,,ექიმმა მითხრა, სასწაული მოხდა, დედაშენი კარგადააო” – რას ყვება ნანული ლურსმანაშვილი კოზმანის წმინდა სალოცავზე

,,ექიმმა მითხრა, სასწაული მოხდა, დედაშენი კარგადააო" - რას ყვება ნანული ლურსმანაშვილი კოზმანის წმინდა სალოცავზენანული ლურსმანაშვილი იმ სასწაულზე წერს, რომელიც უფალმა წმინდა კოზმა და დამიანეს მეოხებით მოუვლინა. მის ამ სტატუსს ფეისბუქგვერდი ,,უბრალოება” აქვეყნებს.

,,ერთი ნამდვილი ამბავი მინდა, მოგიყვეთ კოზმანთან დაკავშირებით…
დედა ბორითელი მყავდა და ხშირად გვიყვებოდა კოზმანის შესახებ, გვიყვებოდა, თუ როგორ შედიოდნენ ბავშვები გამოქვაბულში იქამდე, სანამ ჩირაღდანი არ ქრებოდა და ა.შ. გვიყვებოდა იმ პატარა ეკლესიაზე, თუ როგორი ძლიერი იყო და ყველაფერს შეგისრულებს, რასაც გულით შესთხოვო.
კი იცით, იმ დროს რელიგიური სწავლება როგორ იდევნებოდა და მშობლებიც ბავშვების მალულად ლოცულობდნენ, ასე რომ, ლოცვაც და თხოვნაც კი არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთხოვა უფლისთვის…

მეექვსე კლასში ვიყავი, დედა რომ ძალიან ავად გამიხდა, შემოატარეს ყველგან, სადაც კი რამეს გაიგებდა მამაჩემი, თავი არ დაუზოგავს, მაგრამ ყველგან დაითხოვეს, მაინც არაფერი ეშველება და სახლში დალიოს სული, ჯობიაო.
10 დედმამიშვილი ჰყავდა დედას და 9 დედმამიშვილი – მამას, დიდი სანათესაო გვყავს და მნახველები არ წყდებოდა ოჯახში, ემშვიდობებოდნენ დედას…

ერთ დღეს დეიდა მოვიდა ჭიათურიდან. იმ დროს ექიმიც იყო მოსული, მამასთვის უთქვამს,  ხვალინდელ დღეს ვერ გადააცილებსო. მამას უნდოდა თურმე, რომ მე არ მეყურებინა დედის სიკვდილისთვის და დეიდასთვის უთხოვია, ეგებ წაიყვანო ხვალ, აქაურობას მოაშორო საღამომდეო.

მოიმიზეზეს, ბორითში შინდი დამწიფებულა და წადი, საკამპოტედ მოკრიფეო. დილას წავედი დეიდასთან ერთად. როგორც კი კოზმანის ფერდს შევუდექით, მუხლებზე დავიჩოქე, ფორთხვა დავიწყე და ზუსტად ეს სიტყვები წარმოვთქვი: კოზმა და დამიანე ძლიერო, დედაჩემი თქვენს კალთაზე გაზრდილია, გთხოვ, გამომიჯანმრთელე და ნუ წამართმევ დედას, მამას მარტო ნუ დატოვებ, არ შემიძლია იმის ყურება, ჩუმად სულ როგორ ტირის.

ამას ვთხოვდი დილის 11 საათზე. მერე ავედით, სანთლებიც დავანთეთ მე და დეიდამ, შინდიც მოვკრიფეთ და საღამოს რომ დავბრუნდი, გზაში ექიმი შემხვდა, მომილოცა და მითხრა, სასწაული მოხდა, დილის 11 საათიდან დედაშენი კარგადაა და ფეხზე დგასო…

იმის შემდეგ დედამ 17 წელი იცოცხლა და მამის გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ გარდაიცვალა….
ასეთივე სასწაული მეც მომივლინა, როცა ჩემს გადარჩენას ექიმებიც აღარ ფიქრობდნენ.
ასე რომ, რასაც გულით და რწმენით შესთხოვ, აუცილებლად შეგისრულებს. შეგეწიოთ ყველას კოზმანის წმინდა სალოცავი”.