გრიგოლ ვაშაძე: ,,ჩემი ვაჟი გერმანიაში ცხოვრობს, ხანდახან მოსკოვშიც, ნინოს ღვინის კომპანიაში მუშაობს”

გრიგოლ ვაშაძე: ,,ჩემი ვაჟი გერმანიაში ცხოვრობს, ხანდახან მოსკოვშიც, ნინოს ღვინის კომპანიაში მუშაობს"პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა,  დედის ოპონენტი, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილი, ნოდარ ვაშაძე,  დებატებში გამოიწვია.
– ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ!“ – მიმართა ნოდარ ვაშაძეს თეიმურაზ გორჯესტანმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

გრიგოლ ვაშაძემ რამდენიმე თვის წინ ჟურნალ ,,სარკესთან” თავის კარიერაზე, პირად ცხოვრებასა და შვილებზე ისაუბრა.

– ბატონო გრიგოლ. როცა თქვენ და ქალბატონმა ნინომ ერთმანეთი გაიცანით, მაშინ პირველ ცოლთან უკვე გაშორებული იყავით?

– უკვე გაშორებული ვიყავი. თუ პირველი ქორწინება ცუდი არ გქონდა, მეორეს ვერ დააფასებ. მომივიდა შეცდომა – 18 წლის ასაკში მოვიყვანე ცოლი, მაგრამ ერთი კარგი საქმე გამოვიდა – ვაჟიშვილი მყავს.

– სად ცხოვრობს და რას საქმიანობს თქვენი ვაჟი?

– გერმანიაში ცხოვრობს. ხანდახან მოსკოვშიც უხდება ცხოვრება და ასევე გახლავთ იმ ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ნინოს ეკუთვნის. ასე რომ, ოჯახურ ბიზნესშია.

– თქვენი და ქალბატონი ნინოს გოგონა როგორია, ვის ჰგავს?

– ახალი ფორმაციის ბავშვია, რომელმაც იცის, რა უნდა. იცის, რამდენად გულისამრევია საათის თუ ჯინსების ბრენდების ცოდნა. ისიც იცის, რომ დედისა და მამის მიღწევები მისი მიღწევა არ არის. 12 წლის ასაკში უკვე იცის, რომელ უნივერსიტეტში ისწავლის. სამ ენაზე ლაპარაკობს, ზრდილობიანია და მის ზედმეტ ხმას ვერ გაიგებ. შესანიშნავი მეგობრები ჰყავს, ნამდვილი, თბილისური ინტელიგენტების ოჯახებიდან.

არ აინტერესებს პათოსი – მე წელს აქ და აქ ვისვენებდი. ცხენზე ზის, როგორც კოვბოი. 4 წლის ასაკში დაჯდა ცხენზე. სწავლობს პროფესიონალურ მუსიკალურ სკოლაში. არ ვიცი, მოუნდება თუ არა, ამ გზას გაჰყვეს, მაგრამ ვიცი, სკოლას რომ დაამთავრებს, იქნება კვალიფიცირებული მსმენელი.

– ბალეტისკენ არ აქვს მიდრეკილება?

– ნიჭი, ფენომენური მეხსიერება აქვს, მაგრამ ნინომ მის პატარაობაშივე თქვა, მისი ფიზიკური აღნაგობა აბსოლუტურად არ შეესაბამება ბალეტსო. იდიოტიზმია, როცა მშობლები ცდილობენ, ბავშვს ამ ასაკში პროფესია აურჩიონ.

ნინოს არაფრის შიში ჰქონდა. მუდამ იმეორებს კიპლინგის ფრაზას – გახსენი შენი საცხოვრებელის კარი და გადი, რადგან შენი საცხოვრებლის გარეთ დიდი და ულამაზესი სამყაროაო. არაფრის ეშინოდა და ამიტომაც დაკრა ფეხი და 42 წლის ასაკში გააჩინა ქალიშვილი, სრული ერთი წელი ძუძუთი კვებავდა.

ყოველთვის გვინდოდა შვილი. მე კი განსაკუთრებით გოგო მინდოდა. ელენე ფიზიკურად ორივეს გვგავს, მაგრამ ხასიათი ვაშაძის აქვს.

– ანუ?

– (მაგიდაზე მუშტი დაცხო. – ავტ. შენ.) ასეთი ხასიათი აქვს – იცის, რა უნდა და როგორ მიაღწიოს. ლიდერია თავისი თვისებებით და მიხარია, რომ ქალთა უფლებების დამცველი იქნება მომავალში. სწორად ვითარდება და თავისი ქვეყანა უყვარს. მთავარია, თინეიჯერობაში არ აურიოს, როგორც ხდება ხოლმე.

– როგორც ვიცი, საქართველოში ღვინის ბიზნესი გქონდათ. ახლა?

– ჩემგან ისეთივე ბიზნესმენი გამოვიდა, როგორიც ფლეიტაზე დამკვრელი. კომპანია არსებობს, მაგრამ მინისტრი რომ გავხდი, პროფესიონალებს გადავაბარე. 1998 წელს 100 ჰექტარი ვაზი გავაშენე. ქართველისთვის ვაზი ბიზნესი არ არის, ცხოვრების წესია…

ინტერვიუ სრულად იხილეთ…