ირაკლი ვაჩიბერაძე: ,,დღეს ამ ქალის დაკრძალვაა, თბილისში ვერ წავედი” – რა შეემთხვა ,,სარკის” ჟურნალისტს

ირაკლი ვაჩიბერაძე: ,,დღეს ამ ქალის დაკრძალვაა, თბილისში ვერ წავედი" - რა შეემთხვა ,,სარკის" ჟურნალისტს,,სარკის”ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 27 ნოემბერს მოკლული ქალის, 45 წლის სვეტ­ლა­ნა ამო­ე­ვის შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა ირაკლის გარდაცვლილთან და ასევე მკვლელობაში ბრალდებულთან ნაცნობობა აკავშირებს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი თაღლითობის მსხვერპლი გახდა და ფინანსურადაც დაზარალდა.

,,რეჟისორი რომ ვიყო, აუცილებლად გადავიღებდი ფილმს, უფრო სწორად, სერიალს ჩემზე, სადაც მე ვიქნებოდი მთავარი გმირი, ბოდიში, მთავარი სხვა იქნებოდა, მე ერთ-ერთი ეპიზოდის მონაწილე ვიქნებოდი.

მოკლედ, რისი/ვისი მსხვერპლი გავხდი, არ ვიცი, მაგრამ რომ გავხდი, ეს ვიცი.

ყველაფერი 11 თვის წინ დაიწყო. თბილისში, მეტროდან ამოსული კედელზე გაკრულ ფურცელზე ვკითხულობ, რომ ვაჟა-ფშაველაზე ბინას აგირავებენ ძალიან სიმბოლურ თანხად. ჰოდა, ვიფიქრე, ქირაში ფული როდემდე ვყარო-მეთქი და ეგრევე დავრეკე. მიპასუხა ქალმა და მაშინვე დამიბარა სახლის სანახავად.

მივედი და მხვდება ასეთი სურათი – სახლი ვაჟა-ფშაველაზე, გარემონტებული, ,,გასრიალებული”, შედი და იცხოვრე. ჰოდა, მეც შევედი, ვიცხოვრე და ფულიც მივეცი. თანხაზე ვკითხე, ასე იფად რატომ მიშვებ-მეთქი და მეტი არ მჭირდება. ეს თანხა უკან ისევ ჩემი დასაბრუნებელია და რაც მჭირდებოდა, იმ თანხად ვაგირავებო. ოღონდ ერთი პირობა იყო, მის სახლში ჩემთან ერთად ამ ქალს, ანუ დიასახლისსაც უნდა ეცხოვრა.

ვიფიქრე, რა პრობლემაა, დამლაპარაკებელი მეყოლება-მეთქი. ნოტარიუსში მომდევნო დღეებში უნდა წავსულიყავით. მერე ერთ დღეს მე არ მეცალა, მეორე დღეს იმას, მერე მოვიკითხე და ნოტარიუსს ფული უნდოდა და ვიფიქრე, უკვე გავიცანი ეს ქალი, სანდოა, ზედ მყვება, კერძებს მახვედრებს, დილით საუზმეს მიმზადებს და რაღად მინდა ნოტარიუსი-მეთქი.

ყოველ საღამოს მიყვებოდა, რომ ძმები რუსეთში ჰყავდა, რომლებიც ბიზნესმენები იყვნენ. მის დას ეხვეწებოდნენ, ჩვენთან ჩამოდიო, მაგრამ მას საქართველოს დატოვება არ უნდოდა.

ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება, ყაზბეგზე სახლი იყიდება და ჩემს ძმას უნდა, რომ მიყიდოს. წამომყვევი, შემიფასე, თუ მოგვეწონება, ფულს რუსეთიდან გამოაგზავნისო. დასაწუნი იმ სახლს არაფერი ჰქონდა და მე ვუთხარი, კარგია-მეთქი, ჰოდა, ვეტყვი და ჩემი ძმა იყიდის ამ სახლსაცო.

მართლაც, რამდენიმე დღეში მეუბნება, ვაჟაზე ცხოვრება მომბეზრდა და ყაზბეგზე გადავიდეთ, ის სახლი ჯობიაო და ამას გავაქირავებო. მოკლედ, მეც გადავყევი, რა უნდა მექნა, გირით ვიყავი სახლში და „ხაზეიკას“ გავყევი.

ჰოდა, მას შემდეგ, რაც თბილისიდან ისევ ქუთაისში ვბრუნდებოდი, ჩემს დიასახლისს დაველაპარაკე, გადავდივარ ქუთაისში და ფული მჭირდება-მეთქი. დიასახლისმა მითხრა, წადი და ფულს ქუთაისში მალევე დაგიბრუნებო. მეც წამოვედი, ცოტა ხნის წინ დამირეკა და მითხრა, ვაგროვებ და 15 დეკემბერს ჩაგირიცხავო. სამი დღის წინ კი ტელევიზორში ვუყურებ სიუჟეტს,  სახელით ,,თბილისში კაცმა ბინის მეპატრონე ქალი მოკლა”. აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ჩემი “ხაზეიკაა”, მკვლელობაში ბრალდებული კი – ჩემი თანამეოთახე.

მკვლელობის შემდეგ კი ამ ქალზე ბევრი ბინძური რამ გავიგე.

1.თურმე სახლში, სადაც მე გირით შევედი, თვითონ ყოფილა ქირით შესული. ჩემნაირად ატყუებდა ყველას და სახლის ყველა ოთახი დაგირავებული ჰქონდა. სახლი მის საკუთრებაში არც ვაჟაზე ყოფილა და არც ყაზბეგზე, ორივე ქირით ჰქონდა აღებული.

2.მკვლელობის შემდეგ გავიგეთ, რომ ძმები რუსეთში კი არა, გლდანში ჰყავდა და თავად ძმებს ეგონათ, რომ მათი და რუსეთში იყო. ძმებმა თქვეს, თვეში ერთხელ გვირეკავდა და ამბობდა, მოსკოვში ვარო.

3. ბინაში ცხოვრების დროს ყულაბა გამიტეხეს და ფული მომპარეს, დიასახლისმა სხვას დააბრალა და სახლიდან გაუშვა, თურმე მას მოუპარავს.

4. ყაზბეგზე ცხოვრების დროს ე.წ „მეტრიანით“ სახლის ზომებს ვიღებდით, რემონტი რა დამიჯდებაო. ამ ფორმით  ჩემი დარწმუნება უნდოდა, რომ ბინა მას ეკუთვნოდა და ქირით არ იყო. ისედაც მჯეროდა, ამ ფორმას რატომ მიმართავდა, არ ვიცი.

5. მკვლელობა მესამე ბინაში მოხდა. ისიც ქირით ჰქონდა აღებული, სადაც მდგმურს შემოაკვდა (ვიცნობდი იმ ბიჭს, გარკვეული პერიოდი ერთ სახლში, გვერდი-გვერდ ოთახებში ვცხოვრობდით).

ახლა ვსხედვართ ყველა დაზარალებული, რომლებსაც ოფიციალური დოკუმენტი არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ, ვინ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი თანხა.

დღეს ამ ქალის დაკრძალვაა, თბილისში ვერ წავედი. მთელი დღეა, მეფიქრება, რამდენი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის და ამავე დროს რამდენი რამ მოუტყუებია’, – დაწერა ირაკლიმ 2 დეკემბერს ფეისბუქში.

ცნობისთვის. სასატიკი მკვლელობისთვის პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.ხ. ცხელ კვალზე დააკავა. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.