გიორგი სუხიტაშვილი: ,,ჩემს ოჯახში სულ პურმარილი და დიმპიტაური იყო”

გიორგი სუხიტაშვილი: ,,ჩემს ოჯახში სულ პურმარილი და დიმპიტაური იყო"რადიოეთერი, სიმღერა, რეპეტიცია, კონცერტი, გადაღება… – ამ ყველაფრის მიუხედავად, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ვარჯიშს არასოდეს ღალატობს, სპორტს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გასტროლების დროსაც კი სასტუმროს ნომერში ვარჯიშობს. უყვარს დილით გაღვიძება, ამიტომ არ უჭირს რადიოში რადიოში” სისხამ დილით მისვლა და დილის გადაცემის წაყვანა.

“როგორც მუსიკა არ ამირჩევია, ისე არ ამირჩევია ჯანსაღი ცხოვრება, სპორტი ჩემი ცხოვრების წესია, – გვითხრა გიორგიმ და იქვე დაამატა, – ბევრი ტრავმა მივიღე, ხელების, ფეხების თითების, მაგრამ ვარჯიშს მაინც ვერ დავანებე თავი”.

— როცა დაღლილი ხართ, არ გეზარებათ ვარჯიში?

– ძალდატანებით არაფერი უნდა გააკეთო. მქონია შემთხვევა, როცა ფიტნესდარბაზამდე ძლივს მივსულვარ, რადგან დაღლილი ვიყავი, მაგრამ იქიდან დიდი ენერგიით გამოვსულვარ. სისხლის მიმოქცევა მაღალია, წნევა დაბალანსებულია, არ გეძინება, წყალს რომ გადაივლებ, მერე შეგიძლია კედელიც გაანგრიო.

— დილით ადრე დგებით?

– ბავშვობიდან მომწონდა ადრე ადგომა. დილით სულ დავრბოდი. სოფელში როცა ვცხოვრობდი, სანამ მზე ამოვიდოდა და გრილოდა, მივდიოდით სარბენად, მერე ტბაში ვბანაობდით და ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, რომელიც დღემდე ძალიან მენატრება.

დილამ მონატრება იცის, სულ სხვანაირი ჰაერია, ორგანიზმი სხვანაირად გაქვს, სხვანაირად სუნთქავ. როცა ვიღვიძებ 10 საათზე ან ცოტა გვიან, ჩათვალეთ, რომ დღე დაკარგული მაქვს, უხასიათოდ ვარ, თითქოს არ მეყო ძილი, რეჟიმი მერღვევა.

ჩემთვის გვიან ადგომა მიუღებელია. არ მესმის, დილით საწოლში მორთმეული ყავა რატომ უნდა დავლიო, როცა შეიძლება ავდგე, გავიმართო მხრებში, გავიდე გარეთ და ისე დავლიო.

გიორგი სუხიტაშვილი: ,,ჩემს ოჯახში სულ პურმარილი და დიმპიტაური იყო"— თქვენ თუ მიგირთმევიათ ყავა ლოგინში ვინმესთვის?

ძალიან მეზარება ეგ პროცედურება. ყავის გაკეთება არ მეზარება, მაგრამ ლოგინში მიართვა და რამე…

— დილით ადრე ადგომას ღამით ადრე დაძინება უხდება.

ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა. ვიცი, რომ ძილი აუცილებელია, მაგრამ ის, რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, ანუ ჩემი პროფესიები. მომწონს რადიო, სიმღერა, ორკესტრთან ერთად მუშაობა, ჩემი ბენდი, ვარჯიში და, გარდა ამისა, მიყვარს მეგობრებთან ერთად შეკრება. ამ ყველაფერზე უარს ვერ ვამბობ. შესაბამისად, თავის დროზე ძილს ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებ, მაგრამ ამასაც ნელ-ნელა დავალაგებ.

— ამბობენ, მანქანამ გაზარმაცება იცისო. თქვენს შემთხვევაში როგორაა, გიყვართ ფეხით სიარული?

– ველოსიპედიც მაქვს. ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გასტროლებზე ვარ საზღვარგარეთ. ჩემთან ერთად სიარული ეზიზღებათ, რადგან, მინიმუმი, ნახევარ ქალაქს ფეხით შემოვივლი ხოლმე. ყველაზე შედეგიანი არის ჩქარი ნაბიჯებით სიარული, ვიდრე სირბილი ან ძუნძული.

— დღის რა მონაკვეთში ახერხებთ კვებას და რისგან შედგება თქვენი რაციონი?

– არ მიყვარს ცომეული, რადგან ვმძიმდები და ძალიან მაძღარი მდგომარება არ არის ჩემთვის კომფორტული. ვცდილობ, ძირითადად მოხარშული პროდუქტები ვჭამო, ბოსტნეულს ვიღებ და მაქსიმალურად ვცდილობ, დღეში სამჯერ ვიკვებო. ეს ხან გამომდის, ხან – არა.

— წონის პრობლემა გქონიათ?

– მსუქანი არ ვყოფილვარ, მაგრამ, როდესაც წონას ვგრძნობდი სიარულის დროს, ვარჯიშის დროს ან ფოტოზე ვჩანდი მომატებული, ჩემთვის ეს დისკომფორტი იყო. იმ პერიოდში დავიკელი 8 კილო, ოღონდ დიეტით არა, ვვარჯიშობდი და ჯანსაღად ვიკვებებოდი.

— მაგალითად, რას უწოდებთ ჯანსაღ კვებას?

– ქათმის თეთრ ხორცს, წიწიბურას, მოხარშულ კვერცხს, სალათებს. თუ ადამიანი ასე იკვებება, რატომღაც დიეტას არქმევენ და ვერ ვხვდები, რატომ. ეს არის სწორი კვება და არა – დიეტა.

ზოგადად, დიეტას ეძახიან, როდესაც საერთოდ არაფერს ჭამენ, მხოლოდ გამოხდილ წყალზე არიან, კვირაში ერთხელ ერთ მოხარშულ კვერცხს მიირთმევენ, დაიკლებენ კილოგრამებს და მერე შეიძლება ერთბაშად აინაზღაურონ.

თუ დიეტებით სტრესს იღებ, ცუდ ხასიათზე დგები, მერე სხვასაც შხამავ და რად გინდა ეგეთი დიეტა? მაშინ არასწორად აკეთებ რაღაცას. როდესაც საკვებს ამცირებ, კუჭი ნელ-ნელა პატარავდება და ბევრ საკვებს ვეღარ იღებ.

— სიგარეტს ეწევით?

– არა და სასმელსაც იშვიათად ვსვამ. მიზეზი ხომ უნდა გქონდეს, რომ დალიო?

— კარგი ქეიფი არ გენატრებათ ხოლმე?

– რა თქმა უნდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ქართველი ვარ. გავიზარდე ოჯახში, სადაც სულ პურმარილი და დიმპიტაური იყო. მამაჩემი მუსიკოსია და ყოველდღე გვქონდა ცოცხალი კონცერტები. ყველაფერი სახლში კეთდებოდა, მამაპაპური სუფრა იშლებოდა და ჩემთვის ეს მდგომარება არის ბუნებრივი, მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა, პასუხისმგებლობა საკუთარი პროფესიის, მსმენელის და სპორტის წინაშე. ეს ყველაფერი არ მაძლევს საშუალებას, რომ ყოველდღიურად დიმპიტაური მქონდეს.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფეხბურთში. ფეხბურთი ჩემთვის რელიგიასავითაა. ამას წინათ მეგობარმა დამირეკა, კარგი თამაშია და წავიდეთ ჩემთან, ლუდი, ჰოთ დოგებიო… ავედით ფეხბურთის საყურებლად, მაგრამ მეორე დღეს ისევ ვარჯიში დავიწყე და კვებასაც მივხედე.

გასტროლების დროს ვიღაცამ რომ შემოიხედოს ჩემს ნომერში, იტყვის, ეს ბიჭი კარგად ვერ არისო, რადგან ნომერშიც ვვარჯიშობ.

— ვარჯიშის ასეთი მოყვარული ყოფილხართ და სპორტსმენი როგორ არ გამოხვედით?

– მინდოდა, ფეხბურთი მეთამაშა, კრივზე მევლო და რომ არა სიმღერა, დაუფიქრებლად წავიდოდი სპორტში. სხვა სფეროს ვერ ვხედავ ჩემს ცხოვრებაში. შინაგანად მაინც სპორტსმენი ვარ და ჩემი სამეგობროც ძირითადად სპორტსმენებით შემოიფარგლება.

— და სიმღერამ რატომ სძლია სპორტს?

– იმიტომ, რომ მუსიკა უფრო მეტი იყო ჩემში და არის დღემდე.

გიორგი საკარული, სარკე