კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი – ნიუ იორკის ვიცემერის გალანტური ცხოვრება

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი - ნიუ იორკის ვიცემერის გალანტური ცხოვრებაჩოხოსანი ქართველები მანჰეტენზე

“სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია”.

ამერიკა. გასული საუკუნის 50-იანი წლები. ნიუ იორკის საუკეთესო სასტუმროში, მეჯლისზე, ამერიკის მთელი ფინანსური ელიტაა შეკრებილი – მორგანები, როკფელერები… სიგარების კვამლში ბრილიანტები ციაგებენ. ყურადღების ცენტრში კი წარმოსადეგი მამაკაცია კავკასიური გარეგნობითა და ტემპერამენტით. ხალისიანად ყვება ისტორიებს, საზოგადოება აღფრთოვანებულია, ღიმილი თავადაც დასთამაშებს სახეზე, თუმცა მხოლოდ მისმა ოჯახმა იცის, შინაგანად როგორ ჭამს ნოსტალგია, როგორ ენატრება საქართველო, რომელიც 1921 წელს, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ დატოვა.

ქართველი ემიგრანტი, რომლის გარშემოც ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები ტრიალებდნენ, სიკო (სვიმონ) სიდამონ-ერისთავი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი. მან ნიუ იორკის საუკეთესო უბანში რესტორანი “კავკასიის არწივი” გახსნა, სადაც კავკასიელები იყრიდნენ თავს.

ნიუ იორკიდან 100 კილომეტრზე, მდინარე ჰუძონის ნაპირას, სვიმონმა კავკასიელთა დასასვენებელი სახლი “ალავერდი” დააარსა, რომელიც ნამდვილი წალკოტი ყოფილა. იქვე იყო აუზი და ბოსტანი, სადაც წიწმატი, ტარხუნა და ქინძი მოჰყავდათ. ნიუ იორკში მცხოვრები კავკასიელები ზაფხულს იქ ატარებდნენ.

– ასე, ძმურად და ერთობის გაგებით რომ გვეცხოვრა იქ, კავკასიაში, დღეს სამშობლოში ვიქნებოდით, – ამბობდნენ თურმე ჩრდილოკავკასიელები.

სვიმონის მიერ მოწყობილ ნიუიორკულ მეჯლისებზე ევროპულ ცეკვებთან ერთად ქართულსაც ასრულებდნენ. ამბობენ, რომ სტუმრებს განსაკუთრებულად “მთიულური” მოსწონდათ. ეროვნულ სამოსს იქვე იკერავდნენ წარმოშობით ჩერქეზ მკერავ ქალთან.

სვიმონი 1964 წელს, ერთ-ერთი თავყრილობის დროს, ცუდად გახდა და გარდაიცვალა. მას სამი შვილი ჰყავდა. უფროსი, ირინე, პირველი ქორწინებიდან. ამერიკაში ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა – კონსტანტინე და ანა.

– გულით დავრჩი ქართველი, ჩემს ახალ სამშობლოს ვუძღვენი უძვირფასესი ძღვენი – ორი ამერიკელი ქართული სისხლით, – ამბობდა სვიმონ სიდამონ-ერისთავი და მართალიც იყო, მისი შვილების ძარღვებში არამარტო ქართული სისხლი ჩქეფდა, სულით ხორცამდე ქართველები იყვნენ და ქართულ საქმეებსაც აკეთებდნენ.

ქართული ჩოხით მანჰეტენზე

სვიმონის ვაჟი, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, რომელსაც ამერიკაში კონი ერისთავად იცნობდნენ, მანჰეტენზე დაიბადა. მას ხშირად ხედავდნენ ქართულ ჩოხა-ახალახუში გამოწყობილს. ქართველთა სათვისტომოს შეკრებებზეც ყოველთვის ეროვნული სამოსით მიდიოდა, არადა საქართველოს მხოლოდ მამის და სხვა ემიგრანტი ქართველების მიერ მოყოლილი ამბებით იცნობდა.

ძლიერი მმართველი

კონსტანტინე ამერიკულ საზოგადოებაში მამასავით პოპულარული იყო, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. მან განათლება პრესტიჟულ სასწავლებლებში მიიღო, შემდეგ კი სერიოზული პოლიტიკური კარიერაც გაიკეთა. 1967-1973 წლებში ნიუ იორკის ვიცემერი გახლდათ.

“ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც, ღირსეული ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით. სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია”, – წერდა “ნიუ იორკ ტაიმსში” ამერიკის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე უილიამ რაილი.

1957 წელს კონსტანტინემ ენ ფილიპსზე იქორწინა. მათ სამი შვილი ეყოლათ – სიმონი, ელისაბედი და ანდრია. კონსტანტინე პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში, 40 წელი რესპუბლიკური პარტიის წევრი გახლდათ. პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა. ის პრეზიდენტ რეიგანის ადმინისტრაციის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. მისი მეგობრები უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.

პოლიტიკის გარდა, კონსტანტინე გარემოს დაცვის პრობლემებით იყო დაკავებული, 10 წლის განმავლობაში ნიუ იორკის მეორე რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მისი ძალისხმევით შეიქმნა ისეთი პროექტები, რომლებიც დღესაც მუშაობს ამერიკის გარემოს დაცვის სისტემაში.

ქართული საქმეები

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავს თავისი ფესვები არასოდეს დავიწყებია და თუკი შესაძლებლობა ეძლეოდა, ქართულ საქმეებს აკეთებდა. ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, მათ იურიდიულ დახმარებას უწევდა და სხვადასხვა სამსახურში ასაქმებდა.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, როცა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილი არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, კონსტანტინემ მის გადასარჩენად სოლიდური თანხა გაიღო. მამის გარდაცვალების შემდეგ “ალავერდს” ხელმძღვანელობდა და იმ ტრადიციებს აგრძელებდა, რასაც მამამისმა ჩაუყარა საფუძველი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში კონსტანტინეს ოჯახი ამერიკის პრესტიჟული ოჯახების სიის ოცეულში იყო.

სამშობლოში

1989 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი შვილებთან ერთად პირველად ეწვია სამშობლოს. მოიარა მთელი ქვეყანა, მოინახულა წინაპრების სასახლე ანანურში. ამის შემდეგ კიდევ ხუთჯერ ესტუმრა საქართველოს, 1994 წელს კი მისი ინიციატივით დაარსდა ჰუმანიტარული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, რომლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო სიცოცხლის ბოლომდე.

90-იან წლებში, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, ეს ორგანიზაცია უამრავ ჰუმანიტარულ პროექტს ახორციელებდა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში. ფონდი ეხმარებოდა თბილისის ფერისცვალების მონასტერთან არსებულ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარს, ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ კლინიკას, ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებსა და მოხუცებს.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის დაწყებულ საქმეს მისი შვილები აგრძელებენ. პაპის მოსახელე, სიმონ სიდამონ-ერისთავი, ვაშინგტონში გარემოს დაცვის ადვოკატია, ენდრიუ პოლიტიკოსია, ელისაბედი კი მხატვარია, რომელიც საქართველოშიც აწყობს გამოფენებს.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 2012 წლის იანვარში ამერიკაში გარდაიცვალა 81 წლის ასაკში.