,,ერთადერთი ძმისშვილი მომიკლეს, დაგვაქციეს თავიანთი ჯიბისთვის” – ქედაში კარიერზე აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა

,,ერთადერთი ძმისშვილი მომიკლეს, დაგვაქციეს თავიანთი ჯიბისთვის" - ქედაში კარიერზე აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა-დაგვაქციეს მაგ ოხრებმა, თავიანთი ჯიბის გულისთვის, გამდიდრების გულისთვის ერთადერთი  ანგელოზივით ძმისშვილი მომიკლეს. კარიერმა მუშაობა არ უნდა გააგრძელოს, უნდა მოისპონ, – აცხადებს ქედაში გარდაცვლილის მამიდა დარიკო გორგილაძე.

ქედაში კარიერზე მომხდარ აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვეპლა. შსს-მ ამ საქმეზე 3 თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძების წინასწარი ინფორმაციით, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს.

მოზარდს ქვა თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქებას ძლიერი ბიძგებიც მოჰყვა, რამაც საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

-ბავშვი ეზოში იჯდა, შიშის გამო გაქცეულა და ჭშიშკართან დაწევია ქვა, – ამბობს მეზობელი.

– მართალია, გაგვაფრთხილეს, რომ აფეთქება იქნებოდა, მაგრამ დროზე ადრე მოხდა და დაგვაზარალა. არ იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა, – აცხადებენ ბავშვის ახლობლები.