დიაბეტის სიმპტომები – როგორ დაეხმაროთ თავს

დიაბეტის სიმპტომები - როგორ დაეხმაროთ თავსცხოვრება დიაბეტით

სადღეისოდ შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები 21-ე საუკუნის არაინფექციურ ეპიდემიად ითვლება. დაავადების ირგვლივ მრავალი მითი არსებობს და ბევრი მის რეალურ საშიშროებას ვერ აფასებს. რა უნდა ვიცოდეთ, რომ დიაბეტი ვაკონტროლოთ?

არსებობს შაქრიანი დიაბეტის პირველი და მეორე ტიპი, ასევე ჰესტაციური დიაბეტი. პირველ შემთხვევაში კუჭქვეშა ჯირკვალი ჰორმონ ინსულინს არასაკმარისად გამოიმუშავებს. ასეთ დიაგნოზს ხშირად ბავშვთა და მოზარდობის ასაკში სვამენ. ჰესტაციური დიაბეტი ანუ ორსულთა დიაბეტი – ეს არის ორსულობის დროს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული დარღვევა, რომელიც მშობიარობის შემდეგ გადის ხოლმე.

რაც შეეხება მეორე ტიპის დიაბეტს, ის ყველაზე ხშირად მოწიფულობის ასაკში ვლინდება და ყველაზე საშიშია. რისკის ზონაში არიან ჭარბი წონის ადამიანები (ეს დიაბეტის განვითარების ძირითადი მიზეზია). განსაკუთრებით საშიშია გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან შერწყმული ზედმეტი წონა.

სიმპტომები

ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ საგანგაშო სიგნალებს, რომლებიც შაქრიანი დიაბეტის პირველი სიმპტომებია. ესენია: წყურვილის ხშირი შეგრძნება, მხედველობის დაქვეითება, ძნელად შეხორცებადი ჭრილობები და ნაკაწრები; ტერფებში დაბუჟება და ჩხვლეტა. მეტად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოცნობა, სანამ პროცესი შეუქცევადი არ გამხდარა.

შაქრიანი დიაბეტი საშიშია გართულებებით. ეს დაავადება პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა სისტემას ეხება: გულს, სისხლძარღვებს, თირკმლებს, მხედველობას, სახსრებს. ამავე დროს, დიაბეტით ავადმყოფებს შორის გულის დაავადებებითა და ინსულტით სიკვდილიანობა 2-3-ჯერ მაღალია.

როგორ დაეხმაროთ თავს

პირველ რიგში, საჭიროა ექიმის რეკომენდაციების დაცვა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა ისწავლონ სისხლში შაქრის დონის, არტერიული წნევის გაკონტროლება. ასევე ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნული პრეპარატები მიიღონ და დიეტა დაიცვან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, საჭიროა კვირაში არანაკლებ 150 წუთისა ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც უბრალოდ ფეხით გასეირნება, ასევე სპორტის ნებისმიერი სახეობები.

წონის დაკლება და ბალანსირებული კვება ასევე შაქრიანი დიაბეტის თავიდან აცილებას ეხმარება. რაციონში შეზღუდეთ შაქრის, ცხიმისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის პროდუქტები. უარი თქვით ხორბლის თეთრ პურზე, ტკბილ ფუნთუშეულზე, ჭვავის პურზე გადადით.

დიაბეტიანებისთვის ხილი აუცილებელია. ის შეიცავს სასარგებლო უჯრედისებსა და პექტინს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს. ყურადღება შეაჩერეთ მჟავე და მომჟავო-მოტკბო ხილზე. ასეთია: ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ყველა სახის ციტრუსი, მანგო, ანანასი, კივი, საზამთრო, ნესვი, ბროწეული, ასევე კენკრა – ხურტკმელი, მაყვალი, ჟოლო, მოცხარი, ალუბალი, ცირცელი.

სარკისთვის მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018