ცისანა სეფიაშვილი: ,,ჩვენს ოჯახს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა”

ცისანა სეფიაშვილი: ,,ჩვენს ოჯახს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა"მომღერალ ცისანა სეფიაშვილის და სოსო ზაქარეიშვილის ქორწინება იდეალურად ითვლებოდა. დიდი სიყვარულით შექმნილ ოჯახს სამი შვილის დაბადება მოჰყვა. წყვილი საჯაროდაც არ მალავდა გრძნობებს და სოციალურ ქსელში ხშირად დებდნენ თავიანთი ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოებს.

მიზეზი, რამაც ეს მოსიყვარულე წყვილი დააშორა, უცნობია. ამ თემაზე არც ერთი მხარე საუბრობს. ცისანა მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, მაგრამ არაფერს ნანობს, მომავალს იმედიანად უყურებს და ოთხ შვილთან ერთად აქტიურ ცხოვრებას აპირებს. დეპრესიის დრო არ მაქვსო, გვითხრა. თავის ცხოვრებისეულ დრამაზე ცისანას საუბარი არ სურს, თუმცა “სარკესთან” გამონაკლისი დაუშვა და ამ თემაზე პირველად ალაპარაკდა.

— ცისანა, ყველასთვის მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ თქვენი და სოსო ზაქარეიშვილის 16 წლიანი ქორწინება დაინგრა. თქვენ ხომ იდეალურ წყვილად ითვლებოდით?

– მიუხედავად ჩემი თქვენდამი პერსონალური პატივისცემისა, ამ თემასა და დეტალებზე საუბარი არ მინდა. ვადასტურებ, რომ ჩემი მრავალი წლის ნაფერები და მოსიყვარულე ოჯახი დაინგრა. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ეს აუცილებელი იყო.

— ყველა გზა შერიგებისკენ მოჭრილია? თქვენ ხომ სამი საერთო შვილი გყავთ.

– არა, შერიგების შანსი არ არის! ჩვენს ოჯახს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.

— როდესაც პირველი ოჯახი დაგენგრათ, მოსკოვიდან თბილისში ჩამოხვედით და დეპრესია სიმღერით დაძლიეთ. ახლა როგორ უმკლავდებით ამ რთულ პერიოდს?

– ზოგადად ძალიან მტკივნეულია, როდესაც მთელი შენი წარმოდგენა მარადიულ სიყვარულზე იმსხვრევა…

— მაგრამ ალბათ ახლა ბევრად ძლიერი ქალი ხართ, ვიდრე 17-18 წლის წინ იყავით.

– არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ძლიერად ვარ, მაგრამ ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, სისუსტე გამოვავლინო. როცა პირველი ოჯახი დამენგრა, მყავდა ერთი შვილი და ახლა ოთხი შვილის დედა ვარ. მათ ძლიერი და ჯანმრთელი დედა სჭირდებათ. არც ერთ შვილს უნდა, ნახოს მოწყენილი, ცრემლიანი და დეპრესიული დედა. ვცდილობ, ბავშვებთან სულ ხალისიანი ვიყო. თუ როგორი ვარ, როცა მარტო ვრჩები, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა.

— ერთ-ერთ პრეზენტაციაზე გიხილეთ და ისევ ისეთი ლაღი ცისანა იყავით.

– საოცარი გარდასახვის უნარი მაქვს. არც საზოგადოებას სჭირდება დეპრესიული ადამიანი. ჩემი ოჯახის საქმე არასდროს გამიტანია გარეთ, არც საზოგადოებაში და არც პრესის ფურცლებზე. ვერავინ მათქმევინებს ჩემი შვილების მამებზე ცუდს. თქვენ სადაც მნახეთ, იქ ჩემს შვილთან ერთად ვიყავი. მის გვერდით კი არასდროს ვიქნები მოღუშული და დეპრესიული. დღეს ბევრ რამეს ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ. არასდროს არავინ ნახავს მოწყენილ, დეპრესიულ ცისანას.

— თქვენ და მამათქვენს, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ. მან როგორ მიიღო თქვენი ეს გადაწყვეტილება?

– როდესაც პირველად ვთხოვდებოდი, მამამ მითხრა სიტყვები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება: “სადაც არ იქნები ბედნიერი, იქ არ გაჩერდე და ყურადღება არ მიაქციო, ვინ რას იტყვის შენზე”. მამა ბავშვობიდან მასწავლიდა, არასდროს მოითმინო ის, რაც მოსათმენი არ არის, არასდროს იყო იქ, სადაც კარგად არ ხარო.

— სამსახურის პარალელურად სიმღერა ხომ არ გაიხსენეთ? იქნებ ისევ წამოგეშველოთ, გაგახალისოთ ამ რთულ პერიოდში?

– ჩემი ცხოვრების რიტმი ძალიან აქტიურია. მაქვს საკმაოდ კარგი სამსახური “ტოიოტა კავკასიაში” და სპეციალურად არ მჭირდება საქმის გამოძებნა, რომ ამ რთულ პერიოდში მასზე გადავერთო. ამ მომენტში სიმღერის სურვილი და განწყობა არ მაქვს. სამუშაო დღის ბოლოს მაქსიმალურად ვცდილობ, დრო შვილებთან გავატარო.

არაფერს ვნანობ ჩემს ცხოვრებაში, რადგან მაშინ რომელიმე შვილი არ მოევლინებოდა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, არ ვნანობ ჩემი ცხოვრების არც ერთ წუთს, დღეს და წელს.

— შვილებთან გქონდათ ამ თემაზე საუბარი?

რა თქმა უნდა, იყო ჩვენ შორის საუბარი, რადგან მე და ჩემი შვილები ვმეგობრობთ. ცხოვრებაში არაფერი გადამიწყვეტია შვილების გარეშე და ეს ნაბიჯიც ერთობლივად გადავდგით.

– როცა პირადში რაღაც მთავრდება და ქალი სხვა ეტაპზე გადადის, ხშირია, როცა იცვლის გარეგნობას, იმიჯს, ამით ახალ ცხოვრებას იწყებს. ამის სურვილი თქვენც ხომ არ გაგჩენიათ?

არა, ამჯერად ამის სურვილი არ გამჩენია. იმდენი საფიქრალი მაქვს, რომ ახლა ვარცხნილობის თუ სხვა რამის შეცვლას ვერ დავიწყებ. საკმაოდ რთულია ოთხი შვილით ახალი ცხოვრების დაწყება და ამიტომ ჯერჯერობით ჩემს გარეგნობაში ცვლილებებზე არ ვზრუნავ.

— ცისანა ძალიან გულნატკენია?

– თქვენ გგონიათ, რომ ოჯახი ისე უბრალოდ ინგრევა? არა მგონია, ვინმე ბედნიერი იყოს, როცა 16 წლიანი ოჯახი დაენგრევა. ეს ფაქტი ყველა ვარიანტში მძიმე დარტყმაა.

ავთო ჩიტიძე, სარკე