,,ვყვიროდი­, მიმიშვით, დახმარებას აღმოვუჩენ-მეთქი, მაგრამ ცოცხალი აღარ იყო”

,,ვყვიროდი­, მიმიშვით, დახმარებას აღმოვუჩენ-მეთქი, მაგრამ ცოცხალი აღარ იყო"ძალიან ძნელია იმ ტრაგედიის დავიწყება, რაც 25 ოქტომბერს გორში დატრიალდა. 8 წლის ბავშვი, რომელიც ცეკვაზე მიდიოდა, მკვლელის ხელში აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე, რომელსაც ბავშვის მკვლელობაში ედება ბრალი.

პატარა ნანიკო სიცოცხლით სავსე გოგონა იყო. საუკეთესო მოსწავლე იყო, ლამაზ მომავალზე ოცნებობდა, მაგრამ… მას ,,კვირის პალიტრასთან” მეზობელი ასე იხსენებს:

 – ნა­ნი­კო­ ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, ჩვენთან­ დაჯდებოდა და თანატოლივით გველაპარაკებოდა. მეზობლებმა ნახეს, ბავშვმა როგორ ჩაიარა, შემდეგ პარალელური ქუჩა უნდა გაევლო. იქამდე რომ არ იყო მისული, მაღაზიის სათვალთვალო კამერებზე­ ჩანდა. ამიტომ ძირითადად ამ პატარა ქუჩებში ვეძებდით. კინოლოგებმა ძაღლი რომ მოიყვანეს, სუნი აიღო და ყველა ერთი მიმართულებით წავედით. უცებ ყვირილი ატყდა. ქალებიდან მე ვიყავი პირველი, იქ რომ მივედი. პოლიციელი ახლოს არ მიშვებდა, მაგრამ დავინახე, ბავშვი მოკუნტული­ იწვა, ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. მანამდე თურმე მეზობელმა ნახა ცხედარი და ცელოფანის პარკი მას გადაუხდია. ვყვიროდი­, მიმიშვით, დახმარებას აღმოვუჩენ-მეთქი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, ცოცხალი აღარ არისო. ურიკის ბორბლის ნაკვალევიც ეტყობოდა იმ ტერიტორიას…
ბავშვი დილით სკოლაში ხან მამას, ხან დედას,­ ხან ბიძას მიჰყავდა. კიდევ 3 თვის ჩვილი ჰყავთ და ცეკვაზე გოგონა მარტო მიდიოდა. ის ტერიტორია ყოველდღე უნდა გაევლო, ეტყობა, მკვლელს შემჩნეული ჰყავდა, სურათებიც გადაუღია მალულად. ეტყობა, იმ არაკაცმა რაღაცით შეიტყუა. ლიახვის ტერიტორია იმ დღეს მეზობლებმა რამდენჯერმე შემოვიარეთ და საეჭვო ვერაფერი ვნახეთ. ცხედარი შებინდებისას არის მიტანილი…
მკვლელობის მიზეზი არ ვიცით. გაუპატიურებული არ არისო, ეტყობა, მცდელობა ჰქონდა. რატომ გაიმეტა ასე სადისტურად ჩვენი საყვარელი გოგო? იმ მხეცმა როგორ გააუბედურა ახალგაზრდა მშობლები, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!
კვირის პალიტრა