თამუნა მუსერიძე “ბმვ”-ს საჭესთან ფეხშიშველი ჯდებოდა – “ორსულად რომ ვიყავი, ქალი მძღოლები გზას არ მითმობდნენ”

თამუნა მუსერიძე "ბმვ"-ს საჭესთან ფეხშიშველი ჯდებოდა - "ორსულად რომ ვიყავი, ქალი მძღოლები გზას არ მითმობდნენ"ტელე და რადიოწამყვან თამუნა მუსერიძის ავტომობილი ჯერ მისი გარდერობის ფუნქციას ასრულებდა, ახლა კი ორი შვილის ტანსაცმელი და ნივთებიც დაემატა და სალონში სრული ქაოსია. სამაგიეროდ, როგორც მძღოლი, მოწესრიგებულია. წესებს არასოდეს არღვევს და არც ჯარიმების გადახდა უწევს.

– თამუნა, პირველად რა მანქანა გყავდათ?

– “ბეემვე პიტსოტკა”, ძრავა ჰქონდა 3 და 5.

– კაცური მანქანა აგირჩევიათ.

– ჰო, ასე მოხდა. ფეხშიშველს მსვამდნენ საჭესთან, რომ კარგად შემეგრძნო და მესწავლა. თავიდანვე კაცურად დავჯექი საჭესთან.

– ოჯახის წევრებმა გასწავლეს ტარება?

– კი.

– “ბეემვე” თქვენი არჩევანი იყო თუ ოჯახში გყავდათ და იმიტომ გიწევდათ სიარული?

– მამაჩემმა იყიდა, ჩემი პირადი მანქანა არ ყოფილა. აქვე ვიტყვი, რომ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებმაც მართვის მოწმობა 100 დოლარად იყიდეს. მე გამოცდები ჩავაბარე, ოღონდ მაშინ უკვე მესამე მანქანა მყავდა. მანამდე მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი.

– პოლიციასთან პრობლემები არ გქონდათ?

– არა. სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, გაკვეთილებზე ჩემი მანქანით მივდიოდი და მოვდიოდი. 28 წლის ვიყავი, გამოცდები რომ ჩავაბარე. სანამ მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი, პატრულს ერთხელაც არ გავუჩერებივარ, მაგრამ, როგორც კი ავიღე, იმ დღესვე გამაჩერეს.

– რამე დაარღვიეთ?

– არ ვიცი, ეტყობა, მართვის მოწმობა რომ ავიღე, გავთამამდი და ეს შეამჩნია პატრულმაც. მანამდე ძალიან ნელა დავდიოდი და ვცდილობდი, არაფერი დამერღვია.

– ავტომობილებში გიმართლებდათ?

– “ბეემვე”-ს შემდეგ მყავდა “ფოლკსვაგენი”, მერე “ჟუკი”, რომელმაც ისტერიკა დამმართა. შემდეგ მყავდა “იო პაჯერო”, მერე “ლექსუსის” ჯიპი, რომელიც იმდენ საწვავს წვავდა, რომ გავაჩერე და ვტიროდი. ამის შემდეგ ვიყიდე “მარჩი”, მაგრამ ისიც მომბეზრდა, რადგან ძალიან პატარა იყო ჩემთვის და ბოლოს “ნისან ქაშქაი” ვიყიდე.

“გოლფ ტრიც” მყავდა, რომელიც გავყიდე იმიტომ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, დიზელის მაგივრად ბენზინი ჩავასხი, ზეთი ისე ამოვუწვი, რომ ლამის ძრავა დავუწვი. ამიტომ ძალიან იაფად გავყიდე. ამ ავტომობილში ბოლომდე კომფორტულად ვერ ვარ, უფრო სხვანაირი მანქანა მჭირდება. “ნისანის” გაყიდვაზეც ვფიქრობ, მაგრამ მეუბნებიან, ცოტა ხანი დაწყნარდი და გყავდესო.

– როგორი მანქანა გჭირდებათ?

– “მერსედესი ჯე კლასი” მიყვარს და სწორედ ამ მანქანაში ვიგრძნობ თავს კომფორტულად. სამწუხაროდ, იაფი არ ღირს.

– რატომ აპირებთ გაყიდვას, პრობლემურია?

– ძალიან შეკრული მანქანაა, ახალია, მაგრამ აქვს ერთი პრობლემა – მარჯვენასაჭიანია. მიუხედავად იმისა, რომ წინა მანქანაც მარჯვენასაჭიანი იყო, მაინც ვერ ვეგუები.

– სიჩქარის მოყვარული ხართ?

– არა, მით უმეტეს, საკუთარი თავი და ჩემი ოჯახი ისე მიყვარს, რომ ზედმეტი რისკი გამორიცხულია. ზოგადად, რისკი არაფერში მიყვარს.

– ავტოსაგზაო შემთხვევა მოგსვლიათ ოდესმე?

– არასდროს.

– კანონმორჩილი მძღოლი ხართ?

– შეიძლება პატარა რაღაც დავარღვიო, მაგრამ ძალიან კანონმორჩილი მძღოლი ვარ. ერთხელ გამაჩერეს და რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, მიპასუხეს, შემოწმებაა და ჩაბერეთო. რა ჩავბერო, ორსულად ვარ, მე-7 თვეში-მეთქი და გადავედი მანქანიდან. პარკინგის ჯარიმები მომდის მხოლოდ, მაგრამ არ ვიხდი.

– ჯარიმა არ მატულობს?

– იმატებს, მაგრამ არ ვიბარებ.

– რა ნივთები დაგაქვთ მანქანით?

– გარდა იმისა, რომ ჩემი მანქანა არის გარდერობი, უბრალოდ წარმოუდგენელია შიგნით ჩახედვა. მართლა მრცხვენია, ისეთი ამბავია. აქამდე თუ მხოლოდ ერთი ბავშვის ნივთები ელაგა, ახლა ჩემი და ორი ბავშვის ნივთები ერთდროულად ალაგია. ჩემი ავტომობილი ყოველთვის დასალაგებელი და გასარეცხია, რადგან დრო არასდროს მაქვს, რომ გასარეცხად წავიყვანო.

– საჭესთან რა გიშლით ნერვებს?

– განსაკუთრებით ნერვებს მიშლიან მამაკაცი მძღოლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქალი რადგან არის საჭესთან, ვერ ატარებს. ძალიან თავხედები არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, თანაც იმდენად, რომ ყოვლად წარმოუდგენელ მანევრებს აკეთებენ და ძალიან მიკვირს, ამაზე პასუხს რატომ არავინ სთხოვთ. საქართველოში მოძრაობის მხრივ სრული განუკითხაობაა.

– რა არის ის, რაც ყველა მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს?

– ერთმანეთი უნდა გავითვალისწინოთ არამარტო მძღოლებმა, არამედ ყველა ადამიანმა. მე ყველას ვუთმობ გზას, მაგრამ სხვა არასდროს მითმობს. შანსი არაა, ქალმა გზა დაგითმოს. ფეხმძიმედ რომ ვიყავი, შანსი არ იყო, ქალ მძღოლს გზაზე გადავეშვი ფეხმძიმე ქალი. ერთი შემთხვევა არ ყოფილა ასეთი, სულ მამაკაცი მძღოლები მითმობდნენ.

გიორგი საკარული, სარკე