ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებულ ნინოს საფლავში პოეტის სურათი ჩააყოლეს – სევდიანი სიყვარულის ამბავი

ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებულ ნინოს საფლავში პოეტის სურათი ჩააყოლეს - სევდიანი სიყვარულის ამბავინინო ჭინჭარაული საოცარ ისტორიას წერს, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებულ ქალს ეხება:

,,ბავშვობაში ეს საოცარი, ალბათ ბევრისთვის უცნობი ისტორია ამოვიკითხე ბებიაჩემის რვეულში. ბებო 80 წელს მიღწეული ქალია, რომელიც პოეზიით ცხოვრობს. აქვს თიანეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობისას თავისი ხელით შექმნილი ორი უძვირფასესი ალბომი-მირზა გელოვანზე და ქართველ დედებზე. ასევე აქვს სამი სქელტანიანი რვეული-ლექსებითა და საინტერესო ისტორიებით სავსე. ვის აღარ იცნობდა ახალგაზრდობაში; გალაკტიონს, გაბრიელ ჯაბუშანურს, რასულ გამზათოვს.. მ

ის რვეულში უამრავი უცნობი და საინტერესო ამბის ამოკითხვა შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია ეს ისტორიაც, რომელიც ამოვიწერე და ჩემი ბლოგის მკითხველისთვის აქაც გადმოვიტანე. სამწუხაროდ, არ ვიცი, ვისია ლექსი, რადგანაც მხოლოდ ავტორის ინიციალებია მიწერილი. გახსენებით კი, როგორც რვეულში ეწერა, ,,იხსენებს ნიკო სულხანიშვილის მეუღლე”.

ვაჟა-ფშაველაზე შეყვარებულ ნინოს საფლავში პოეტის სურათი ჩააყოლეს - სევდიანი სიყვარულის ამბავი,,ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა, ვაჟა ჰყვარებია. ვაჟას უთქვამს: თქვენ მთაში ვერ გაძლებთ, მე კი ბარადო.

როცა გარდაცვლილა ნინო, დებს საფლავში ვაჟას ფოტოსურათი ჩაუყოლებიათ.

,,მე ვაჟას მეტს არავის გავყვებიო”, – უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე.

როცა ქაშუეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს, თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღმოხდა.

მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს, ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში. ეს იყო ნინო, ამის შემდეგ დიდხანს აღარც უცოცხლია”.

არც ჩარგლულა დაგინახავს, არც ჩარგალის მთები,
ცრემლებსა და მოლოდინში გაგითეთრდა თმები,
განა მართლა, განა მართლა ვერ გაძლებდი ფშავში,
შენზე ნაზი ტირიფები ერწევიან ფშანში,
შენზე ნაზი პირიმზენი ქარაფებზე წვანან.
ნაზი ქალი ფშავის მთებში ვერ გაძლებდი განა?
რა ყოფილა სიყვარული, გულში ცეცხლად დარჩა,
სულ პატარა სიყვარული და უზომო ტანჯვა!
რა ყოფილა სიყვარული, გულში ჩარჩა თრთოლვით,
სულ პატარა გაზაფხული და უზომო თოვლი.
რა ყოფილა სიყვარული, რაღა დარჩა ბოლოს?
იმედები, იმედები, იმედები მხოლოდ!
დაუგვიდი ბანს და ერდოს, აუნთებდი კერას,
ყაისნაღით მოუქსოვდი წინდასა და პერანგს,
სტუმრისადმი შესახვედრად გააღებდი კარებს
და არაგვზე ჩაიყვანდდი იორღას და ხარებს.
გრძელ ღამეში ჭრაქის ნაცვლად აუნთებდი ბუხარს,
რა ყოფილა სიყვარული, ქალს გაქცევდა მუხად!
გულში არც კი გაგივლია მთის ცხოვრების შიში,
მასთან ერთად აიტანდი სიცივეს და შიმშილს.
დაუზრდიდი ობოლ ბალღებს, როგორც ღვიძლი დედა,
ჟინვალამდე ჩაჰყვებოდი შავჩოხიან მხედარს.
სიკვდილამდე არ ნახავდი მიტოვებულ თბილისს,
რა ყოფილა სიყვარული-იადონი დილის,
შეახვევდი ხინკლებს დიდრონს, როგორც თუშურ ქუდსა,
ღაჭაურას მუზარადში ჩაასხამდი ლუდსა,
სათიბს მაღლა აიტანდი, მერე სახნავს დაბლა,
ერთი კოცნა, ერთი კოცნა გაჰფანტავდა დაღლას!
გუთანს კვალში გაჰყვებოდი, აიქნევდი სახრეს,
რა ყოფილა სიყვარული, ვაი, რად ვერ ნახე.
არც ჩარგლულა დაგინახავს, არც ჩარგალის მთები,
ცრემლებსა და მოლოდინში გაგითეთრდა თმები.
სამარეში ცრემლთან ერთად ჩაგაყოლეს ბოლოს,
იმედები, იმედები, იმედები მხოლოდ..
განა მართლა, განა მართლა ვერ გაძლებდი ფშავში?
კლდეზე წვანან პირიმზენი, ტირიფები ფშანში.
შენ კი საფლავ გადაკარგულს ვეჯნისხევის ძირას,
ვაჟას სურათს ჩახუტებულს თვალცრემლიანს გძინავს.
გძინავს მძიმედ და ჩურჩულებ უკვდავების რომანს,
რა ყოფილა სიყვარული, ვერ წაშალა დრომაც.
დრო წასულა, გაურითმავს ჩარგლის ხევის ფარჩა,
დრო წასულა, ვაჟა დარჩა, სიყვარულიც დარჩა..
დრო წასულა, არ აცილებს ხმაშრიალი ხეთა
არაგვიდან თბილისისკენ ამხედრებულ მხედარს.
დრო წასულა ვით ჩარგლურა, წლებიც ისე მიდის,
რა ყოფილა სიყვარული, სიყვარული დიდი!
(ვ.გ)

ჟურნალი 4 მოტივი