ქართველი მხატვარი ეთერ მითაგვარია საფრანგეთში მამა გაბრიელის ანაფორის ნაკუწს დაატარებს – ”დღემდე იმ მონასტრიდან გამოყოლილ სითბოზე ვდგავარ”

ქართველი მხატვარი ეთერ მითაგვარია საფრანგეთში მამა გაბრიელის ანაფორის ნაკუწს დაატარებს - ”დღემდე იმ მონასტრიდან გამოყოლილ სითბოზე ვდგავარ”მხატვარი ეთერ მითაგვარია, ფსევდონიმით ეთერნი, მრავალი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. საქართველოში უკვე აღიარებული იყო, მულტიპლიკაციურ ფილმებს აფორმებდა და საპატრიარქოში კაბინეტიც ჰქონდა გამოყოფილი ხატწერისთვის, მაგრამ ფინანსური სიდუხჭირის გამო 1995 წელს ნამუშევრები ჩემოდანში ჩაალაგა და შვეიცარიაში წავიდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ფრანგი მხატვარი ბერნარ პოლაკი, რომელთან დაოჯახების შემდეგაც საფრანგეთის ქალაქ ჰიუნინგში ბავშვებს შემოქმედებით მასტერ კლასებს უტარებს.

ეთერ მითაგვარია: მამაჩემი დამსახურებული ჟურნალისტია – ამირან მითაგვარია. 10 წლის ვიყავი, ჩემი და მამის პორტრეტი რომ დავხატე.

სამხატვრო აკადემია წარმატებით დავამთავრე. ილია დოიაშვილმა, რომელმაც დიდი კვალი დატოვა მულტიპლიკაციაში (სამხატვრო აკადემაში მულტიპლიკაციის კათედრა მისი შექმნილია), დამპატიჟა კინოსტუდიაში და იქ დავიწყე მუშაობა. ვიყავი დამდგმელი მხატვარი. “პერესტროიკის” სუნი რომ დატრიალდა, მომინდა, სიონში მევლო.

ოჯახი, შვილი მყავდა, ვმუშაობდი, საეკლესიო ცხოვრება კი თავისებურ რეჟიმს ითხოვდა. დღეს მიკვირს, როგორ ვახერხებდი ყველაფერს. მერე პირად ცხოვრებაში რაღაცები გართულდა. მე და ჩემი მეუღლე სიყვარულით შევუღლდით, საინტერესო პიროვნება იყო. სამსახურის გარეშე დარჩა მაშინ და ერთად წიგნიც გავაკეთეთ. ტერენტი გრანელის ლექსები თარგმნა რუსულ ენაზე საკმაოდ საინტერესოდ, მაგრამ არასტაბილური სამუშაო ჰქონდა.

ჩვენი შეუღლების მე-16 წელიწადს უცებ ხატვაც დაიწყო და გამოფენაც მოვაწყეთ. მეც ვხატავდი, მაგრამ თავი ვერ გაგვქონდა.

– საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს გამოუყვია თქვენთვის ოთახი საპატრიარქოში.

– დიახ. 1987 წელს მოვხვდი საპატრიარქოში, სადაც ხატწერის შესწავლა დავიწყე. პედაგოგი დავით ბუჩუკური იყო. ჩემს ცხოვრებაში ეს დაუვიწყარი პერიოდია. მერე ერთმა ეპისკოპოსმა მითხრა, თქვენ ხომ მხატვარი ხართ და უნდა ხატოთ კიდეცო.

უცებ სულ სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, თითქოს რაღაც მოსამზადებელი პერიოდი გავიარე საპატრიარქოში. შორენა თეთრუაშვილმა (პატრიარქის რეფერანტი, ავტ.) შემომთავაზა, ხელფასს დაგინიშნავთ, აქ იყავითო. ხატწერა სხვებისთვის უნდა მესწავლებინა, მაგრამ შვილი მყავდა, მას ბევრი რამ სჭირდებოდა.

მარტო რომ ვყოფილიყავი, სხვაგვარად წავიყვანდი ჩემს ცხოვრებას. სახარება გადავშალე და იქაც ასე ამომივიდა – წადით ერშიო.

– ეს რას ნიშნავს?

– როცა ლოცულობ, მარხულობ და რაიმეს მიხვედრა გინდა ცხოვრებაში, უნდა გადაშალო სახარება ბრმად და რა ფრაზასაც პირველად წაიკითხავ, იმის მიხედვით უნდა მოიქცე, მინიშნებაა. სახარება ხომ ცოცხალი წიგნია. რომ გადავშალე, მივადექი ფრაზას, ერში დაბრუნდითო.

– როგორ ვიცი, მამა გაბრიელთან გქონიათ ურთიერთობა და მისთვის ანაფორა შეგიკერავთ.

– დიახ, სამთავროს დედათა მონასტერში დაახლოებით ერთი თვე ვცხოვრობდი. მამა გაბრიელს საოცრად თეატრალური დიქცია ჰქონდა, თითქოს არქაული პერსონაჟი იყო. ღიად ამხელდა ადამიანებს. ყველაზე ყველაფერი იცოდა და შეუძლებელი იყო, მის მიმართ მოწიწებით არ განმსჭვალულიყავი.

ერთ დღეს მამა გაბრიელი შემოვიდა სამზარეულოში, ხელში დიდი საზანი ეჭირა. მითხრა, ქვაბი მომეცი, ეს თევზი შენ უნდა მოგიხარშოო. ოჯახში რომ გეფერებიან, ისეთი შეგრძნება მქონდა. თევზი მოხარშა. მერე მამა იოანე შემოვიდა. მამა გაბრიელმა წინ დამისვა. ეს სცენა დღემდე თვალწინ მიდგას და სულ ვამბობ, რომ უნდა დავხატო, ისე არ უნდა წავიდე ამქვეყნიდან… მაშინ ღვინო ცხოვრებაში პირველად დავლიე, თავად მამა გაბრიელმა დამისხა.

რამდენიმე დღის მერე დედა სიდონიამ მოიტანა ლურჯი ქსოვილი და თქვა, მამა გაბრიელს შევუკეროთ, სულ დაფლეთილი ანაფორით რომ დადისო. მაშინ 32 წლის ვიყავი. თქვეს, ამ გოგოს შევაკერვინოთ, ეს იქნება მისი მორჩილებაო.

– რა გითხრათ მამა გაბრიელმა, როცა კაბა მიუტანეთ?

– დედებმა გადაწყვიტეს, სიურპრიზად მიერთმიათ. მეც გამიყოლეს. უკან ვიდექი. მამა გაბრიელმა კაბა რომ დაინახა, ატირდა. უცებ იკითხა, ვინ შეკერაო. დედებმა თითქოს გზა გახსნეს და მკითხა, შენ რა გქვიაო. არ ვიცი, მომეჩვენა, თუ იმ კოშკს ჰქონდა ასეთი აკუსტიკა, მაგრამ მამა გაბრიელის ხმა გრუხუნივით გაისმა. ჩამიხუტა და დამლოცა… იმ მონასტრიდან ისეთი სითბო გამომყვა, დღემდე იმ სითბოზე ვდგავარ.

იქიდან წამოსულმა ჩემი ნახატების დიდი კოლექცია შევქმენი, გამოფენაც გავაკეთე ქარვასლაში და ბევრი ნამუშევარი გავყიდე.

– თქვენი შეკერილი ანაფორა ეცვა ხოლმე მამა გაბრიელს?

– დიახ და მერე, იცით, რა მოხდა? საფრანგეთში რომ მოვხვდი, რუსულენოვან ეკლესიაში მივედი. ბევრი ისეთი ქართველი დადის აქ, საფრანგეთში ჩამოსულმა რომ იპოვა ღმერთი, რადგან აქ დასჭირდა. უცხოეთში ცხოვრება საკმაოდ მძიმე ჯვარია.

ერთი მორწმუნე გოგო, მაია ჭანტურია, მოვიდა ჩემთან და მითხრა, სიზმარში გნახე, მამა გაბრიელი გამომეცხადა, ამან კაბა შემიკერა და საქართველოში გადაეცი, ეს კაბა დაჭრან და დაურიგონ ყველასო. გავოგნდი.

წლები რომ გავიდა, მაია ჩავიდა სამთავროს მონასტერში და დედა პარასკევას მოუთხრო ეს ამბავი. 2013 წელს ჩამოვედი საქართველოში და დედა პარასკევამ მაჩუქა თავისი დაწერილი წიგნი მამა გაბრიელზე და ჩემი შეკერილი კაბის ნაწილი. თურმე დაუჭრიათ.

პატარა ნაწილი დავიტოვე ჩემთვის, რადგან აქ ჩვენს ეკლესიასაც მივეცი. როგორც რელიკვიას ისე ვინახავ. ბროლის სათავსოშია მოთავსებული და ხატებთან მიდევს. პაწაწინა ნაწილი კულონში ჩავდე და ვატარებ, ვიცი, რომ მიცავს.

– საფრანგეთში როგორ აღმოჩნდით?

– საქართველოში მეუღლეს რომ გავშორდი, ძალიან ცუდად ვიყავი. მერე ჩემს თავს ვუთხარი, ახლა დეპრესიის დრო არ არის-მეთქი. 1995 წელი იყო, არც დენი გვქონდა, არ გაზი, არც ფული… შემოვუძახე თავს და გამოფენა გავაკეთე.

მსახიობმა ლიკა ქავჟარაძემ სპონსორი მიპოვა და ერთი თვე დატოვეს ჩემი გამოფენა. ერთ დღეს მოვიდა შვეიცარიელი გალერისტი, მხატვარი, ჩვენს მხატვრებთან იყო ჩამოსული სოროსის პროგრამით.

გადამეკიდა ეს კაცი, რომ შვეიცარიაში წავსულიყავი სამუშაოდ. აქ კინოსტუდიაში ვმუშაობდი და უცებ ვერ წავედი. ის ადამიანი კი სულ მირეკავდა. 6 თვის მერე ნანა ყიფიანმა, რომელიც ამ პროგრამას კურირებდა, კონვერტი გადმომცა, სადაც მიწვევა და ფული იდო.

წავედი ბაზელში. გამომიყო დიდი ტერიტორია – ბინა და სახელოსნო. თვითონ ჰქონდა დიდი შენობა და იქ განთავსებული იყო სახელოსნოები მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის და ა.შ. 8 თვე ვიცხოვრე იქ. ძალიან უცხო გარემო იყო.

კონტრაქტში ეწერა, რომ ბინისა და სახელოსნოს გარდა, თვეში 1.000 შვეიცარიული ფრანკი უნდა მოეცა ჩემთვის. მამაჩემმა რა გაყიდა მაშინ, არ ვიცი, მაგრამ 500 დოლარი გამომატანა. ჩვენთან ეს დიდი ფული იყო, მაგრამ შვეიცარიისთვის კაპიკები. რამდენიმე კვირაში გაირკვა, რომ ქართველ მხატვრებს დაფინანსება შეუწყდათ.

იმ კაცმა გალერისტებთან მიმიყვანა, მაგრამ იქ ისეთი ამბები ტრიალებს… საუნაში რომ შეგთავაზებენ წასვლას და ამის საფასურად დაგეხმარებიან… მე კი მამა გაბრიელის დალოცვილი ქალი ვიყავი.

იტალიელი ქალი გავიცანი, რომელსაც არტკაფესავით რესტორანი ჰქონდა და მისი კლიენტურა ძირითადად მხატვრები იყვნენ. მასთან დავიწყე მუშაობა, ყავას ვასხამდი დილის ლანჩისთვის, სალათებსაც ვამზადებდი და ჯიბის ფული გამიჩნდა.

საქართველოში წამოსვლას ვაპირებდი, როცა დამირეკა სერბმა კაცმა, რომელიც ნახატების გაყიდვაში მეხმარებოდა, სტუმრად ადვოკატი მყავს და მოდი, დაელაპარაკეო. ადვოკატმა ჩემი ნამუშევრები ნახა, მოეწონა, გადარეკა და მოვიდა ჩემი ახლანდელი მეუღლე.

რომ შევხედე, “ვიკინგები” თუ გინახავთ, მსგავსი პერსონაჟი იყო – გრძელი, ხუჭუჭა თმით. ძლივს შევიკავე სიცილი და გავხალისდი. მკითხა, მხატვარი ვარ, სახელოსნო მაქვს და ხომ არ გინდა საფრანგეთში წამოსვლაო. მითხრა, რა გინდა შენს ჯორჯიაში, მთელი მსოფლიო აქ ჩამოსვლას ნატრობსო.

მომეწონა მისი აზროვნება და საქმიანი ურთიერთობა დავიწყეთ. წამიყვანა საფრანგეთში, მომატარა ყველაფერი. მის დედასაც ვესტუმრეთ ნიცაში.

– გრძნობა მალევე გაჩნდა თქვენ შორის?

– არა. ჩემი ქართველი მეუღლე იმდენად მიყვარდა… ახლაც მიყვარს. ამ ადამიანის მიმართ კი პატივისცემა გამიჩნდა და თვითონაც აღარ შემეშვა. საქართველოშიც დავბრუნდი, მაგრამ ვინ მოგასვენა?! ორი თვის მერე თბილისში დამადგა თავზე. გამოფენაც გავუკეთეთ ჩაბნელებულ თბილისში და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

წავედი საფრანგეთში სამუშაოდ სამთვიანი ვიზით. ბავშვებთან ვიმუშავე, გამოფენაც გავაკეთე და დავბრუნდი თბილისში. ისევ არ მომასვენა. ამ დროს შვილიშვილიც შემეძინა. ეს კი მირეკავდა და მწერდა, გამომცემელი გეპატიჟებაო. ასე გრძელდებოდა 3 წელი.

– 3 წლის მერე დაქორწინდით?

– დიახ, რადგან ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა გავთხოვილიყავი. ვფიქრობდი, ჩემს შვილს მაინც შევეწევი-მეთქი. ყველაფერს თბილისში ვაგზავნიდი, ჩემთვის არაფერი გადამინახავს. როცა ვიფიქრე, ჩემს შვილს აღარაფერი უჭირს-მეთქი, საგურამოში სახლი ააშენა ჩემმა სიძემ კრედიტით და ვეღარ გადაიხადა. ყველაფერი წაართვეს და ქუჩაში დატოვეს.

ჩემი შვილის დედამთილიც ხან თურქეთში მუშაობდა, ხან ეგვიპტეში. ჩვენი შვილები ქირით ცხოვრობდნენ…

– საფრანგეთში თავს ემიგრანტად გრძნობთ?

– უცხოელად მიგრძვნია თავი, მაგრამ ემიგრანტად – არა. ბევრი ვინერვიულე დოკუმენტების თუ სხვა რამის გამო, მაგრამ ის სტრესი, რაც ემიგრანტებს სჭირთ, მე არ განმიცდია. მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს.

ჰიუნინგი პატარა ქალაქია, მაგრამ მდიდარი მერია აქვს. პარიზის მერე ამ ქალაქს აქვს ყველაზე დიდი დაფინანსება. სულ 7 ათასი მოსახლე ცხოვრობს, მაგრამ გახსნეს კულტურული ცენტრი, რომელიც 10 მილიონი ღირს. ძველი ქალაქია, ნაპოლეონის აშენებული.

ამ ქალაქში ფრთებს ვერ გაშლი, რადგან ბიზნესი არ არის. პურის მაღაზიაა, 2-3 რესტორანი და კულტურული ცენტრები. ბავშვებთან დავიწყე მუშაობა და დღემდე ვმუშაობ.

– საფრანგეთში თქვენს ნამუშევრებს ყიდით?

– კი, ოღონდ ავადმყოფობის გამო დიდად ვეღარ ვქმნი ნამუშევრებს. ჩემი ქმარი უკვე 3 წელია, სოციალურ დახმარებას იღებს, ვეღარ მუშაობს.

– საქართველოში არ გინდათ ჩამოსვლა?

– მინდა ჩამოვიდე, სადმე სოფელში დავსახლდე და სკოლაში ვიმუშაო… სულ ვფიქრობ, ჩემს ქმარს რომ რამე მოუვიდეს… ტკივილგამაყუჩებლებზეა დამოკიდებული. მეც რომ ავად გავხდი, მივხვდი, რომ ეს პლანეტა პატარაა და მას მართავს ღმერთი, შენ კი მხოლოდ წერტილი ხარ. სიკვდილის შიში დავკარგე და ნოსტალგიაც მომეხსნა.

აქ ყოფნისას ყველაზე მეტად ბებიაჩემის გარდაცვალება განვიცადე. ვერ ჩამოვედი, რადგან ფულის გაგზავნა მერჩივნა. ახლა მეორე საშიშროების წინაშე ვდგავარ – ხანშიშესული მშობლები მყავს და ყოველდღე ვევედრები უფალს, მათთან არ შევრცხვე. ყველაფერი ხომ ფულთანაა დაკავშირებული. არ იცი, გექნება თუ არ გექნება. ქართული აღზრდა არ გაძლევს უფლებას, გადაჯიშდე.

ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა, ქმარმა მითხრა, რას იზამ, ცხოვრება ასეთიაო. ჩემი განცდა ვერ გაიზიარა. ვერ წარმომიდგენია აქ სიკვდილი. აქ ხომ ყველას წვავენ, მიწაში ვინ ჩაგდებს?! ქრისტიანი ადამიანი ხომ მიწად უნდა იქცეს?!

რუსუდან ადვაძე, სარკე