ქეთი ფარესაშვილი: “ქართველებს ურჩევნიათ, მუსიკას ჭამა-სმასთან ერთად მოუსმინონ”

ქეთი ფარესაშვილი: "ქართველებს ურჩევნიათ, მუსიკას ჭამა-სმასთან ერთად მოუსმინონ"მომღერალი ქეთი ფარესაშვილი ერთი პერიოდი ქართულ შოუბიზნესში აღარ ჩანდა, მისი ახალი სიმღერები აღარსად ისმოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შემოქმედებითი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია, ოჯახური ცხოვრების პარალელურად რეპერტუარზე მუშაობდა.

ქეთი შოუბიზნესში ახალი პროექტებით დაბრუნდა, კონცერტებს მართავს და სიმღერებსაც წერს. მისი და ლაშა ღლონტის სიმღერა 2017 წლის საუკეთესო დუეტად დასახელდა. ასე რომ, “სამბას” ქართველი დედოფალი, როგორც მას უწოდებდნენ, კარგ ფორმაშია და თავის ოცნებებს ნელ-ნელა ახორციელებს.

– ქეთი, კულტურის სამინისტროსგან და თბილისის მერიისგან ხელშეწყობა ზოგადად შოუბიზნესს და კონკრეტულად თქვენ გაქვთ?

– კულტურის სამინისტროსა და მერიაში წინადადებებით ვყოფილვარ და იყო შემთხვევები, როდესაც კონსერვატორიაში ჩავატარე კონცერტი კულტურის სამინისტროს დახმარებით, საღამო – “ივენთ ჰოლში”, უცხოელი მუსიკოსი ჩამოვიყვანე. ასეთ შემთხვევებში გვერდში დამიდგნენ.

ახლაც მაქვს საინტერესო იდეები, უბრალოდ ჩვენი ქვეყანა არ არის იმისთვის მზად, ხელოვანებს ხელი შეუწყოს. როგორც ვხედავ, თვითონ ხალხიც არ არის მზად. საჭიროა პროფესიონალიზმი ნებისმიერ სფეროში, მეტი სერიოზულობა და მხარდაჭერა.

ქართულ შოუბიზნესში რაღაცები ხდება, მაგრამ ამით სხვა ქვეყნებს კონკურენციას ვერ გავუწევთ. არსებობს სირთულეები აპარატურასთან, ბენდებთან დაკავშირებით.

– ბევრი ამბობს, რომ ქართულმა შოუბიზნესმა რესტორნებში გადაინაცვლა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– საქართველო რესტორნების ქვეყანაა, აქ ძალიან უყვართ ჭამა-სმა და გასაკვირი არ არის, თუ ასე მოხდა და მოხდება. ხელოვანმა ალბათ ყველგან უნდა იმუშაოს, სცენაზეც არის კონცერტები, მაგრამ რესტორნების მუსიკა უფრო უყვართ და ხელოვანი იძულებული ხდება, ასეთი მუსიკა მიაწოდოს.

ვერ გეტყვით, კლასიკას და ჯაზს ნაკლები მსმენელი და მოწონება აქვს-მეთქი, მაგრამ ამით ვერ ერთობიან, ვერ ხალისობენ. ურჩევნიათ, იხალისონ და იცეკვონ ჭამა-სმასთან ერთად. ქართველის ბუნება ამას შეესაბამება.

– თქვენი დანახვისას ადამიანების უმრავლესობა “სამბას” ღიღინს იწყებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ივიწყებს ხალხი ამ სიმღერას?

– სამბა იმდენად დიდი მუსიკაა, ჰიმნივით არის. ის საუკუნეების მუსიკაა და ვერ დაივიწყებ. მეც ასე დამემართა. ალბათ მეც დიდი სიყვარულით მივაწოდე და ხალხს გადაედო. ხელოვანს როდესაც თავისი შემოქმედება უყვარს, ის ხალხსაც უყვარდება. თვითონ სამბაც გვაძლევს ამის საშუალებას. არაჩვეულებრივი ტექსტია, რომელიც ზაზა ხუციშვილმა დაწერა, ეს ტექსტიც ძალიან მოქმედებს ადამიანებზე.

– გასულ წელს მომღერალ ლაშა ღლონტთან ერთად ჩაწერეთ სიმღერა. როგორ გაჩნდა იდეა, რომ დუეტში გემღერათ?

– სიმღერა ქართულ-ბრაზილიურის სინთეზია და მართლა ძალიან საყვარელი გამოვიდა. ეს იდეა ორივეს გვეკუთვნის, უფრო მეტად კი ლაშა ღლონტს. მან გადაწყვიტა, რომ სინთეზი გაგვეკეთებინა.

ლაშამ თვითონ ამოირჩია ქართული სიმღერა და მე მითხრა, მიმეწოდებინა უცხოური ვერსია, რომელიც ჰარმონიულად იქნებოდა შერწყმული “ოქროყანის აღმართთან”, რომელიც კონსტანტინე პევზნერს ეკუთვნის და მღეროდნენ და მღერიან ინგა ფერაძე, ირმა სოხაძე, ნუკრი კაპანაძე… წარმატებული პროექტი გამოვიდა. ეს გახდა 2017 წლის დუეტი და დღესაც ჰიტია. ლაშა ღლონტის ძალიან მადლიერი ვარ.

– როგორც ხელოვანს, ქმარი გიდგათ გვერდით, გეხმარებათ?

– ის ქირურგია და ძალიან დაკავებულია. ცდილობს, მაქსიმალურად შემიწყოს ხელი საქმიანობაში. მოსწონს ჩემი შემოქმედება და ზოგადად ხელოვნება.

ჩემი მომავალი მეუღლე დედაჩემის ექიმი იყო, მუცლის ღრუს სპეციალისტია, დედას ღვიძლზე ჰქონდა პრობლემა. ერთხელ კლინიკაში მივედით და ასე გავიცანი. დედაჩემს შეუყვარდა და ჩვენც შეგვიყვარდა ერთმანეთი. ასე გახდა ჩვენი ოჯახის წევრი. ახლა უკვე 12 წლის შვილი გვყავს.

– შვილს მოსწონს თქვენი სიმღერები? რა რეაქცია აქვს, როცა სცენაზე ან ტელეეკრანზე გხედავთ?

– ბავშვს სცენაზე ჩემი დანახვა უხარია, მოსწონს, მაგრამ ხანდახან ეჭვიანობს.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე