ნინო თოლორდავა: “ოჯახი მეორედ შევქმენი”

ნინო თოლორდავა: "ოჯახი მეორედ შევქმენი"ყოფილმა ტელეწამყვანმა ნინო თოლორდავამ, რომელიც ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: “ახალდაქორწინებულები”.

ნინო თოლორდავას სოციალურ ქსელში მეგობრები ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ. იქვე წერენ, რომ თავისი რჩეულის ვინაობაც გაამხილოს, თუმცა ის მეგობრებს მხოლოდ სმაილებით პასუხობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი რჩეული გიორგი დავითაიაა, რომელსაც ბიზნესი სხვადასხვა ქვეყნებში აქვს. ეს ქორწინება ორივესთვის მეორეა. როგორც ამბობენ, გიორგი დავითაიას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, ნინოს კი პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი – ამიკო.

მას შემდეგ, რაც ნინომ თავისი ახალი რჩეულის ფოტო გამოაქვეყნა, “სარკე” მას დაუკავშირდა:

– ნინო, მართალია, რომ ქმარს, ზაზა ხაზალიას, გაშორდით?

– დიახ. ჩვენი 2 წლის წინ გავშორდით ერთმანეთს.

– ისიც სიმართლეა, რომ ოჯახი მეორედ შექმენით?

– დიახ, ოჯახი შევქმენი.

– ვინ არის თქვენი რჩეული?

– სხვა კომენტარი არ მაქვს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მან და გიორგი დავითაიამ ერთმანეთი ერთი წლის წინ გაიცნეს.

.

ცნობილ წყვილებს შორის ნინო თოლორდავას და ბიზნესმენ ზაზა ხაზალიას ოჯახი ერთ-ერთი სტაბილურობით გამორჩეული იყო. ისინი “სარკის” ხშირი რესპონდენტები იყვნენ და ჩვენთან ყოველთვის თავიანთ ოჯახურ იდილიაზე საუბრობდნენ. ნინო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ქმრის გვერდით თავს დაცულად გრძნობდა და უბედნიერესი დედა და ცოლი იყო.

– ზაზა ხაზალია მოსკოვიდან ცოტა ხნით იყო ჩამოსული, როცა დათო დოიაშვილის სპექტაკლის პრემიერაზე პირველად შევხვდი. დათო ზაზას მამიდაშვილია, დათოს მეუღლე კი მამაჩემის მეგობრის შვილი გახლავთ. ჰოდა, ერთ დღეს ზაზამ და დათოს მეუღლემ გამომიარეს და მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლ “სალომეაზე” წავედით.

ზაზამ 3 დღეში ხელი მთხოვა, 5 დღეში ცოლად გავყევი, 10 დღეში კი ქორწილი გვქონდა და მოსკოვში წავედით. ტელევიზიაში რომ ვმუშაობ, ეს მისი დამსახურებაა. ზაზა ყოველთვის და ყველაფერში მხარში მიდგას.

ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. თუ ოჯახს დასჭირდება, კარიერას დავთმობ, მაგრამ მადლობა უფალს, ასეთი არჩევნის წინაშე არასდროს დავმდგარვარ…

წყვილის ურთიერთობაში ერთნაირი ღირებულებების ქონაა საჭირო. როცა შენ სხვა მხარეს მიიწევ, ის კი სულ სხვა მხარეს გექაჩება, შეიძლება ურთიერთობა დაინგრეს.

ზაზა ჩემთვის სალი კლდესავით არის. მის გვერდით არაფრის მეშინია. ის არის ჩემი სიმშვიდის გარანტი, შინაგანი ჰარმონიის საწყისი, – ყვებოდა ნინო თოლორდავა ერთ-ერთ ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ.

“ნამდვილი და დიდი სიყვარული”, – ასე წერდნენ სოციალურ ქსელში ნინოსა და ზაზას ოჯახზე მათი მეგობრები. თუ რამ გამოიწვია “ნამდვილი და დიდი სიყვარულის” რღვევა, უცნობია. ამის შესახებ არც ერთი მხარე საუბრობს.

როგორც ჩანს, გაშორების შემდეგ ყოფილმა მეუღლეებმა ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნეს. სოციალურ ქსელში დევს მაისში გამოქვეყნებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ შვილს, ამიკოს, ამერიკაში ერთად აცილებენ.

სარკე