მამულიჩა: “შვილიშვილმა კი არ დამაბერა, გამაახალგაზრდავა”

მამულიჩა: "შვილიშვილმა კი არ დამაბერა, გამაახალგაზრდავა"პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, ზაფხულში, 47 წლის ასაკში, ბაბუა გახდა. “ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილი. პატარა მამულიჩა მოევლინა ქვეყანას”, – ახარა თავის მეგობრებს ახალბედა ბაბუამ სოციალური ქსელით.

პატარა მამულიჩა მამას უფროსმა შვილმა, ნიკოლოზმა, აჩუქა, რომელიც კახა მამულაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. პროდიუსერს მეგობრები უკვე ბაბულიჩასაც ეძახიან. თავისი ემოციები აწ უკვე უფროსმა მამულიჩამ “სარკეს” გაუზიარა.

– გილოცავთ პაპად გახდომას. როგორ შეხვდით ამ საამაყო სტატუსს?

– დიდი მადლობა! როცა ალექსანდრე დაიბადა, ბათუმში ვიყავი. დილის 6 საათი იყო და პირველივე რეისით გამოვფრინდი თბილისში. დაიბადა 3 კილო და 100 გრამი და 51 სანტიმეტრი. შვილიშვილი ძალიან საყვარელი ყოფილა.

– გგავთ მამულაშვილებს?

– ძნელია ამ ეტაპზე ზუსტად თქვა, ვის ჰგავს, მაგრამ ჩვენი გენი ძლიერია, რადგან მე, მამაჩემი და ჩემი შვილი ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ამ ლოგიკით პატარაც ჩვენ დაგვემსგავსება. ალექსანდრეს რომ ვუყურებ, პატარა ნიკოლოზი მახსენდება, ალბათ მამას ძალიან დაემსგავსება. ცოტა დედამისსაც ჰგავს.

– როცა ბავშვი პირველად აიყვანეთ ხელში, ხომ არ ატირდით?

– ჯერ ხელში ვერ ავიყვანე, გვერდიდან ვუყურებ. მეშინია, რამე არ ვატკინო. ჩემი ემოციები ცრემლებამდე არ მისულა, მაგრამ უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ. შვილიშვილი ახალი სტიმულია ჩემს ცხოვრებაში. ვერ დავეთანხმები გამოთქმას, რომ შვილიშვილი ადამიანს აბერებს. ალექსანდრეს დაბადებამ და ბაბუის სტატუსმა უფრო გამააახალგაზრდავა.

– როგორ მოგილოცათ პირველი შვილიშვილი მეუღლემ, ლელა წურწუმიამ?

– თვითონაც ბებია გახდა, რადგან ნიკოლოზის გაზრდაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი და ჩვენი შვილისგან, მარიკოსგან, არასდროს გაურჩევია. ამიტომ ლელაც ძალიან გახარებულია. ყველაზე მეტად კი მარიკოა გახარებული, რომ მამიდა გახდა. რაც გაიგო, რომ მის ძმას შვილი ეყოლებოდა, იმ დღიდან ამ თემით იყო დაკავებული და ალექსნდრე როცა გაჩნდა, ემოციებმა შემოუტია. ჯერ არ უნახავს, ბაკურიანში ისვენებს და დღეებს ითვლის, როდის ნახავს თავის ძმისშვილს.

– მოგვიყევით თქვენს შვილზე, რას საქმიანობს, როგორია თქვენი მამაშვილობა.

– ნიკოლოზი 24 წლისაა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ხასიათებით ცოტა განვსხვავდებით, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია. ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის სამსახურში მუშაობს.

მისი მეუღლე ნუკი ფაღავაა. პირველი შვილი ეყოლათ და იმედი მაქვს, ერთზე არ გაჩერდებიან.

– მამამთილის ამპლუაში როგორი ხართ?

– არაჩვეულებრივი გოგოა და ძალიან მიყვარს, იგივე ჩემი შვილია. ნიკოლოზი ძალიან უყვარს და ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს ჩემთვის?

– როგორც პროდიუსერი, ბოლო დროს ძალიან გააქტიურდით. საკუთარი ცოლის, ლელას, გარდა პროდიუსერობას უწევთ მაკა ზამბახიძესა და მის შვილს, სალომე ჩიტაძეს. კიდევ რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში?

– ლელასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ზაფხულში პაუზა ავიღეთ, რადგან ორი თვის წინ სოლო კონცერტი ჰქონდა და ძალიან გადაიღალა. ამიტომ ზაფხულში ბათუმში კონცერტებზე უარი ვთქვით.

როგორც პროდიუსერი, ნამდვილად გავაქტიურდი. ავიყვანე მაკა ზამბახიძე და ჯგუფი “ნონ სტოპი”, დავიმატეთ მაკას შვილი სალომე ჩიტაძე. ცალკე ვმუშაობთ ნინი ბადურაშვილისა და “ნონ სტოპის” კონცერტების სერიაზე.

მაკა ზამბახიძის და “ნონ სტოპის” კლიპი გადავიღეთ რუსა მორჩილაძის სიმღერაზე “უხერხული სიჩუმე”, რომელსაც ლელა “არტიმედის” პერიოდში მღეროდა და ხშირად არ ასრულებდა.

მაკასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები მაქვს. მუდმივად ვიმუშავებ იმაზე, რომ უფრო რეიტინგული და კომერციული იყოს. ჩემს გუნდში ერთი ბიჭის აყვანას ვაპირებ, მაგრამ ამ ეტაპზე მის ვინაობას არ გავამხელ.

– გამოდის, რომ კომერციულად მომგებიანია ქართველ მომღერლებთან მუშაობა, არადა ბევრი წუწუნებს, რომ შოუბიზნესში ფული არ იშოვება.

– არის პატარა კომერციული სეგმენტი, რომელსაც მუდმივად აინტერესებს ახალი და კარგი მუსიკალური პროდუქტი. მთავარია, მომღერალმა თავისი შემოქმედება ხალხისთვის საინტერესო გახადოს. როცა გყავს ბენდი, გაქვს გამართული პროგრამა, რომელიც არამხოლოდ ქავერებით არის შევსებული, შემოთავაზებები ყოველთვის გექნება.

სულ იმას ვამბობ, რომ მომღერალი ქავერებით კომერციულად წარმატებული ვერ გახდება. სხვათა შორის, ტელეპროექტმა “მხოლოდ ქართულმა” ძალიან გამოაცოცხლა შოუბიზნესი. ყველა მომღერალს მოვუწოდებ, თავი დაანებონ პოლიტიკას, სახლში ჯდომას და სცენაზე დაიწყონ მუშაობა.

ავთო ჩიტიძე, სარკე