11 წლის გოგომ მეგობრებს ვიდეო გაუგზავნა, სადაც თვითდაზიანებას იყენებს – სასიკვდილო თამაშების მსხვერპლი

11 წლის გოგომ მეგობრებს ვიდეო გაუგზავნა, სადაც თვითდაზიანებას იყენებს - სასიკვდილო თამაშების მსხვერპლისამწუხაროდ, სასიკვდილო ინტერნეტთამაშები ისევ ითრევს მოზარდებს, ისევ დიდი საფრთხე არსებობს იმის, რომ ბავშვები მათ მსხვერპლად იქცნენ. ერთადერთი, რაც ამ კოშმარს დაამარცხებს, მეტი ინფორმაციაა.

ცოტა ხნის წინ ჟურნალ ,,სარკეს” ერთ-ერთი ქალბატონი თავისი შვილის ისტორიას უამბობდა, რომელიც სასიკვდილო ინტერნეტთამაშის ,,ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი აღმოჩნდა და მე-13 სართულიდან გადახტა. გარდაცვლილი ბავშვის დედა ყველა მოზარდს მოუწოდებს, თუკი უკვე ამ ხაფანგში არიან მოქცეულები, მუქარის არ შეეშინდეთ. თამაშის მოდერატორები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ მონაწილეებზე ყველაფერი იციან და მათი ოჯახის წევრებს გაუსწორდებიან, თუკი მათ დავალებებს არ შეასრულებენ. სინამდვილეში მოდერატორებს არაფერი შეუძლიათ და უბრალოდ მანიპულირებენ მათზე. ბევრმა მოზარდმა ჩვეულებრივად დაანება თავი და არავის არაფერი დამართნია.

რადიო ,,ფორტუნა” ერთი თვის წინ კიდევ ერთ საშიშ თამაშზე წერდა, რომლის მსხვერპლიც 11 წლის გოგონა აღმოჩნდა.

რადიო „ფორტუნამ” სასიკვდილო ინტერნეტთამაშის ამსახველ ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს, მე-6 კლასის მოსწავლე (ვინაობა სპეციალურად არ სახელდება) როგორ ცდილობს მაკრატლის საშუალებით თვითდაზიანების მიყენებას.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 წლის გოგონამ ვიდეო თავის სამ თანაკლასელს ჩატში გაუგზავნა, შეშინებულმა ბავშვებმა ეს ვიდეო მშობლებს აჩვენეს. ერთ-ერთი მოსწავლის ოჯახის წევრის ინფორმაციით, თამაშში უკვე ჩართული მე-6 კლასელი გოგო დანარჩენებსაც სთავაზობდა სასიკვდილო ინტერნეტ თამაშში მონაწილეობას.

რადიო „ფორტუნა“ ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედას დაუკავშირდა. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა მომხდარის დეტალებზე უამბო.

-ეს ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა მაჩვენა. აღმოჩდა, რომ გოგონას, რომელიც მაკრატლით ხელს იჭრის, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი ჯგუფი, სადაც დამატებული ჰყავს 3-4 მეგობარი. სწორედ მათ გაუგზავნა გოგონამ ვიდეო. ბუნებრივია, ბავშვები ვიდეომ დაშოკა და სწორედ აქედან გავიგეთ მშობლებმა ეს ამბავი. ეს ყველაფერი გუშინდელ მშობელთა კრებაზე გავიგეთ. ამ სკოლაში ეს შემთხვევა პირველი არ არის.

-ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ არსებობს ჯგუფი, სადაც სკოლის მოსწავლეები არიან გაერთიანებული?
-მე ამის შესახებ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლაში ეს პირველი შემთხვევა არ არის. წინა ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა – მოსწავლეებმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულეს. ეს გოგონა, რომელიც კადრებში ჩანს, დღეს სკოლაში არ ყოფილა. იმ მშობლებისგან, ვინც გოგონას დედას ესაუბრნენ, ვიცი, რომ ეს 11 წლის ბავშვი სიგარეტს ეწევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა დედამისის თქმით, ეს მისი ოჯახისთვის პრობლემა არ არის. ოჯახში მაგაზე უფრო დიდი პრობლემები გვაქვსო.

კიდევ ისიც ვიცი, რომ ამ გოგონას რომელიღაც მასწავლებელთან საათნახევარი ულაპარაკია და სახლში როცა მივიდა, რომ ჰკითხეს მშობლებმა, ამას უთქვამს, მე არავისთან მილაპარაკიაო. როგორც მასწავლებელი ამბობს, ბავშვი საუბრობდა სახლში ოჯახური ძალადობის შესახებ – ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობ და არც აქ მინდა, არც დედასთან და თითქოს ოჯახში აქვს რაღაც სერიოზული პრობლემები. გუშინ ისიც ითქვა, რომ ეს ონლაინ თამაში არაფერ შუაშია და უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს ფაქტები, მთავარი კი ისაა, რომ ამ ბავშვს ოჯახში სერიოზული პრობლემები აქვს.
-შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს?
-კი, ბატონო, ეს ბავშვი არაადეკვატურია. რაღაც ფანტაზიები აქვს, სადღაც დაფრინავს და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს. სამწუხაროდ, ამ ბავშვს არ ვიცნობ პირადად, ვიდეოდან ვნახე პირველად იმიტომ, რომ ძალიან ცოტა ხანია, ამ სკოლასთან შეხება მაქვს. არც მის მშობლებს ვიცნობ.
-ბავშვის პრობლემების მოსაგვარებლად სკოლის ფსიქოლოგი ან სოცმუშაკი არ ჩართულა საქმეში?
-არ ვიცი, სამწუხაროდ. არც ის ვიცი, წინა ორი სუიციდის შემდეგ სკოლის ფსიქოლოგები ესაუბრნენ თუ არა ამ სკოლის სხვა მოსწავლეებს, – ყვება ერთ-ერთი მე-6 კლასელის დედა.

ასევე, რადიო „ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვიდეოში ასახული თვითდაზიანების მომენტი საშიში ინტერნეტთამაშის მე-10 საფეხურია, რომელსაც ავალებენ არასრულწლოვნებს. ხოლო 50-ე, ანუ ბოლო დავალება თვითმკვლელობაა.

ფორტუნას ინფორმაციით, ვაკის რაიონის ამ სკოლაში მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის (სკოლა შეგნებულად არ სახელდება), აქედან ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ერთი არასრულწოვანი კი, სუიციდის მცდელობის მიუხედავად, სასწაულით გადარჩა. დაუზუსტებელი ცნობით, გადარჩენილი ბავშვის მშობელი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა და ამ თემაზე კომენატარს ერიდება.

ფორტუნა.ჯი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/783619438667892/?t=40