მარინა მახარაშვილი: “88 წლის მოხუცი ხელში ავიყვანე და ცეცხლმოკიდებულ დერეფანში გავიარე”

მარინა მახარაშვილი: "88 წლის მოხუცი ხელში ავიყვანე და ცეცხლმოკიდებულ დერეფანში გავიარე"ზაფხულში საბერძნეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად 6 ქართველი დაშავდა. სტიქიური უბედურების დროს ხანძრის ეპიცენტრში იმყოფებოდა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა 50 წლის მარინა მახარაშვილი. სახლი, რომელიც მან დატოვა, რამდენიმე წამის შემდეგ ცეცხლის ალში გაეხვია. მარინამ 88 წლის მოხუცის გადარჩენაც შეძლო. გადატანილ უბედურებაზე ქართველმა ემიგრანტმა “სარკეს” უამბო.

– ქალბატონო მარინა, პირველ რიგში, გილოცავთ გადარჩენას. მოგვიყევით, როგორ ვითარდებოდა პროცესები.

– მე ვუვლი 88 წლის მოხუცს, რომელსაც ათენშიც აქვს სახლი, მაგრამ დასასვენებლად კუნძულზე იყო წამოსული და მეც თან ვახლდი. მოულოდნელად სახლში დამწვრის სუნი ვიგრძენი, აივანზე რომ გავედი, ჩემ წინ ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული. ჩემს მოხუცს ვუთხარი, ცეცხლია და გავიქცეთ-მეთქი, მან კი მიპასუხა, არსად წასვლას ვაპირებ, ეგ ცეცხლი ჩვენამდე არ მოვაო.

ხანძარი იმდენად სწრაფად ვრცელდებოდა, რომ მას ვეღარ დავემორჩილებოდი, ხელში ავიყვანე და ისე გავიქეცი. ცეცხლის ალში გახვეული დერეფანი გავიარე. სახლი რომ დავტოვე, უკან მოვიხედე და ცეცხლი უკვე ოთახებში იყო შესული. ეს იყო ენით აღუწერელი საშინელი გრძნობა და ტკივილი.

– დაშავდით?

– რომ გავრბოდი, ფეხებზე ცეცხლი მეკიდა. ქვემოთ რომ ჩავედით, ხელებით ვიქრობდი ფეხებზე წაკიდებულ ცეცხლს. როგორც კი ქვემოთ ჩავედით, არ ვიცი, ალბათ ღმერთის წყალობით, იქვე მანქანა იდგა. მძღოლმა მითხრა, სასწრაფოდ ჩასხედითო და ზღვისკენ გავიქეცით. უკან რომ მოვიხედე, უკვე მანქანების საცობი იყო და ფაქტობრივად ერთი ავტომობილიც კი ვერ მოძრაობდა.

აი, ის ცნობილი კადრი რომ გავრცელდა, დამწვარი მანქანები რომ არის ქუჩაში, მათში სულ ადამიანები ისხდნენ, რომლებიც გადარჩენის მიზნით მანქანით გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

– ის სახლი როგორ მდგომარეობაშია, სადაც თქვენ ცხოვრობდით?

– მთლიანად დამწვარია. ასევე დაიწვა ჩემი დოკუმენტები, პასპორტი და ა.შ. 600 ევრო მქონდა მოგროვებული და ისიც ცეცხლმა დაწვა. ჩემი 88 წლის მოხუცისთვის რომ დამეჯერებინა, საქართველოში ჩემს ცხედარსაც ვერ ჩამოასვენებდნენ, სულ დაფერფლილი ვიქნებოდით.

– რამდენი წელია ემიგრანტი ხართ და რატომ წახვედით ქვეყნიდან?

– 10 წელია ემიგრანტი ვარ. დმანისში ვცხოვრობთ, მაგრამ მძიმე სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გამო მომიხდა, ოჯახი დამეტოვებინა და საბერძნეთში წამოვსულიყავი. ენით ვერ გადმოგცემთ, თავიდან როგორ ვერ ვეგუებოდი უცხო ქვეყანას. დღეც და ღამეც ერთნაირად ვტიროდი, ბალიში სულ სველი მქონდა. 4 ათასი ევრო ვისესხე და ისე წამოვედი, ეს 2008 წელს ძალიან დიდი თანხა იყო.

ვფიქრობდი, როგორც კი ამ ფულს მოვაგროვებ, უკან გავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ამასობაში ამდენი დრო გავიდა. ეტაპობრივად ვეჩვეოდი კიდევაც. შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი, უკან რომ წახვიდე, რა უნდა გააკეთო, არც ქარხანა მუშაობს და არც რაიმე საწარმო აშენებულა-მეთქი. ისევ მშიერი მოგვიწევდა ცხოვრება. ჩემი ოჯახის გამო ვარ უცხო ქვეყანაში, უცხო მიწაზე და, ასე რომ ვთქვათ, თავს გავაძლებინე.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ მოხუცებზე, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში უვლიდით?

– ძალიან ბევრ მოხუცთან ვიმუშავე. ყველა სხვადასხვანაირია, ზოგი ძალიან კეთილია, ზოგი მეტისმეტად ძუნწი. თავიდან ერთი მოხუცი მყავდა, რომელიც ხელფასის გარდა ყოველ თვეში ფულს მჩუქნიდა, ჩემს ოჯახს კი საჩუქრებს უგზავნიდა. სწორედ იმ ქალმა გადამატანინა მძიმე წლები, როცა მუდამ სამშობლოსა და ოჯახზე ვფიქრობდი. ის ქალი რომ გარდაიცვალა, შემდეგ ბევრი ბებია გამოვიცვალე. ახლა ვისთანაც ვარ, არ არის ცუდი ქალი, მაგრამ თავისებურია.

– რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ემიგრანტი გახდით?

– ჩემს ოჯახში ბევრი რამ შეიცვალა. ბიჭმა ცოლი მოიყვანა, შვილიშვილები მყავს. ოჯახი მრავლდება, ჭირსა და ლხინს ჩემ გარეშე იზიარებენ. მე ვარ საბერძნეთში და მრავალსულიან ოჯახს აქედან ვარჩენ.

– სანამ საბერძნეთში წახვიდოდით, საქართველოში რას საქმიანობდით?

– დმანისში ფიზიკურად მიწევდა შრომა. დავდიოდი სხვადასხვა სოფლებში და თოხსა და ბარზე ვმუშაობდი, რომ ვინმეს ფული მოეცა და ოჯახში გროშები შემეტანა. მთელი დღე მაღალ ტემპერატურაზე ფიზიკური შრომის შემდეგ 15 ლარს მაძლევდნენ და ამით ბედნიერი ვიყავი. სხვა რა უნდა გააკეთოს გლეხმა სოფელში, როცა მიწის გარდა არანაირი შემოსავალი არ არსებობს?

– როდის აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?

– საბუთს ველოდები და აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. ვიცი, რომ ქვეყანაში ისევ მძიმე მატერიალური მდგომარეობაა, ამიტომ რამდენიმე კვირა გავჩერდები და ისევ უკან დავბრუნდები.

დროა, ხელისუფლებამ იფიქროს ემიგრანტებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავი საკუთარ ოჯახის კეთილდღეობას შევწირეთ. ჩვენ 21-ე საუკუნის მამლუქები ვართ. ვალაგებთ სახლებს, ვბანთ მოხუცებს, ვუსუფთავებთ ღამის ქოთნებს, ვუმზადებთ საჭმელებს, ვუღიმით უცხო ადამიანებს იმ დროსაც კი, როცა არ ვართ კარგ ხასიათზე, მაგრამ რა უნდა ქნა, ამაში გვიხდიან ფულს, რომელსაც ვაგზავნით ოჯახებში და ისინი ამით არსებობენ.

იმაზე ვოცნებობთ, რომ საკუთარ მიწაზე გარდავიცვალოთ და ლამის ეს ოცნებაც არ მისრულდებოდა, საქართველოდან შორს, რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრის იქით ცეცხლში ვიწვებოდი.

.

საბერძნეთში რომ ხანძარი მძვინვარებდა, მარინა მახარაშვილმა თავის ოჯახს საქართველოში მაშინვე შეატყობინა, ამის შემდეგ კი მისი ტელეფონი მთლიანად დაიწვა და ოჯახი მასთან კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდა. მარინა მახარაშვილის შვილი, თამარ ნიაზაშვილი იხსენებს, რომ დედა მას უკვე გარდაცვლილი ეგონა.

თამარ ნიაზაშვილი:

– ბიძაჩემთან დაურეკავს და უთქვამს, ცოცხლად ვიწვითო, შემდეგ ზარი გაითიშა და ვეღარავინ ვურეკავდით. ჩვენი ნერვიულობა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. არ ვიცოდით, დედა, რომელიც 10 წლის უნახავი მყავს, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ერთი ღამე ფეხზე, ტირილში გავატარე. მეზობლები და ნათესავები გვამშვიდებდნენ, ცოცხალი იქნებაო, მაგრამ მე მაინც ცუდზე ვფიქრობდი. დედა გამოვიტირე.

– როდის შეიტყვეთ, რომ ცოცხალი იყო?

– ემიგრანტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჩვენ, ოჯახის წევრებმა, ფოტოები გავავრცელეთ და ვწერდით, რომ მარინა მახარაშვილს ვეძებდით. ერთმა ქალმა სოციალურ ქსელში კომენტარებში მიაწერა, რომ ამ გარეგნობის ქალი მან ზღვაზე დაინახა და ცოცხალი იყო.

მიუხედავად ამ პოზიტიური კომენტარისა, მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ დედა ცოცხალი მყავდა, შემდეგ მისი მოხუცის ნომერი გავიგეთ, დავურეკე და დავმშვიდდი.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე