ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა”

ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა"ცნობილი პოლიტიკოსის, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილის მეორე ნახევარმა, ბელა ალანიამ, საკუთარი გამოცდილებით, იცის, რა სჭირდება მამაკაცს და როგორ შეინარჩუნოს ქალმა ოჯახი ისე, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობას ჩირქი არ მოეცხოს, თუმცა, სანამ ამ სიბრძნეს დაეუფლებოდა, ბევრ სიძნელესა და პრობლემასთან მოუხდა შეჭიდება გარეთაც და საკუთარ თავშიც.

ბელა ალანიასა და შალვა ნათელაშვილის ცოლქმრობა 25 წელს ითვლის. ორი შვილი ჰყავთ – ბექა და დაკო.

— ქალბატონო ბელა, სიყვარული მოულოდნელად მოდის თუ ურთიერთობას მოაქვს?

– მე და ჩემი მეუღლე მართლაც შემთხვევით შევხვდით და ჩვენი სიყვარულიც ერთი ნახვით დაიწყო. 17 წლის ვიყავი. მოსკოვში ვცხოვრობდით. იმ პერიოდში იქ დაიჭირეს ერთი ძალიან კარგი და ნიჭიერი ბიჭი, რომელიც ჟურნალისტიკაზე სწავლობდა და ჩემი ოჯახის ახლობელი იყო. შალვას მაშინ პროკურატურაში არასრულწლოვანთა საქმეები ებარა. ამ საქმეზე ჩამოვიდა მოსკოვში და ჩვენთან სტუმრად მოვიდა, რადგან იმ ბიჭის ახლობლები ჩვენთან ცხოვრობდნენ.

ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა"შალვა რომ ჩამოვიდა, აეროპორტიდან დაგვირეკა და მე წავედი შესახვედრად, რადგან ჩვენი კორპუსი ჩიხში იყო და მოგნება ჭირდა. გაჩერებასთან დავთქვით შეხვედრა. როგორც კი მივედი, სიმპათიური, მაღალი და თვალშიმოსახვედრი ახალგაზრდა დავინახე. ასე რომ, მოსკოვში, ოქტომბრის პროსპექტის ერთ-ერთ გაჩერებაზე გავიცანით ერთმანეთი, თან იმ დღეს შალვას დაბადების დღე იყო – 17 თებერვალი.

წლები რომ გავიდა და შევუთამამდით ერთმანეთს, მითხრა, რომ მისი დაბადების დღის საჩუქარი ვიყავი. პატარა გოგო გახლდით და ალბათ ადვილიც იყო ჩემი მოხიბვლა.

— თქვენ თუ იღონეთ რამე ამ სიმპათიური ბიჭის მოსახიბლად?

– განსაკუთრებული რეცეპტები არც ვიცოდი და არც მქონია. უბრალოდ, ჩემი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, არ ვახსენებდი თავს, თუმცა განვიცდიდი, რომ არ ჩანდა, ველოდებოდი…

მოსკოვში მეზობელი რუსი გოგო იყო ჩემი მეგობარი. როცა უნივერსიტეტში ან სადმე სხვაგან მივდიოდი, სახლის ტელეფონს მას ვუტოვებდი. გრძელი შემაერთებელი ჰქონდა და ფანჯრიდან ვაწვდიდი, რომ ჩემს არყოფნაში ეპასუხა, გამეგო, შალვამ დამირეკა თუ არა.

სახლში გულის ფანცქალით ვბრუნდებოდი, შალვას თუ დარეკილი ჰქონდა, ისეთი თვალებით მხვდებოდა, აღარაფრის თქმა იყო საჭირო, თუ – არა, მეტყოდა, მოდი, მე და შენ ჩაი დავლიოთ, იცი, რა კარგი მურაბა მაქვსო. მურაბა ჩემთვის დღემდე ასოცირდება პრობლემისა და განცდების დაძლევის საშუალებასთან. ტკბილად მახსენდება ეს მურაბიანი ღამეები.

მინდოდა, შალვას ყოველდღე დაერეკა. თავშეკავებული იყო და ეს მომწონდა კიდეც. მასაც მოსწონდა ჩემი თავშეკავება და ეს ჩვენი თავშეკავება იმდენად გაიწელა, რომ გაცნობიდან თითქმის 9 წლის მერე დავქორწინდით. ბოლოს უკვე აღარც მჯეროდა, რომ ერთად ვიქნებოდით.

— ალბათ სხვა ხელისშემშლელი პირობებიც იყო.

– დიახ, რადგან თბილისში ბინა ჰქონდა მოსაწყობი და სხვა ყოფითი რაღაცებიც გვიშლიდა ხელს. სანამ ბინა მისცეს პროკურატურიდან, სანამ მოაწყო… შალვას არც დედა ჰყავდა, არც მამა. ალბათ ფიქრობდა, როგორ შეძლებდა ოჯახის რჩენას და ა.შ.

— ცოტა ხნის წინ ფეისბუქპოსტი მიუძღვენით ქმარს, სადაც სთხოვეთ, დიდხანს იცოცხლე ჩემთვისო. როგორი იყო თქვენი თანაცხოვრების წლები აქამდე?

– ჩვენი ცხოვრება ისეთი არ ყოფილა, კარაქზე რომ თაფლს გადაუსვამ. სირთულეების გადალახვა, რაც თუნდაც პოლიტიკას მოაქვს, ნებისყოფას და გრძნობებს საჭიროებს, თორემ, გრძნობა რომ არ იყოს, რთული იქნება ყველაფერთან გამკლავება.

ცოლ-ქმრის ურთიერთობებშიც არის ეტაპები. მუდმივი წინააღმდეგობის რეჟიმში ვცხოვრობდით, რადგან შალვა სულ ოპოზიციაში იყო. როცა მას გავყევი, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო. უძილოდ ატარებდა ღამეებს, ბევრს განიცდიდა. ეკონომისტი ვიყავი და გვერდით ვერ ვედექი საქმეში, ამიტომ მისი სიყვარულით იურიდიულიც დავამთავრე. მინდოდა, ბევრი საერთო ინტერესი გვქონოდა.

ბუნებით აქტიური ვარ და, შვილების გაზრდის გარდა, მინდოდა, საკუთარი თავის რეალიზებაც მომეხდინა. ორმაგად საინტერესო იყო ჩემთვის ამ სპეციალობის შესწავლა. თვითონაც უხაროდა შალვას სუფთა მორალური თვალსაზრისით.

ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა"— ანუ მიიჩნევთ, რომ საერთო ინტერესები, პროფესიული თანხვედრა მნიშვნელოვანია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში?

– ორი ადამიანის “მე შენ მიყვარხარ” არ არის საკმარისი. სიყვარული ამხელა ენერგიაა, ამხელა დადებითი მუხტი და თითქოს ამაზე მეტი რა უნდა იყოს ორ ადამიანს შორის, მაგრამ ბევრს ნიშნავს საერთო ინტერესები, თემები, რომლებზეც მათ მუდმივად მსჯელობა შეუძლიათ, თორემ ეს სიყვარული ხომ რაღაცაზე უნდა იდგეს? ნიადაგი არ უნდა შემოეცვითოს გრძნობებს.

— და სხვასთან არ გაიქცეს ქმარი?

– არც ეს გაქცევაა პრობლემა… შეიძლება აზიატად ჩამთვალოთ და გაიცინოთ, მაგრამ ფიზიკური შეხება ვინმესთან ბევრს არაფერს ნიშნავს. შალვასგან ასეთი რამ ისედაც გამორიცხულია, მაგრამ უცაბედი ვნება, რომელსაც გრძნობასთან კავშირი არ აქვს, არაფერს ნიშნავს. ეს ვნება ისე მალე გაქრება, მისგან არაფერი დარჩება. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს მე არ შევეგუებოდი, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ.

სიყვარული სხვა სიმაღლე, სიბრტყე და განზომილებაა – რომ იღვიძებ და იძინებ მისით, სულ მასზე ზრუნავ, ფიქრით მაინც მასთან ხარ, თუ ფიზიკურად ვერ ეხები ყოველ წუთს.

— ეჭვიანობის მომენტები არ გქონიათ?

– როგორ არ მქონია, მაგრამ უსაფუძვლო იყო, ახალგაზრდობით მომდიოდა.

— როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ქმარი ღალატობს?

– ეს ისეთი ცუდი გრძნობაა, ისე განადგურებს და გამცირებს, რომ… ყველაფერი ირევა, შემოდის სიძულვილი და უნდობლობა, აკვიატებული ფიქრები და განგრევს. ალბათ ბევრი მამაკაცი იძლევა ამის საფუძველს.

იყო მომენტები, როცა ვეჭვიანობდი. ასეთ დროს მთავარია, თვითშეფასება არ გქონდეს დაბალი და შენი თავის გჯეროდეს. არ მინდოდა, მეღიარებინა, რომ ვეჭვიანობდი. ვცდილობდი, ეს დამეფარა და ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი. თუ ამის დამალვა შეგიძლია, მაშინ ალბათ ძალიან ძლიერი ქალი ხარ.

ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა"მკაცრი რეაქციები არ მქონია, მხოლოდ მე ვიტანჯებოდი. შინაგანად ვჭამდი და ვღრღნიდი ჩემს თავს, ეჭვით ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ეს – პირველ ხანებში, თორემ მერე, ვისაც უნდა ეთქვა რამე, არაფერს დავიჯერებდი. შალვა იმდენად ნათელია, იმდენად სუფთაა, რომ წარმოუდგენელია, მასზე  მსგავსი რამ გაიფიქრო. ძალიან გულწრფელია, თუმცა თავის მამაკაცურ ღირსებებსაც ინახავს თავისთვის და ქალსაც უნახავს თავის ღირსებას.

— რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდით თქვენს ურთიერთობაში, თანაცხოვრებაში?

– არ მენდომებოდა, შალვა პოლიტიკაში ყოფილიყო, რადგან ამან ბევრი ტკივილი მომიტანა. ბევრი სიცრუე და საზიზღარი რაღაცების ატანა, მოსმენა და მოთმენა დამჭირდა.

ვიღაც 25 წლის სენაკელი ბელა ალანია და 75 წლის შალვა ნათელაშვილი იპოვეს, მათი იპოთეკური ხელშეკრულებები ამოიღეს და ჩვენ გვაბრალებდნენ. პროკურატურაშიც შევიტანეთ ამის გამო სარჩელი, მაგრამ… ყველამ იცოდა, რომ პირადობის ნომერი სხვა ჰქონდათ და მხოლოდ ჩვენს გვარებსა და სახელებს ატარებდნენ, მაგრამ საარჩევნოდ მილიონი გაზეთი დაბეჭდეს და ამ იპოთეკური ხელშეკრულების ასლები ქუჩა-ქუჩა ატარეს.

იმ ბატონმა შალვა ნათელაშვილმა ჩვენი პარტიის ოფისში ბრიფინგი მოაწყო. იმ ბელა ალანიამაც ინტერვიუები მისცა, მაგრამ ეს უკვე აღარავის აინტერესებდა. ხომ იცით პიარის როლი? მთავარია, დაგაბრალონ და მერე რამდენიც გინდა, იმართლე თავი.

— ასეთი ამბები ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ახდენდა გავლენას?

ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა"– პირიქით, ერთი გუნდი ვხდებოდით, მაგრამ სტრესთან ხომ იყო დაკავშირებული? შალვა კარის ზღურბლს გადმოაბიჯებს თუ არა, მაშინვე ვხვდები, როგორი დღე ჰქონდა, მაგრამ ოჯახში ის განწყობა არ შემოაქვს და არც ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომლებიც გამაღიზიანებელია ჩვენთვის. ამით ვიცავთ თავს უარყოფითი ენერგიისგან.

— ყოფილა მომენტი, თუნდაც წამიერი, როცა ქმართან გაშორება გაგივლიათ გულში?

– კი, მიფიქრია. წავკინკლავებულვართ რაღაცაზე და ეს ის მომენტია, როცა მას ჰგონია, რომ ის არის მართალი და შენ – პირიქით. სიმძიმე და დაძაბულობა რომაა ოჯახში, ორივე დუმს… ასეთ დროს გამივლია გულში, გავშორდე-მეთქი, მაგრამ მეორე წუთში რომ წარმოვიდგენდი მის გარეშე ცხოვრებას, მაშინვე ვურიგდებოდი.

— ანუ პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ თქვენ დგამთ?

– კი, ყოველთვის მე ვდგამ. თვითონ უდრეკად დგას ხოლმე.

— გაბუტული ზის?

– გაიბუტება, მოვა, წავა და ხმას არ იღებს. იმ დღეს არც საჭმელს ჭამს. იმ დღეს სახლში ვახშამს არც ვაკეთებ, ვიცი მისი მთიულური ხასიათი. ასეთ დროს აზრი არ აქვს კერძის მომზადებას, არ შეჭამს. მე ორდღიანი გაბუტვა არ შემიძლია და მეორე დღეს ვურიგდები. იცით, კარგი თვისება რა აქვს? მე დავიწყებ რაღაც თემაზე ლაპარაკს, ვითომ არაფერი მომხდარა. შალვასაც შეუძლია ისე ამყვეს, ვითომ არაფერი მომხდარა.

— რაიმე თქვენს ნაბიჯს ხომ არ აპროტესტებს?

– ბოლო დროს მიწევს საღამოებზე სიარული ჩემი ახალი საქმიანობიდან გამომდინარე. უნდა, მეტწილად სახლში და მასთან ვიყო. ეს ბუნებრივია. ყველა ქმარს ასე უნდა ალბათ და არც გასაბრაზებელია.

— წერას და წიგნების გამოცემას გულისხმობთ? რას გეუბნებათ, ნუ წერო?

– ველად ხარ გაჭრილი და ლექსს დასდევო. რა ვქნა, ყველა ცდილობს, თავისი ადგილი იპოვოს. მე მკითხველი გამიჩნდა და მგონია, მართლა ვიპოვე ჩემი ადგილი.

ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა"— კითხულობს თქვენს ნაწერებს?

– კითხულობს და მეუბნება კიდეც, ეს კარგია, იქ რაღაც ჩაასწორეო. მანამდე ჩემგან დიდ ყურადღებას იყო მიჩვეული. თუ მე მეწერება, შალვა კი არა, ვერავინ შეაჩერებს! ეს ნიაღვარი წამლეკავია და მეც ვერ შევაჩერებ.

— მასაც ხომ უძღვნით ხოლმე ლექსებს?

– დიახ, მაგრამ ყველაფერი მას არ ეძღვნება, თორემ მე მაშინ შემოქმედი აღარ ვიქნები. შემოქმედი უნდა გასცდეს თავის პირად ცხოვრებას. მხოლოდ პირადი ცხოვრებიდან დანახული პროზა და პოეზია არ არის საინტერესო. ჩემი წარმოსახვითი სამყარო მაქვს, წერის დროს მეც არ მჯერა ხოლმე ბევრი რამის, მაგრამ ვწერ. ყველა მოთხრობის პერსონაჟი ხომ ჩემი ქმარი ვერ იქნება ან ყველა ლექსის მუზა?

— გახსოვთ ის პერიოდი, როცა ბატონ შალვას სერიოზული გულის ოპერაცია დასჭირდა? წუწუნა გახდა მაშინ?

– იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა. დღეს ცხოვრობს სპორტულად, არ ეწევა, ვარჯიშობს… ბედნიერი ვარ, რომ სძლია შიში, ახლა სრულიად ჯანმრთელია.

იყო შიშები, განცდები, ტკივილი. რამდენად კარგი ცოლი ვიყავი, ისიც არ ვიცი. ისეთი სტრესი მივიღეთ მაშინ და ისე დამღასავით მაქვს… სულ ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა. თან მამხნევებდა და მე უფლება არ მქონდა, სუსტი ვყოფილიყავი. ხანდახან ღრიალი მინდოდა, ვერ ვიჯერებდი, რომ 49 წლის ადამიანს ასეთი რამ დაემართა.

— თქვენი გამოცდილებით, ქალი რაში უნდა იყოს სუსტი და რაში – ძლიერი?

– რუსები იტყვიან ხოლმე, ქალი სახლში უნდა იყოს დიასახლისი, ქუჩაში – კდემამოსილი, საწოლში – საყვარელი, ურთიერთობაში – მეგობარიო.

— გამოგდით ასე ცხოვრება?

– ვცდილობ. ვცდილობ იმასაც, რომ დედამიწაზე ჩემი არსებობით არავინ შევაწუხო. ვცდილობ, ჩემი ფეხის ნაბიჯებით ვიღაცას ძილი არ დავუფრთხო და ცხოვრება არ გავუფუჭო. კეთილი უნდა იყო ადამიანი. სიკეთისა და სიყვარულის იქით ყველაფერი ნულდება. როცა წლები გემატება, ბევრი რამის გადაფასებას ახდენ. ახლახან დავწერე – “ჩემი სულის სიმაღლეზე უნდა ამოხვიდე, რომ ჩემს სულში ჩაიხედო”. ..

ბელა ალანია: ,,პოლიტიკამ ბევრი ტკივილი მომიტანა"50 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ რაღაც შემეცვალა ჩემში და ფორმაში ვყოფილიყავი. ადრე თითქოს ამაზე არ ვფიქრობდი და სულ მეგონა, იოლად გავდიოდი, არა მიშავდა. ბოლო დროს განსაკუთრებულად დავიწყე ფიქრი ჩემს გარეგნობაზე. არ მინდა, წლებმა მაჯობოს. მინდა, მეტად ვიყო თავდაჯერებული ჩემს თავში.

— რას აკეთებთ ამისთვის?

– ვარჯიში დავიწყე. ადრე მეზარებოდა, მაგრამ ახლა არ მეზარება.

— ამბობენ, ნამდვილ მამაკაცებს ბედნიერი ცოლები ჰყავთ და დანარჩენებს – ძლიერებიო. ეთანხმებით?

– მე ბედნიერიც ვარ და ძლიერიც. ძლიერი ვარ ჩემი სისუსტით და ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. აწი უკვე რაღა უნდა შეიცვალოს, მაგრამ რომ გადავახვიოთ ეს ცხოვრება 25 წლით უკან და ვინმემ მკითხოს, შალვას გავყვებოდი თუ არა და ასე ვიცხოვრებდი თუ არა, დაუფიქრებლად ვეტყოდი: “დიახ”. შალვა იქნებოდა ის ადამიანი, ვისაც ცხოვრებას დავუკავშირებდი და მხოლოდ იმ პირობას წავუყენებდი, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკაში.

— რას ურჩევდით თქვენს ქალიშვილს, როგორც ქალი?

– არ მივცემდი არავითარ რჩევას. ჩემი შვილები ცხოვრობენ ოჯახში და ჩვენს პირად მაგალითზე ყველაფერს ხედავენ. საკმაოდ ჭკვიანები არიან, რომ შეაფასონ. იმდენად კარგი შვილები მყავს, თუ ღვთიური სამართალი არსებობს, ისინი აუცილებლად ბედნიერები უნდა იყვნენ.

რუსუდან ადვაძე, სარკე