პაატა იმნაძე: ,,ღორის გრიპი ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს” – რა უნდა ვიცოდეთ საშიშ ვირუსზე

პაატა იმნაძე: ,,ღორის გრიპი ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს" - რა უნდა ვიცოდეთ საშიშ ვირუსზეე.წ. ღორის გრიპით, H1N1 ვირუსით საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა. კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად მიმართვიანობი მაღალი რისკისა, ქვეყანა ეპიდემიამდე მისული არ არის:

-ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე საქართველოს შემთხვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს  შეღავათს არავის აძლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა უკვე გადაიტანა, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად, ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. მიმართვიანობა  დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე იყო შარშან. ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე.

ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით,- განაცხადა იმნაძემ.

მეტი რამ ღორის გრიპის შესახებ

გრიპი იწყება მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით, უმთავრესად თან ახლავს ინტოქსიკაციის მოვლენები, რაც გამოიხატება თავის, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველა. შედარებით იშვიათად ერთვის ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვის შეგრძნება. შესაძლოა, ამ სიმპტომმა მოგვიანებით იჩინოს თავი. დაავადება ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე 7 დღეში სრული განკურნებით მთავრდება.

გართულებები

სტატისტიკურად ყველაზე ხშირი გართულება პნევმონიაა. თუ თავიდანვე შეამჩნია ადამიანმა, რომ უჭირს სუნთქვა, აწუხებს ტკივილი გულმკერდის არეში, ტკივილი სუნთქვისას, ცხვირ-ტუჩის არეში ციანოზი ანუ სილურჯე უვითარდება, ნახველი უხდება ვარდისფერი ან მასში ერევა სისხლი, – დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ამ სიმპტომებმა გრიპის დაწყებისთანავე იჩინა თავი, ეს ვირუსულ პნევმონიაზე მიუთითებს, ხოლო თუ გრიპის მესამე დღიდან, როცა ტემპერატურა უკვე შედარებით დაწეულია, მდგომარეობა ისევ დამძიმდა, დაერთო ხველა – ეს უკვე ბაქტერიული პნევმონიის მანიშნებელია და ექიმს ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ. თუ სამედიცინო დახმარება დროულად გაეწია, ორივე შემთხვევაში გამოჯანსაღების ალბათობა საკმაოდ დიდია.

თვითმკურნალობით საფრთხეს ნუ შეიქმნით!

გრიპის მძიმე შემთხვევების დროს რეკომენდებულია ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება. ამ სახის ორი პრეპარატი არსებობს: ოსელტამივირი ანუ ტამიფლუ და ზანამივირი ანუ რელენზა. ეს უკანასკნელი რეკომენდებულია ორსულებისთვის, ხოლო ტამიფლუ – ორსულებისთვისაც და სხვებისთვისაც. მსოფლიო გამოცდილება იმასაც გვაჩვენებს, რომ თუმცაღა ბევრ ქვეყანას არ აქვს ტამიფლუ ან რელენზა, გრიპი გამოჯანმრთელებით მაინც სრულდება. ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით თვითმკურნალობა კი კატეგორიულად მიუღებელია. ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

როგორ დავიცვათ თავი

პირადი ჰიგიენა, ცხოვრების ჯანსაღი წესის ზედმიწევნით დაცვა არა მარტო გრიპის, არამედ უამრავი სხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ – მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პროფილაქტიკისთვის სჯობს, ინფიცირებულმა იხმაროს ნიღაბი და არა ჯანმრთელმა ადამიანმა.

ნუ აჰყვებით პანიკას უბრალო სეზონური გრიპის გამო. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რათა ჯანსაღი და მძლავრი იმუნური სისტემით შეხვდეთ ყოველ სეზონურ გრიპს, რომელსაც თავს ვერასგზით ავარიდებთ, ხოლო გრიპის გავრცელებისას დავიცვათ ჰიგიენისა და პროფილაქტიკის წესები და ყოველთვის დროულად მიმართეთ ექიმს.

ნიუპოსტი, მკურნალი.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019