“ახ ტურფავ, ტურფავ” შეყვარებულს მივუძღვენი” – თორნიკე ტურაბელიძემ შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალზე მეორე ადგილი აიღო

"ახ ტურფავ, ტურფავ” შეყვარებულს მივუძღვენი" - თორნიკე ტურაბელიძემ შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალზე მეორე ადგილი აიღოპოლონეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან 130-ზე მეტი მომღერალი მონაწილეობდა, 19 წლის თორნიკე ტურაბელიძე მეორე ადგილზე გავიდა. მან მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე ქართული სიმღერა “ახ, ტურფავ, ტურფავ” შეასრულა და ხუთკაციანი უმკაცრესი ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია.

თორნიკესთვის სიმღერა ჰობია, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. პროფესიით კი ჟურნალისტია. ბევრი მიზანი აქვს და მათკენ ნელ-ნელა მიიწევს.

– თორნიკე, მოგვიყევით საერთშორისო ფესტივალზე, რომლის მონაწილეც იყავით.

– პოლონეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ეს კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობენ.

წლევანდელ კონკურსში 130-ზე მეტმა შშმ მომღერალმა სცადა ბედი. კონკურსს საერთაშორისო ორგანიზაცია “ომნიბუსი” ატარებს. მხოლოდ შშმ პირებისთვის ტარდება და სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული შშმ პირების აღმოჩენას ემსახურება. მე მეორე ადგილზე გავედი, თუმცა თითქმის ყველა მონაწილე საუკეთესო იყო.

– პირველი ადგილი რომელი ქვეყანის წარმომადგენელმა დაიკავა?

– პირველ ადგილზე გავიდა პოლონეთი, მესამეზე – რუსეთი. სულ 10-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. ძალიან თბილ გარემოში მოვხვდი. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი. ერთმანეთს ვამხნევებდით და სულაც არ მქონია იმის შეგრძნება, რომ ჩემი კონკურენტები იყვნენ. რუსეთის წარმომადგენელსაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან.

– უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, რას გრძნობდით სცენაზე, სიმღერას რა ემოციებით მღეროდით, ჟიურის შეფასება როგორი იყო.

– მე შევასრულე სიმღერა “ახ, ტურფავ, ტურფავ”. რადგან სიმღერა არის ემოციური, ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა ჩემთვის და ხუთკაციანი ჟიურის აღფრთოვანებაც გამოიწვია. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, რომ ეს სიმღერა ჩემს შეყვარებულს მივუძღვენი.

ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ნერვიულობა სცენაზე გასვლისთანავე გაქრა. აპლოდისმენტები, ბევრი ღიმილიანი სახე და კმაყოფილი ჟიური – ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

– შეყვარებული გყოლიათ. მოგვიყევით მასზე. იცოდა, რომ ფესტივალში მონაწილეობდით?

– როცა გავიგე ამ კონკურსის შესახებ, პირველს შეყვარებულს ვუთხარი. ის უკრაინაში რამდენიმე თვის წინ გავიცანი იმ დროს, როდესაც სხვა კონკურსში ვმონაწილეობდი. ისიც მომღერალია და უკრაინის სახელით იყო ჩართული.

ძალიან გაუხარდა, რომ ვუთხარი, კიდევ ერთ ფესტივალში ვაპირებდი გასვლას. წარმატებები მისურვა და მგულშემატკივრობდა.

– კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ, რისი თქმა გსურდათ ამით?

– შშმ პირებს გვინდა, ყველას დავუმტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ ყველაფერში.

– საქართველოსა და ჩვენს რეალობას დავუბრუნდეთ. როგორ ხელშეწყობას, დამოკიდებულებას გრძნობთ შშმ პირები საქართველოში გარშემომყოფებისგან, ხედისუფლებისგან?

– წინა წლებთან შედერებით ბევრად გაუმჯობესებულია ჩვენთვის ხელსაყრელი გარემო პირობები, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომლებზეც ბევრი სამუშაო გვაქვს. განსაკუთრებით ეტლით გადადგილება მიჭირს, რადგან ქალაქის უმრავლეს ქუჩებში შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამის მიუხედავად, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომელმაც უზრუნველყო პოლონეთში ჩემი გამგზავრების ხარჯები.

– როგორც ვიცი, სიმღერა თქვენი ჰობია, მუშაობით კი პრესაში მუშაობთ. ჟურნალისტიკაში იპოვეთ თქვენი თავი?

– სიმღერის გარდა ვმუშაობ ჟურნალ “განსაკუთრებულ ჟურნალში”, რომლის დამაარსებელიც გახლავთ ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. ის მახლდა ფესტივალზე, მამხნევებდა და ყველანაირად გვერდში მედგა. სწორედ მისგან შევიტყვე ამ კონკურსის შესახებ. ჩემი ჟურნალისტად ჩამოყალიბებაც მისი დამსახურებაა.

ჩემ გარდა, მას მრავალი შშმ პირი ჰყავს დასაქმებული თავის ჟურნალში და არამარტო შშმ. ჟურნალისტობას ადვილად ავუღე ალღო, კარგი მოსაუბრე ვარ, რაც ჩვენს პროფესიაში ერთ-ერთი უპირველესია. მიყვარს ჩემი საქმე და მინდა, ყველას სტიმული მივცე ჩემი წარმატებით.

– ძირითადად რაზე წერთ თქვენს პუბლიკაციებში?

– ვწერ ცნობილ ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე. ასევე განსაკუთრებით მიყვარს სტატიების მომზადება სასულიერო პირებზე.

– მომავალში კიდევ ხომ არ გეგმავთ რაიმე კონკურსში გასვლას?

– ჩემი გეგმები ისევ პოლონეთს უკავშირდება. კონკურსზე ჩემი ნამღერი იმდენად მოეწონათ, რომ შემოთავაზებები მივიღე. ხალხის დიდი იმედი მაქვს, ვიცი, ჩემი ქვეყანა გვერდით დამიდგება, მხარს დამიჭერს და გამამხნევებს. მე კი მაქსიმალურად ვეცდები, ისევ გავიმარჯვო ხალხის სიყვარულით.

– მთავარი გამარჯვება კი ის არის, რომ ასეთი ძლიერი ხართ. როგორ მიაღწიეთ ამას, როგორ გადალახეთ სირთულეები?

– დაბადებიდან მაქვს ცერებრალური დამბლა. ბავშვობაში ჩემს თავში ჩაკეტილი ვიყავი, მხოლოდ ნათესავებს ვეკონტაქტებოდი. არც მეგობრების შეძენის სურვილი მქონდა, გარეთაც ვერ გავდიოდი, რადგან წლების წინ ეტლში მჯდომ ადამიანს ისე უყურებდნენ, როგორც საცოდავს. საზოგადოების ასეთი მზერა დისკომფორტს მიქმნიდა, ამიტომ ვამჯობინებდი სახლში ჯდომას.

გავიდა წლები, გავიზარდე და ვისწავლე, რომ არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო, რომ სხვას მაგალითი მისცე. დედაჩემის და ჩემი მეგობრების მხარდაჭერა რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდი. მინდა, რომ ეტლით მოსარგებლე უფრო მეტი და მეტი ადამიანი გამოვიდეს გარეთ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე