“დედაჩემს იმ რძალმა მოუარა, რომელსაც ვლანძღავდით”

"დედაჩემს იმ რძალმა მოუარა, რომელსაც ვლანძღავდით"ზოგჯერ ადამიანების შეფასებაში ვცდებით – ვინც მოყვარე გვგონია, მან შეიძლება გვიმტროს, ხოლო ვინც მტრად მიგვაჩნია, შეიძლება მოყვრად მიგვიღოს. პიროვნებას ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ ვაფასებთ, ბევრმა რამემ უნდა გადაიაროს ჩვენს თავზე, რომ სწორი “დიაგნოზის” დასმა შევძლოთ. ჩვენმა რესპონდენტმა, შუახნის ქალმა ელისომ, ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება მიიღო. აი, რა უამბო მან “სარკის” მკითხველს:

– ვდარდობ, რომ სხვის ენას ავყევი და შეცდომა დავუშვი. ვლანძღე ადამიანი, რომელიც ამას არ იმსახურებდა. ისეთი ღვთისნიერია, არც კი ვიცი, ცუდისთვის როგორ გავიმეტე. ცხოვრებამ გამოაჩინა ყველას ნამდვილი სახე და საქმეები. ყველა თავის ადგილზე დააყენა.

პოეტ მარიამ წიკლაურის ლექსი მახსენდება: “მე ისეთი მეგობარი მყავს, მასთან უბრალოდ ვერასდროს მიხვალ, უნდა მიხვიდე და მოილოცო”. ეს თავის მეგობარ პოეტს, ნინო სადღობელაშვილს მიუძღვნა. ასეთივეა ელენე, ჩემი რძალი, რომლის ნამდვილი სახეც, სამწუხაროდ, გვიან შევიცანი. საშინლად ვნანობ, ცუდად რომ ვექცეოდი. ის კი ითმენდა და არ მპასუხობდა. მეგონა, არ კადრულობდა პასუხის გაცემას, არადა თურმე მეორე ლოყას მიშვერდა გასარტყმელად.

– თავის დროზე რა მიზეზით დაუპირისპირდით?

– ორი ძმა მყავს. უფროსს კობა ჰქვია, უმცროსს – ბაკური. მე შუათანა ვარ. ძმები განსხვავებულები იყვნენ, თუმცა სიყვარულში არ ვასხვავებდი. კობა უფრო ცივი იყო, გრძნობებს ვერ გამოხატავდა, ბაკური კი თავისი სითბოთი სულში ჩაგიძვრებოდა.

კობამ შეირთო მარინე, რომელიც თავისი უშუალობითა და კომუნიკაბელურობით ქმრის სიხისტეს ფარავდა. კობასთვის რამის თქმა რომ მინდოდა, მარინეს ვეუბნებოდი.

– რატომ გიძნელდებოდათ ძმასთან საუბარი?

– არასდროს ეცალა, რომ სხვისთვის მოესმინა. სულ სადღაც გარბოდა, ეჩქარებოდა. ასეა ახლაც. საქმის კაცია, ყელამდე ჩაფლულია საქმეებში, მოსწონს ეს როლი. მარინე კი მისი ანტიპოდა, სრულიად საპირისპირო, საქმიანობდა კიდეც, მოსმენაც იცოდა, თანაგრძნობაც და გვერდში დგომაც. ურთიერთობაში არაფერი ეშლებოდა, ამიტომაც ყველამ შევიყვარეთ. დად ვთვლიდი. მისი მჯეროდა და ვენდობოდი.

– ელენე რომ მოიხსენიეთ სინანულით, ბაკურის ცოლია?

– ბაკურის მეორე ცოლია. მანამდე პირველი ოჯახი ჰყავდა. პირველ ცოლს მზია ერქვა. ყველაფერი ასე დაიწყო: ბაკური ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო კეთილ ხასიათთან ერთად. გოგოები მასზე გიჟდებოდნენ. თავად კი ერთადერთი გოგო უყვარდა, მარიტა, “ნატვრის ხის” მარიტასავით უმანკო და ფაქიზი, თან სრულიად ახალგაზრდა, 18 წლის.

მარიტას მოსწონდა ჩემი ძმა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, თანხმობა მიეცა მისთვის. ამასობაში მარინე (ჩვენი რძალი) თავს არ ზოგავდა, რომ მაზლისთვის თავისი მეგობარი მზია მოეწონებინა. მარინეს სურდა, ოჯახში მისიანი შემოსულიყო. მარიტას ეჭვით უყურებდა, ასეთი ფაქიზი გოგო მთელი ცხოვრება ხელით სათრევი იქნებაო. ამდენი ძახილით მზიას მართლა შეუყვარდა ჩემი ძმა. მაშინ ყველა ერთად ვცხოვრობდით.

– რძალმა შეძლო, მაზლის გული მზიასკენ მოებრუნებინა?

– ჩემი მშობლები რომ სოფელში მიდიოდნენ, მარინე მზიას ჩვენთან ტოვებდა. ასე დააახლოვა, თუმცა ჩემი ძმა მეგობრულად უყურებდა. ერთ დღესაც ბაკურმა გამოგვიცხადა, მზიას ვირთავო, ყველა სახტად დავრჩით, რადგან ვიცოდით, მარიტა უყვარდა.

– თუკი მარიტა ვერაფერს წყვეტდა ბაკურის სასარგებლოდ, მაშინ ლოგიკურია, რომ თქვენი ძმა ასე მოიქცა.

– პატარა იყო ჯერ, ბუნებით სულ მთლად ბავშვი. თანაც ქალს გადაწყვეტილების მიღება რომ უჭირს, საკუთარ თავზე გამოვცადე. სულ ვანუგეშებდი ბაკურს და ვარიგებდი, დააცადე, წლები მოემატოს და შენი გახდება-მეთქი.

ბაკურის დაოჯახება რომ გაუგია, უტირია მარიტას. გულში რომ არ ჰყოლოდა, რა აატირებდა მზესავით გოგოს?

– მზიას როგორ დაახასიათებთ, თქვენს ძმას თუ შეეფერებოდა?

– ბაკურს მზიაზე უკეთესი გოგოები ეძლეოდნენ, მაგრამ არც ერთს სწყალობდა, განა იმიტომ, რომ კუდი ყავარზე ჰქონოდა გადებული, ძალიან წრფელი იყო და არ უნდოდა, გული ეტკინა ქალისთვის. ხომ შეეძლო ესარგებლა მათი სიყვარულით და გაევლო ხან ერთთან, ხან მეორესთან, მაგრამ ერთი უყვარდა და მის იქით არ იხედებოდა.

არ ვიცი, როდის გაიტაცა მზიამ. ვფიქრობ, მათ შორის რაღაც მოხდა მოულოდნელად, რადგან გადაწყვიტა დაოჯახება. თავი მოვალედ ჩათვალა, მზია ეთხოვა. რაკი ასე გადაწყდა, მივიღეთ რძლად და არც სიყვარული დავაკელით.

– ასე შეუღლებულმა ახალგაზრდებმა ოჯახი როგორ ააწყვეს?

– ბაკური შეიცვალა, დასერიოზულდა, თითქოს 10 წელი მოემატა ერთბაშად. შვილის გაჩენის შემდეგ საოცარი მეოჯახე გახდა. კობას სამი შვილი ჰყავს, ბაკურს – ერთი. მზიამ მეტის გაჩენა ვერ შეძლო, თორემ უნდოდა. ამბობდა, ჩემი ქმრისნაირი ლამაზი ბავშვები უნდა გავამრავლოო. ბაკური მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ოჯახს, თუმცა შინაგანად დამძიმდა. არც იმდენად პატარა იყო, რომ ოჯახს გაძღოლოდა.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა მისი ტვირთი ცოლის მიმართ უსიყვარულობა ყოფილიყო. მზია არ იყო “კანფეტი” ურთიერთობაში, მაგრამ ბაკურს არასდროს აუწევია მასთან ხმა. მათ შორის ყოველთვის იყო სიმშვიდე, რაც გარეშე თვალით ჰარმონიად აღიქმებოდა. ბედნიერი ოჯახივით ჩანდნენ. მეც კი ვტყუვდებოდი, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით და ვერ ვხვდებოდი ჩემი ძმის ფარულ ტანჯვას.

ვიყავით შეხმატკბილებულად, სამი ოჯახი და პლუს მე. ამდენ ადამიანში თავისებურად ჩნდება წვრილ-წვრილი განხეთქილებები. საჭიროა დაშლა ნორმალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად. განხეთქილების ვაშლის შემოგდება კი ოჯახში ბაკურს დაბრალდა, სულ დაძაბული იყო და გარშემომყოფებშიც დაძაბულობას თესავდა.

მშობლები სახლს ვერ შეელეოდნენ გასაყიდად, ერთ-ერთი ძმა უნდა გასულიყო. მეც სიამოვნებით ვიცხოვრებდი ცალკე, განა იმიტომ, რომ ვინმე მჩაგრავდა ან მავიწროებდა, ოჯახის ყველა წევრთან კარგად ვიყავი, უბრალოდ, სიტუაცია რომ აირია, სურვილი გამიჩნდა, ჩემი ცხოვრება ამეწყო. არც სამსახური მქონდა, ვერც ვთხოვდებოდი.

– წუნია იყავით თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირდათ?

– ჩემი ცხოვრება ვერ აეწყო. ვინც მიყვარდა, მან სხვა გოგო შეირთო. არ გამიმჟღავნებია, რომ მიყვარდა, გულში ვმალავდი. სულ მქონდა განცდა, რომ მოვიდოდა და სიყვარულს ამიხსნიდა, ჩემს მოსაპოვებლად იბრძოლებდა. ჩემნაირი ბუნების ქალები მარტოობისთვის არიან გაწირული.

– საბოლოოდ თქვენი ოჯახი გაიყო?

– 90-იანი წლების სიმძიმე და სიდუხჭირე ჩვენს ოჯახზეც აისახა. ძმებს სამსახურში ფინანსური პრობლემები შეექმნათ. რაღაც პერიოდი თავი ძლივს გაგვქონდა. ყველაფერს ვიკლებდით, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ. გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი სამუშაოდ. მეგობარი დამეხმარა. იქაური ყოფა ცალკე თემაა, რა გადავიტანე, რომ ფული მეშოვა და ოჯახს დავხმარებოდი.

წელებზე ფეხს ვიდგამდი, იმდენს ვმუშაობდი. მთელ ფულს ჩემებს ვუგზავნიდი.

– რამდენ ხანს იყავით ემიგრაციაში?

– 14 წელი. ფაქტობრივად მთელი ახალგაზრდობა იქ გავატარე, მძიმე შრომაში. ჯანმრთელობაც შემელახა, თუმცა კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ჩემებს ვეხიდებოდი. ამასობაში ბაკურმა ბინა შეიძინა. ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს, ზოგმა უმაღლესიც. ცხოვრებაც მეტნაკლებად დალაგდა ჩვენს ქვეყანაში.

ყველაზე ცუდი, რაც მოხდა, იყო ის, რომ მამა გარდამეცვალა და დაკრძალვას ვერც ჩამოვუსწარი. ვერ აგიწერთ, რა გადავიტანე.

– ამ ხნის განმავლობაში ბაკურის ცხოვრებაც შეიცვალა?

– მზიას გაშორდა და შეირთო ელენე. რძლებისგან ვიგებდი ამბებს. ისეთ რაღაცებს მიყვებოდნენ ბაკურზე, შოკში ვიყავი. ჩემს ძმას ელენე შეუყვარდა, მის გამო ცოლს გაეყარა და ახალ ბინაში ერთად გადავიდნენ. ცოლ-შვილს ცალკე მოუწყო ბინა, მაგრამ მზიას წასვლა არ უნდოდა. დედაჩემმა ამ ყველაფრის გამო ძალიან ინერვიულა, რძალი და შვილიშვილი არ გაუშვა, თავისთან დაიტოვა.

კვლავ ყველა ერთად ცხოვრობდა, მხოლოდ ბაკური იყო ცალკე. რა შთაბეჭილება შემექმნებოდა ელენეზე, რომელმაც, როგორც ვიცოდი, ცოლს ქმარი წაართვა და ბავშვს – მამა? ცხადია, ცუდს ვფიქრობდი. მეგონა, დროებითი გატაცება იყო, ბაკური გონს მოეგებოდა და ოჯახს დაუბრუნდებოდა. მარინე მიყვებოდა, რა საშინელი, ავი დედაკაცი, ურცხვი მტაცებელი იყო ის ელენე. მეც ვიჯერებდი.

– თუკი ოჯახი ელენეს გამო დაინგრა, ბუნებრივია, არ გექნებოდათ კარგი წარმოდგენა მასზე.

– სინამდვილეში ოჯახი დაინგრა არა ელენეს გამო, არამედ იმიტომ, რომ ბაკურს აღარ შეეძლო ცოლთან ცხოვრება, მათი ოჯახი უკვე დანგრეული იყო. კიდევ კარგი, შეხვდა ელენე და არა ვიღაც სხვა… სინამდვილეში მისი სიყვარულით და თანადგომით ბაკური თავის თავს დაუბრუნდა. მე კი არ ვიცოდი ეს და ვლანძღავდი მას ტელეფონით, ბაკურთანაც გავლანძღე და პირადადაც – რამდენჯერმე.

რძლებმა წამაქეზეს, რომ ასე მოვქცეულიყავი.

– თქვენი ლანძღვის შედეგად ძმა არ განგიდგათ?

– ეწყინა და აღარ მეკონტაქტებოდა, მაგრამ იმედი მქონდა, მიხვდებოდა თავის “შეცდომას”. ამით გულს ვიკეთებდი.

– როდის მიხვდით, რომ ცდებოდით?

– დედაჩემი გახდა შეუძლოდ, ლოგინად ჩავარდა. მისგან ნაფოფინებმა რძლებმა, მარინემ და მზიამ, ყურადღება არ მიაქციეს. სპეციალური კვება სჭირდებოდა, მაგრამ საჭმელს არ უკეთებდნენ, ნარჩენებს აძლევდნენ. კობა ვერ ხედავდა, სულ გარეთ იყო, დედაც გულს არ უხეთქავდა შვილს, არ შესჩიოდა.

ცუდად ვამბობ, მაგრამ ასეა – რძლები ალბათ ფიქრობდნენ, დროზე “ჩაძაღლებულიყო” უუნარო დედამთილი, რომ ტვირთი მოეცილებინათ. არადა, მარინეს რომ დედა ცუდად ჰყავდა, ყველა თავს ვევლებოდით.

არ ვამადლი. იმის თქმა მინდა, რომ ასე “დაგვიფასა”. თურმე რძლებს დედამთილი სძულებიათ.

– რატომ შეიძულებდნენ?

– დედას კონტაქტი ჰქონდა ბაკურთან, ურეკავდა, მოიკითხავდა ხოლმე. რაც უნდა ყოფილიყო, ხომ არ გადააგდებდა შვილს, გული ეწვოდა მის გამო. ალბათ ეს ვერ აპატიეს. კობაც ეკონტაქტებოდა ძმას, მაგრამ მას ვერ გაუბედავდნენ. დედაჩემზე კი შური იძიეს. რამდენიმე თვის შემდეგ შევძელი ჩამოსვლა. ამასობაში ბაკურს წაუყვანია თავისთან და ელენე უვლიდა. ქალი მოასულიერა, გამოაცოცხლა.

ჩემს სახლში დავბრუნდი, მაგრამ რძლებმა მეც მომდეს შარი, ბაკურთან რა გინდოდაო. არც ესიამოვნათ, რომ დავბრუნდი, ჩემი გამოგზავნილი ფულით ხელს ითბობდნენ, დედაჩემს კი მშიერს ტოვებდნენ. გული მწყდება, მთელ შემოსავალს რომ ვახმარდი. ჩემთვის გადამენახა, რომ ბინა ამეშენებინა მაინც. ვერც ძმისშვილებისგან ვგრძნობ დაფასებას.

ახლა ბაკურთან ვცხოვრობ, მაგრამ როდემდე ვიქნები აქ? ელენეს თვალებში ვერ ვუყურებ. ის კი ისეთი ღვთისნიერია, თავს მევლება. ალბათ წავალ ისევ უცხოეთში, თუმცა ჯანმრთელობაც აღარ მიწყობს ხელს.

 ნანა კობახიძე, სარკე