ფერადი ტრუსები ახალი წლის ღამეს – მსოფლიოს უცნაური ტრადიციები

ფერადი ტრუსები ახალი წლის ღამეს - მსოფლიოს უცნაური ტრადიციებიახალი წელი კარს მოგვადგა. საქართველოში გოზინაყი და საცივი უხვად იქნება, აგრეთვე ღვინო… დილით ნაბახუსევი და საღამოს მთვრალი ხალხი. შემდეგ ეს ორომტრიალი ჩაცხრება და ჩვეულ კალაპოტში გავაგრძელებთ ცხოვრებას.

საინტერესოა, როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს, სადამდე სწვდება ადამიანთა ფანტაზია და რამდენად სახალისოა ესა თუ ის ტრადიცია.

საბერძნეთი

საბერძნეთში, ისევე როგორც საქართველოში, ახალი წელი წმინდა ბასილის დღეა. ბასილი კეთილი წმინდანია, რომელსაც ბავშვები უყვარდა. ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს მაღალყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რათა წმინდანმა ისინი საჩუქრებითა და მადლით აავსოს.

გერმანია

როდესაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზეა საუბარი, გერმანელები და ავსტრიელები, ამ მხრივ, ნამდვილი ჩემპიონები არიან. მათი უცნაურობის აშკარა გამოვლენაა ტრადიცია, სახელად “კალის ჩამოსხმა”.

ამ ტრადიციას წინასწარმეტყველების ფუნქცია აქვს. გერმანელები და ავსტრიელები კალის ნაგლეჯს იღებენ, ადნობენ კოვზზე და შემდეგ წყლით სავსე ჭურჭელში ასხამენ. იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაციებული კალა, დგინდება, თუ რა მოხდება შემდეგ წელს.

მაგალითად, თუ კალამ ბურთის ფორმა მიიღო და დამრგვალდა, ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს. თუ კალით ღუზა გამოისახა, მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ. თუ მოხდა ისე, რომ წყალში ჯვრის ფორმა გამოისახა, ნამდვილად არ გაგიმართლათ, ეს ავადმყოფობის მაუწყებელია. ასე თვლიან გერმანიასა და ავსტრიაში.

სხვათა შორის, ავსტრიელების საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოჭის ან ღორის ხორცი, რადგან ღორის თავის ნაწილის ან დინგის შეჭმა წარმატების საწინდარია.

მექსიკა და ბოლივია

მექსიკასა და ბოლივიაში ყველაფერი გაცილებით სასიამოვნო და სახალისოა, ოღონდ არანაკლებ უცნაური. ახალ წელს ამ ორ ქვეყანაში ფერადი ტრუსებით ხვდებიან. მექსიკაში ვისაც სურს, რომ მომავალ წელს საბედო იპოვოს, წითელ ტრუსს იცვამს. თუ სურს, რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს, იცვამს ყვითელს.

ბოლივიაში ტრადიცია მსგავსია, განსხვავება დროშია. ბოლივიელებს სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე თუ სწრაფად გაიქცევიან და ტრუსებს გამოიცვლიან, წარმატებული ახალი წელი ექნებათ.

ფილიპინები

თუ მექსიკელები და ბოლივიელები მხოლოდ სიყვარულს და ბედნიერებას ეძებენ, ფილიპინელებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ ახალი წლისათვის. ისინი ტანსაცმელზე ქარგავენ ან ხატავენ მრგვალ ფორმებს და ორნამენტებს, ეს მათთვის ფულის მოგების მომასწავებელია. ყოველი ფილიპინელი ოცნებობს, მომავალ წელს ლატარიაში ჯეკპოტი მოიგოს და გათვლაც სწორედ ამ ფულზეა.

ჩილე

ამას უკვე უცნაურიც აღარ ჰქვია! ჩილეს ქალაქ ტალკაში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე ქალაქის მოსახლეობა სასაფლაოზე მიდის, მიცვალებულების საფლავებთან სხდებიან და იქ ელოდებიან ახალი წლის დადგომას.

დანია

პირველ იანვარს, ტრადიციულად, დანიაში მეგობრები ერთმანეთს საჭმელებს უყრიან კართან. ეს სასიამოვნო იქნებოდა, საჭმელი ახალი და დაუზიანებელი რომ ხვდებოდეთ, მაგრამ… რას იზამთ, ყველგან თავისებური მიდგომა აქვთ.

პუერტო რიკო

ჯენიფერ ლოპესის სამშობლო პუერტო რიკოში შედარებით სასიამოვნო და სუფთა ტრადიცია ჰქონიათ. ისინი სახლის დალაგება-დასუფთავებას 31 დეკემბერს იწყებენ და 1 იანვარს ასრულებენ. რეცხავენ და წმენდენ ყველაფერს, რათა წინა წლის ჭუჭყი შემდეგ წელში არ გადაიყოლონ.

ინგლისი

31 დეკემბრის ღამეს, როცა ახალი წლის დადგომის მაუწყებელი საათი პირველად ჩამოკრავს, ინგლისელები სახლის უკანა კარს აღებენ ძველი წლის გასაშვებად. საათის უკანასკნელ დარტყმაზე კი სახლის წინა კარს აღებენ, რათა ახალი წელი შემოვიდეს.

ესპანეთი

ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის გოგო-ბიჭები კოცონთან იკრიბებიან და კენჭს ყრიან. ისინი ფურცლებზე ჩამოწერენ საკუთარ სახელებს, შემდეგ ტომსიკაში მოათავსებენ და შემთხვევით იღებენ ამ ფურცლებს. ვის სახელსაც ამოიღებენ, იმასთან წყვილდებიან და წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან.

ვიეტნამი

ვიეტნამში ახალ წელს 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის ზეიმობენ. ისინი ამ დღესასწაულს ტეტის ეძახიან. ახალ წელს ოჯახის წევრები კოცონთან გროვდებიან, საგანგებოდ ამზადებენ ბრინჯის ნუგბარს და სადღესასწაულო სიმღერებს მღერიან. ვიეტნამელების რწმენით, ახალი წლის დღეს ღმერთი, რომელიც ყველა სახლში ცხოვრობს, ცაში მიემგზავრება და იქ ყვება, როგორი წელი გაატარა ოჯახის თითოეულმა წევრმა.

ბულგარეთი

ბულგარეთში ზუსტად 12 საათზე შუქს რამდენიმე წამით აქრობენ – ეს საახალწლო კოცნის დროა. შემდეგ კი დიასახლისი სიურპრიზებიან ღვეზელებს სთავაზობს დანარჩენებს. ღვეზელში ამოსული მონეტა მოსალოდნელ გამდიდრებაზე მიანიშნებს, ვარდის ტოტი კი სიყვარულზე (ვარდის ტოტების ღვეზელებში “მომწყვდევა” ბულგარელი დიასახლისების საიდუმლოა).

სარკისთვის მოამზადა ირმა გოგინაძემ