გიორგი ვარდოსანიძემ მარინა ბერიძე ვერ მოხიბლა – მსახიობი „მხოლოდ ქართულში“ გამოჩნდება

გიორგი ვარდოსანიძემ მარინა ბერიძე ვერ მოხიბლა - მსახიობი „მხოლოდ ქართულში“ გამოჩნდება„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „მხოლოდ ქართულის“ წლევანდელ სეზონს ცნობილი მსახიობიც  ესტუმრა. გიორგი ვარდოსანიძე თბილისის ტურის ერთ-ერთი კონკურსანტია. მანამ სანამ გიორგი ეთერში გამოჩნდება, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, მოხვდა თუ არა ცნობილი მსახიობი საუკეთესო ათეულში.

მარინა ბერიძე:

– როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას, რა იმღერა, რამდენად კარგად შეასრულა?

– მართალი გითხრათ, არ მახსოვს, რა იმღერა. არტისტების სიმღერა კიდევ სხვა ფენომენია, არტისტულად მღერიან, თითქოს ასრულებენ. ეს ჩემთვის არ იყო ისეთი ვოკალური მონაცემი, როგორიც მე მიყვარს.

– არ გვეტყვით, გადავიდა თუ არა საუკეთესო ათეულში?

– არა, მაგას ვერ გეტყვით. უნდა უყუროთ პროექტს.

გიორგი ვარდოსანიძე:

– გიორგი, აქამდე არც ერთ მუსიკალურ პროექტში არ გამოჩენილხარ. რატომ „მხოლოდ ქართული“?

– ვთვლი, რომ არ მაქვს ისეთი მუსიკალური მონაცემები, რომ ისეთი ხარისხი დავდო, როგორიც სჭირდება სხვა მუსიკალურ კონკურსებს. ეს რადგან იყო ქართული, რადგან ნაცნობია, მშობლიურია, ვთვლი რომ შედარებით უკეთ გამომდის. თუმცა, ესეც საკამათო და გემოვნების საკითხია. გადავწყვიტე საკუთარი თავი გამომეცადა, თორემ მუსიკასთან ისედაც ვმეგობრობ, ბენდიც მყავს, რომელთან ერთადაც საღამოებზე გამოვდივარ. ისეთი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული პროექტი, თუ მოვხვდები ამ პროექტის ათეულში, ერთი კვირის პრაქტიკაც  კი ძალიან დიდი სკოლა იქნება ჩემთვის, რომელსაც ჩემ პროფესიაშიც კარგად გამოვიყენებ.

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კამერა შენთვის უცხო არაა, ალბათ ღელვაც ნაკლები იყო…

– ვერ ვიტყოდი. ნაკლებს ვინერვიულებ ალბათ სცენაზე, მაგრამ ქასთინგის დროს მოვკვდი. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვინერვიულე ასე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე ბევრად ნიჭიერი ბავშვები დამხვდა იქ.  მე კიდე ჩემი გიტარით, ექვსი აკორდით ვიყავი მისული (იცინის). საბოლოო ჯამში ისე წავიდა ტურები, რომ წინ და წინ წავედი.

– რა გითხრა მარინა ბერიძემ?

– საერთოდ არ მესმოდა ვინ რას მეუბნებოდა. აფექტი მქონდა. პირველ ტურში ძალიან ძველი სიმღერა ვიმღერე. ავტორიც არ ვიცი ვინაა და დიდი ალბათობით შეიძლება ავტორსაც არ ახსოვს, რომ დაწერა თავის დროზე (იღიმება). „ყველა სათავისოდ დამკანკალებს…“,  ასე იწყება სიმღერა. პოპურში მაქვს მოსმენილი, დავით არჩვაძე მღერის. ამის შემდეგ სოფომ მთხოვა ხმებში გაგვეშალა „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“ და ამის შემდეგ მამღერეს „ლანდებს“, რომელზეც კლიპიც მაქვს  გადაღებული. სოფომ და მარინამ „კი“ მითხრეს. გიორგი უშიკიშვილისგან დამსახურებული „არა“ მივიღე.

– რით ახსნა?

– არ მინდა კონკურსანტებმა აქ დრო დახარჯონ იმ მუსიკალური ფრაზების სწავლაში, რომელიც აქამდე უნდა სცოდნოდათო. ვფიქრობ, რომ სწორი შეფასება იყო. არანაირი მუსიკალური განათლება მე არ გამაჩნია. აბსოლიტურად თვითნასწავლი ვარ.

– ე.ი. ცეკვა არ გეყო? ახლა სიმღერა მოინდომე…

– არაფერიც აღარ მინდა. ახლა მინდა სპექტაკლზე გავიდე და მივხედო ჩემ საქმეს.