მეხანძრე ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა, ამ შემთხვევამდე 2 კვირით ადრე დაქორწინდა

მეხანძრე ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა, ამ შემთხვევამდე 2 კვირით ადრე დაქორწინდაშეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხედო ფოტოს, რომელზეც ასახულია, როგორ გამოჰყავს სრულიად ახალგაზრდა მეხანძრეს ცეცხლმოდებული შენობიდან 11 თვის ბავშვი. ბიჭს ჩვილი გულზე ჰყავს მიკრული.

ამ სურათმა ქართული ინტერნეტსივრცე მოიარა, ამ მეხანძრემ კი უამრავი ქება და დალოცვა დაიმსახურა.

მაშველი-მეხანძრე, რომელმაც 2 აგვისტოს მართლაც გმირობა გამოიჩინა, 24 წლის ალექსანდრე შუკვანია. იმ დღეს მეხანძრეები თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან გამოიძახეს.

ვითარება საკმაოდ მძიმე იყო: ხანძარი მეორე სართულზე მძვინვარებდა, მთელი სახლი შავ კვამლში იყო გახვეული. ბოლო სართულზე დედა და 11 თვის ბავშვი იმყოფებოდნენ, რომლებიც ტიროდნენ. ბავშვის მამა ყვიროდა, მაგრამ ზევით ასვლას ვერავინ ახერხებდა.

მეხანძრე ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა, ამ შემთხვევამდე 2 კვირით ადრე დაქორწინდაალექსანდრემ წამებში მიიღო გადაწყვეტილება, კვამლში გახვეული კიბეები აირბინა, ცეცხლიდან ჯერ ბავშვი გამოიყვანა, მერე – მისი დედა. “სარკეს” უყვება, რომ ისე, როგორც იქ მყოფები, თვითონაც საოცარ ემოციებს განიცდიდა. ყველაზე მთავარი იმ მომენტში მისთვის ბავშვის გადარჩენა იყო.

– ალექსანდრე, დეტალურად მოგვიყევით, რა მოხდა იმ დღეს.

– გამოძახებაზე დროულად, 2 წუთში მივედით. მეორე სართულზე ღია ცეცხლი იყო, თანაც იმდენად ძლიერი, რომ ალი გარედან მეოთხე სართულს ურტყამდა. ხაზები გავშალეთ, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოგვეხდინა. ამ დროს ახალგაზრდამ დაიყვირა, ზემო სართულებზე ბავშვები არიანო.

აირწინაღი უცებ მოვიკიდე და ზემოთ გავიქეცი. უკვე ისეთი კვამლი იდგა, არაფერი ჩანდა. მეხუთე სართულამდე ხელების ფათურით ავედი და, როგორც იქნა, კარს მივაგენი. შევედი და დავინახე ასეთი რამ: დედას ბავშვი უჭირავს ხელში და არ იცის, რა გააკეთოს. ორივენი ტიროდნენ.

ქალს ბავშვი გამოვართვი, თვითონ კი ფანჯარასთან დავაყენე, ჰაერი რომ ესუნთქა. ჩემი აირწინაღი ბავშვს გავუკეთე, ღრმად ჩავისუნთქე და კიბეებზე ჩავირბინე. როგორც იქნა, ქვემოთ ჩავაღწიე. ჩვილი რომ სასწრაფოს მანქანაში ჩავსვი, მამამისი გადამეხვია. ისევ კიბეებზე ავირბინე და ბავშვის დედაც ჩამოვიყვანე.

მეხანძრეებმა კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინეს. ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რაც პატარა ბიჭის მამამ გამოხატა. გულში მიკრავდა, აღარ იცოდა, მადლიერება როგორ გამოეხატა.

ჩემთვის ეს ძალიან დიდი ემოცია იყო. შეიძლებოდა ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრებულიყო. ბავშვთან ერთად ცეცხლს რომ დავაღწიე თავი, მერეღა ამოვისუნთქე. საოცრად დიდი სიხარული ვიგრძენი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

– სარისკო პროფესია გაქვთ, ცეცხლს ეთამაშებით – ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. რას ნიშნავს თქვენთვის, იყო მაშველი?

– ჩემთვის მეხანძრე-მაშველი ნიშნავს, იყო გმირი და თავდადებული ადამიანი. ისე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, როგორც თქვენ – თქვენი და ვამაყობ, რომ ეს პროფესია ავირჩიე.

– როგორც შევიტყვეთ, სამსახური საზღვარგარეთ გიშვებთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ესეც ალბათ ძალიან დაგეხმარებათ თქვენც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მომავალში ხელი უნდა გაუწოდოთ და გადაარჩინოთ.

– ადამიანს, რომელიც ყოველ წამს სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე დგას, ბუნებრივია, გადამზადების კურსი ძალიან სჭირდება. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება მაშველის განვითარებას, მის წინსვლასა და პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

– ვიცი, რომ თქვენ და თქვენს კოლეგებს ბევრი ადამიანი გყავთ გადარჩენილი. ყველაზე მძაფრად რომელი შემთხვევები გახსენდებათ?

– არასოდეს დამავიწყდება 2013 წლის 13 ივნისი და იმ ადამიანების თვალები, რომლებიც იყვნენ შეშინებულები და ფაქტობრივად სიკვდილს შეგუებულები. ჩვენ, მაშველებმა, მაშინ ბევრი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენით.

ბორჯომში როცა ათობით ჰექტარი უნიკალური ტყე ცეცხლის ალში იყო გახვეული, სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად მეც იქ ვიყავი. ჩვენი ერთადერთი საზუნავი ის იყო, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად ჩაგვექრო ცეცხლი და შვილებისთვის ტყე შემოგვენახა.

მე, პირადად, გარდა ბავშვებისა, ზრდასრული ადამიანებიც გადამირჩენია. საოცარი განცდაა, როცა სიკვდილის პირიდან იხსნი ადამიანებს.

– როგორც გავიგე, სულ ახალი დაქორწინებული ხართ, 2 კვირაა, რაც ოჯახი შექმენით. ვინ არის თქვენი ცოლი, რას საქმიანობს?

– ჩემი მეუღლე 24 წლის მარიამ შულაიაა. ის პროგრამის ოპერატორია.

– იმ დროს, როცა ცეცხლის ალში ჩვილის გადასარჩენად შეხვედით, არ ფიქრობდით ახალშერთულ მეუღლეზე?

– როდესაც საქმე სხვის სიცოცხლეს ეხება, მაშინ არავისზე ფიქრობ, მხოლოდ ერთი მიზანი გაქვს დასახული და ამ მიზანს შენთვის უცნობი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. ჩვენი პროფესია ნამდვილად საშიშია. რაც უნდა მარტივი გამოძახება იყოს, ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ ცეცხლთან დამარცხდე.

– მარიამს ალბათ ძალიან ეამაყება, რომ გმირი მაშველის წოდება მოგანიჭეს.

– ეს ამბავი როცა გაიგო, მაშინვე ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან ამაყობს ჩემით და ბედნიერია, რადგან ყველაფერი კარგად დამთავრდა.

– არ ეშინია, როცა სახლიდან სამსახურში გაცილებთ?

– რა თქმა უნდა, ეშინია, მაგრამ არ მეუბნება. მუდამ ყურადღებიანია და მისურვებს, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად დამთავრდეს.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე