,,ავარიამ დედისერთა ბავშვი შეიწირა, გერმანიიდან ბებიასთან წინა დღეს ჩამოვიდა” – 11 წლის მარიამი ხონში ცხოვრებაზე ოცნებობდა

,,ავარიამ დედისერთა ბავშვი შეიწირა, გერმანიიდან ბებიასთან წინა დღეს ჩამოვიდა" - 11 წლის მარიამი ხონში ცხოვრებაზე ოცნებობდა24 დეკემბერს ტრაგედია დატრიალდა ღანირი-ქვიტირის გზაზე, სადაც  ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მარიამის სიცოცხლე ემსხვერპლა. ,,კვირის პალიტრას” გოგონას ახლობელმა უამბო:

– ამ უბედურებამ დედისერთა, ნანატრი შვილი შეიწირა. ბავშვი გერმანიაში ცხოვრობდა და დედასთან ერთად, საახალწლოდ ბებიასთან სტუმრად წინა დღის ჩამოსული იყო. ბავშვი გერმანიის მოქალაქე იყო. დედამისი, ლალი ჩიხლაძე ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ხონიდან წავიდა გერმანიაში. იქ ჯერ მუშაობდა, შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლა და ბოლოს დაოჯახდა კიდეც. მაგრამ სამშობლოს გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა, მარიამიც ხშირად ჩამოჰყავდა ბებიასთან, – ბავშვიც, რაც იზრდებოდა, მით უფრო მოიწევდა საქართველოსკენ,
გიჟდებოდა დედულეთზე. ამბობდა, რომ გავიზრდები, აუცილებლად აქ, ხონში უნდა დავბრუნდე და ვიცხოვროო. ასე, საბედისწეროდ აუსრულდა ეს ნათქვამი, ამ უბედურებამ სამუდამოდ დატოვა დედულეთში.

ახალი შებინდებული იყო ეს უბედურება რომ მოხდა. ბავშვი ამ დროს, სახლის მოპირდაპირე მხარეს, მეზობელთან იყო და შინ რომ მისულიყო, ტრასა უნდა გადაეჭრა. ასეთ დროს ამ გზაზე დიდი მოძრაობა არ არის. თანაც, მარიამი გერმანიაში, მოწესრიგებულ ქვეყანაში იყო გაზრდილი და რას წარმოიდგენდა, რომ მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, მანქანა იმ სისწრაფით იმოძრავებდა, რომ დამუხრუჭებასაც ვერ შეძლებდა.. აღმოჩნდა, რომ მძღოლი  სამხედრო პირი ყოფილა, – ქვეითი ბრიგადის სერჟანტი.

თავდაცვის სამინისტრომ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ბავშვი დაიღუპა, განცხადება გაავრცელა.

“VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – უკვე გამოკითხულია მძღოლი და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიებას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კვირის პალიტრა