადებას ვებრძვით. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარი ჯანმრთელობას ეხება. ამ დროს არც კარიერაზე და არ სხვა რამეზე ფიქრობ.

– იყო საუბარი, რომ ბატონმა ვაჟამ მხედველობა დაკარგა. მართალია?

– დააკლდა, მაგრამ ახლა აღუდგა. რაღაც პრობლემები არის, ამ დაავადებას ასეთი რაღაცები სცოდნია. ახლა თითქოს თავს ნორმალურად გრძნობს. დინებას მივყვებით. ღვთის წყალობით, ჩვეულებრივად არის, დადის კიდეც.

როდესაც მხედველობა დააკლდა, მაშინ საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემები არც მეუბნებოდნენ. ბოლო თვეებში მითხრეს და, რომ გავიგე, საერთოდ არაფრის თავი მქონდა. დეტალები არ ვიცი, დედაჩემი ცდილობდა, რომ მე არ შემხებოდა.

– ბატონი ვაჟას შემოქმედებითი საღამო ჩატარდა. ხომ არ აპირებთ ამ კონცერტის ვიდეორგოლად გამოშვებას?

– სიმართლე გითხრათ, ასეთ რაღაცებზე არ მიფიქრია. ძირითადად დაკავებული ვართ ბრძოლით. ახლაც ორი კონცერტი დაუგეგმია. ასეთია, არ ჩერდება.

– თქვენს ახალ ნამუშევრებს ეცნობა, რჩევებს გაძლევთ?

– არა, სად უნდა მოვასმენინო სიმღერები, ხშირ შემთხვევაში საავადმყოფოშია. ვეღარ ვუზიარებთ აზრებს ერთმანეთს, მაგრამ ამის დროც მოვა.

– თქვენთან საუბრისას უკვე ტრადიციად გვექცა კითხვა: არ დადგა დაოჯახების დრო? ალბათ ამ კითხვით მამაც მოგმართავთ.

– ძალიან ბევრია 36 წლის, ვისაც ცოლი არ ჰყავს. მამა – არა, მაგრამ დედაჩემი ამას წინათ მომიტრიალდა და მითხრა: “აღარ უნდა მოიყვანო ცოლი? შვილი არ გინდა?”. დედა, გაჩერდი, საკუთარ თავს მივხედავ-მეთქი, ვუთხარი. მესმის, მშობელია, მაგრამ ისე ვერ იცხოვრებ, როგორც სხვებს უნდათ. ჯერჯერობით არ ვჩქარობ, ამის დროც არ მაქვს.

ცხოვრებისგან მაქსიმალურად სიამოვნებას ვიღებ, შეიძლება ცოტა ეგოისტური ნათქვამია, მაგრამ ასეა. 36 წლის რომ ვარ, მაშინ შემატყობთ, როცა შვილი მეყოლება და ერთ დღეში დავბერდები.

მარი მგალობლიშვილი, სარკე