“დედას ჩემი ბიოლოგიური მამა ისე სძულდა, ვერც ჩემი შეყვარება შეძლო”

"დედას ჩემი ბიოლოგიური მამა ისე სძულდა, ვერც ჩემი შეყვარება შეძლო"“მშობლებს ვურჩევ, არ მოაკლონ ბავშვებს სიყვარული და მოფერება, რაც შეიძლება მეტი სითბო აგრძნობინონ, შთააგონონ, რომ საუკეთესოები არიან. ამით ისინი მოგებულები დარჩებიან”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალი მარი, რომლის ცხოვრებაც იმის დასტურია, როგორ შეიძლება ემსხვერპლოს ახალგაზრდის პირადი ცხოვრება არასწორ აღზრდას, როგორ შეიძლება ბავშვის უმანკო, სუფთა გული გადაიქცეს ღვარძლისა და ბოღმის, კომპლექსების ბუდედ, რისგან გათავისუფლება მოზრდილ ასაკშიც კი ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც.

მარი:

– უშნო გოგოს კომპლექსი ბავშვობიდან მქონდა. მომცრო ტანის, შავტუხა, უსახური ვიყავი. არავინ მეუბნებოდა, ჩემო ლამაზო გოგოო. გული მწყდებოდა, სხვა ბავშვებს რომ ეფერებოდნენ უფროსები. მამა სამსახურზე იყო გადაგებული, დედა ცივად მექცეოდა, თითქოს უფრთხოდა ჩემს განებივრებას.

სამაგიეროდ, ჩემს ძმას, მიკას, ეფერებოდა დაუზარებლად, რომელსაც არც სილამაზე აკლდა, არც ნიჭი, მოხერხება, კომუნიკაბელურობა და ურთიერთობის ცოდნა. მე კი ყოველთვის უკან ვიდექი ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში. ახლობლები რომ შეიკრიბებოდნენ და ერთობლივად კერძებს აათუხთუხებდნენ, გვერდზე გამწევდნენ, ეს საცოდავი გოგო რატომ მოვიხმაროთო. არადა გულით მინდოდა, დავხმარებოდი, წვლილი შემეტანა.

სიტყვა “საცოდავი” მეტსახელივით შემრჩა. რომ ვაანალიზებ, ვხვდები, რომ ეს დედის ჩემ მიმართ არასწორი დამოკიდებულებიდან იყო. დედა რომ საცოდავად მთვლიდა, სხვებსაც ასეთად მივაჩნდი. ზოგადად ასეა – მშობელზეა ბევრი რამ დამოკიდებული, როგორი გაიზრდება შვილი, რა დამოკიდებულება ექნებათ მის მიმართ გარშემომყოფებს.

– თქვენი აზრით, დედა რატომ არ იმეტებდა სითბოს და ალერსს თქვენთვის?

– ვერ ვხსნიდი, ბავშვობაში მაწვალებდა აზრი, ნაშვილები ხომ არ ვიყავი, არადა პაპას მამსგავსებდნენ, დედაჩემის მამას. ბებოს და პაპას ძალიან ვუყვარდი, მათთან სოფელში ვიზრდებოდი ორი წელი, მერე დედამ წამომიყვანა ქალაქში, რომ მშობლების მეთვალყურების ქვეშ ვყოფილიყავი.

უცნაური ბავშვი ვიყავი, სითბოს ვერ გამოვხატავდი. დედაც მკაცრად მზრდიდა. სულ მციოდა და მობუზული ვიდექი ყველგან, დედის სითბო მაკლდა. წარმოიდგინეთ, მართლა მციოდა. რომ გავიზარდე, მერეღა შევიტყვე, რომ მამაჩემის ღვიძლი შვილი არ ვყოფილვარ.

– როგორია თქვენი დაბადების ისტორია?

– დედა ახალგაზრდობაში ლამაზი იყო, ჩემს ნამდვილ მამას მოუტაცია, ცოლად სდომებია. ოჯახიც თბილად შეხვედრია, უნდოდათ დედა რძლად… დედაჩემს წამოსვლა უნდოდა, მაგრამ უკან მიბრუნება მაშინ, თანაც სოფელში, სირცხვილად ითვლებოდა. დარჩა, მაგრამ ვერაფრით შეიყვარა ქმარი, შესძულდა და სამ თვეში გამოიქცა. დედ-მამისთვის უთქვამს, თუ არ მიმიღებთ, თავს მოვიკლავო. მშობლებმაც მიიღეს.

დედა ფეხმძიმედ აღმოჩნდა, მუცლის მოშლა უნდოდა, მაგრამ ბებიამ არ დაანება, შეიძლება პირველი აბორტის შემდეგ უშვილო დარჩეო. ამასობაში ბესოც გამოჩნდა (ჩემი გამზრდელი მამა), რომელსაც დედაჩემი ბავშვობიდან უყვარდა. ჯარიდან ახალი ჩამოსული იყო. იმის შიშით, რომ საყვარელი ქალი ხელმეორედ არ დაეკარგა, სასწრაფოდ ცოლობა სთხოვა.

დედაჩემი ფსიქოლოგიურად არ იყო მზად გათხოვებისთვის, მაგრამ მშობლებმა დააძალეს. ბესო შეჰპირდა, ბავშვს ჩემად გამოვაცხადებ და შვილივით გავზრდიო. ასეც მოხდა. დედამ შეიყვარა ქმარი.

– თქვენმა ბიოლოგიურმა მამამ იცოდა თქვენ შესახებ?

– დაუმალეს, მისი ატანა არ ჰქონდათ. ეს საიდუმლო იცოდა მხოლოდ ოთხმა ადამიანმა: ბებიამ, პაპამ, დედამ და მამამ.

– თქვენ ვისგან შეიტყვეთ?

– ზრდასრული რომ გავხდი, დედამ მითხრა. ბებია-პაპამ დააძალეს, თორემ ალბათ ვერც გავიგებდი. მათ შორის ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებები…

– ამ ამბავს როგორ შეხვდით?

– შოკში ჩავვარდი. მეგონა, საკუთარი თავი დავკარგე და ვიღაც სხვად ვიქეცი – შეცდომით მოსული ამ სამყაროში. მაინც მადლიერი ვარ, რომ სიმართლე შევიტყვე და მთელი ცხოვრება ტყუილში არ გამატარებინეს. ამით ის მძიმე ტვირთი მოიცილეს, რომელსაც საიდუმლოდ ატარებდნენ.

იყო მეორე ფაქტორიც: ჩემს ბიოლოგიურ მამას ცოლ-შვილი ჰყავდა, ბიჭები. უნდა მცოდნოდა, საერთო სისხლი გვქონდა.

– ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

– დედა ჩემ მიმართ შეიცვალა, მოთბა, თითქოს მაშინ აღმოაჩინა, რომ დაბადებიდან დაჩაგრული ვიყავი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიბრალული უსახური არსების მიმართ, რომლის დაბადებაც არ უნდოდა.

– შეუძლებელია, დედას შვილი არ უყვარდეს, რაც უნდა სიმკაცრეს იჩენდეს მის მიმართ.

– ვერ ვიტყვი, რომ არ ვუყვარდი. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პატიოსან ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი, მაგრამ დედა ვერ ამჟღავნებდა სითბოს იმ კაცის შვილის მიმართ, რომელმაც ახალგაზრდობა გაუმწარა და ლამის ცხოვრება დაუნგრია. თანაც ყოველდღე უწევდა მისი უსახური ნაშიერის მოვლა. ვინ იცის, ჩემს შემხედვარეს რა ახსენდებოდა!

– ნუ უწოდებთ თქვენს თავს უსახურს. თქვენი გარეგნობიდან გამომდინარე, გასაკვირია, ამას რომ ამბობთ.

– თანდათან შევიცვალე, ფიზიკურად ცოტა გამოვკეთდი, მაგრამ “უშნო გოგოს” კომპლექსს არაფერი ეშველა. პირიქით, რაც მეტად შემოდიოდა ჩემში სიყვარულის და სქესის აღქმა, მით მეტად ვითრგუნებოდი.

– ნუთუ არავინ გყავდათ, ვინც ამ კომპლექსს დაგაძლევინებდათ, თუნდაც მეგობარი, თაყვანისმცემელი?

– დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ მთელი ბავშვობა ისე გავიარე, მეგობარი არ მყოლია. დიდობაში გავიჩინე ამხანაგები, მაგრამ მეგობარს მაინც ვერ ვუწოდებ, ვინაიდან მათთან არ ვიხსნებოდი. თან უკვე ისეთ საიდუმლოს ვფლობდი, რომლის გამჟღავნებაც სიკვდილის ტოლფასად მიმაჩნდა.

40 წელს გადავცილდი და ახლაღა ვგრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანია გულწრფელი ურთიერთობები. უკვე შემიძლია ჩემს პრობლემებზე ვისაუბრო. დღესდღეობით მყავს მეგობრები და მადლობა ამისთვის, მაგრამ პირადმა ცხოვრებამ გვერდზე ჩამიარა, ვერ ავაწყვე.

– არასოდეს არავინ გყვარებიათ?

– მთელი ცხოვრება მიყვარდა ერთადერთი ბიჭი. დღეს ის ცნობილი პიროვნებაა და მისი დახასიათებისგან თავს შევიკავებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იყო ჩემზე ლამაზი, კარგი და ჭკვიანი. გრძნობას გულში ვმალავდი და განვითარების საშუალებას არ ვაძლევდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არ შევეფერებოდი. ერთხელ წავიკითხე “აკვიატებულ სიყვარულზე” და თუ მართლა არსებობს მსგავსი რამ, ეგ მე მჭირდა.

– თავად მას რა დამოკიდებულება ჰქონდა თქვენ მიმართ?

– ზოგჯერ ისე მექცეოდა, მეჩვენებოდა, რომ მოვწონდი. მაინც ვერ ვიჯერებდი, მას და საკუთარ გრძნობასაც ერთნაირად გავურბოდი. რა აზრი აქვს ამის გახსენებას, დღეს უკვე ოჯახი ჰყავს.

– ნუთუ თაყვანისმცემლები არ გყავდათ?

– მოვწონდი ზოგიერთს, მაგრამ არც მათი მჯეროდა. წარსულმა სამუდამოდ დამასვა დაღი და ამიტომაც ვამბობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, შვილს როგორ გაზრდი. არ უნდა ჩაკლა მასში თვითრწმენა. დედამ თავის თავში იმ ტკივილის გადალახვა ვერ შეძლო და ეს ჩემდამი დამოკიდებულებაში აისახა.

– თქვენ კი ვერ შეძელით, დედისთვის გეპატიებინათ?

– თითქოს გავუგე, მაგრამ ალბათ მაინც ვერ შევძელი. შეიძლება ეგოიზმია ჩემი მხრიდან, არ ვიცი… ძნელია ადამიანს გაუგო, მისივე გზა თუ არ გაიარე ცხოვრებაში.

– თქვენი ბიოლოგიური მამა თუ ნახეთ?

– შევხვდი რამდენიმე წლის წინ, მინდოდა გაცნობა, ურთიერთობა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ისიც მსხვერპლი იყო ჩემსავით, არც იცოდა, რომ შვილი ჰყავდა. იმიტომ დასაჯეს, რომ თავის დროზე დედაჩემი უყვარდა და მოიტაცა… ასე წარმოვიდგინე, მაგრამ რომ შევხვდი, სულ სხვა შთაბეჭდილება დამიტოვა. არ ჩავთვალე საჭიროდ, ვინაობა გამემჟღავნებინა, ისე დავემშვიდობე. ურთიერთობის სურვილიც გამიქრა.

– ასე, ერთი შეხვედრით რა დაასკვენით?

– შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რაც ჩემი თვალით ვნახე, ის არის ქალების მუსუსი, ეჭვით შეპყრობილი, ფულით გაზულუქებული კაცი, რომელსაც სულიერი ღირებულებები არ გააჩნია. ვითომ საქმიანად შევხვდი, საუბარში ვუხსენე, რომ აღმოჩნდეს, შვილი გყავდეთ სხვა ქალისგან და მან თქვენი გაცნობა მოინდომოს, როგორ შეხვდებით-მეთქი. გადაიხარხარა, მასე რამდენი შვილი მყავს, ვინ იცის, ალბათ ჩემი ფულები უნდათო. ეს კი არადა, ჩემთან ფლირტის გაბმასაც ეცადა…

ჩემთვის გასაგები გახდა დედაჩემის პოზიცია მის მიმართ. ვერც მე ავიტანე და სამუდამოდ გადავუსვი ხაზი. აღარც ჩემი ნახევარძმების გაცნობა მოვინდომე. დედაც ხომ მაგიტომ ვერ მეფერებოდა, მის ნაშიერს რომ ხედავდა ჩემში…

– მამის სანახავად რომ წახვედით, ამის შესახებ იცოდა დედამ?

– არ მითქვამს. სულ მაწუხებდა ეს საკითხი, ამიტომ გადავწყვიტე ბიოლოგიური მამის ნახვა. თან მაშინ გაბრაზებული ვიყავი დედაზე რაღაც წვრილმანების გამო – მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ მიკას ცოლ-შვილსაც ჩემზე წინ აყენებდა. რძალი რომ ჩემს თავს არჩია, ამან გამაგულისა და შევხვდი მამას, მაგრამ ვინანე. ჯობდა, არ მენახა.

– მამასთან შეხვედრის შემდეგ დედისკენ გული მოგიბრუნდათ?

– მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეტყობა, იმ ჩაგრულ პოზიციაში, რომელშიც გავიზარდე, ეგოისტად ჩამოვყალიბდი. ბოღმა, რომ ჩემი ცხოვრება ვერ ავაწყვე, ხელს მიშლის, ჩემიანების მიმართ დადებითად განვეწყო.

– თქვენმა ძმამ, მიკამ, იცის, რომ სინამდვილეში მისი ნახევარდა ხართ?

– არ ვიცი, იცის თუ არა. არაფერს იმჩნევს. ბავშვობაში აუტანლად მექცეოდა, სულ მაწვალებდა. ვუთმენდი, როგორც პატარას, მაგრამ ეს მოთმინებაც ძვირად მიჯდებოდა. ვერც დავიჩივლებდი, დედა მე მამტყუნებდა. მიკას ზედმეტად ანებივრებდა, თუმცა საბოლოოდ კარგი ბიჭი გაიზარდა, დადებითი, წარმატებული ადამიანია, საზოგადოებაში ტრიალებს. ვუყვარვარ, პატივს მცემს. მისი ცოლი, ირმაც, არ არის ცუდი გოგო. ცალკე ცხოვრობენ, ორ შვილს ზრდიან.

ერთმანეთს პატივს ვცემთ, მაგრამ დედაჩემის დამოკიდებულება მაგიჟებს. სულ მათი სიხარულით და ტკივილით ცხოვრობს. გვიან შეეძინათ ბავშვები და ამაზე ნერვიულობას ლამის გადაჰყვა. მე რომ უქმრო და უშვილძირო დავრჩი, ამაზე ერთს არაფერს იტყვის, თითქოს ასეთი წესია, ჩემი მოვალეობაა, ფეხქვეშ გავეგო ძმას და რძალს და შვილები ვუზარდო. ამით გაბედნიერდება…

ცუდად ვამბობ, მაგრამ გული მტკივა, რომ ასეა. ამას წინათ იმაზეც ჩამოაგდო სიტყვა, რომელ შვილიშვილს დაუტოვოს ბინა. თითქოს მე არ ვარსებობ ან იმ სახლის მცხოვრები არ ვარ.

– ამ საკითხების მიმართ თქვენი გამზრდელი მამის პოზიცია როგორია?

– ის ყველაზე ზომიერი ადამიანია ჩვენს ოჯახში. ზედმეტს არაფერს იტყვის, თავშეკავებულია. მე და მიკას ერთმანეთისგან არასდროს გვყოფდა. ცოლსაც ყოველთვის პატივს სცემდა, სულ მუშაობდა და შემომტანი იყო (არც ახლაა უსაქმოდ), მაგრამ საოჯახო საქმეს და ურთიერთობას დედა განაგებდა, მამა არ ერეოდა, ბევრ რამეს ვერ ხედავდა. ასეა ახლაც.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემი ოჯახის წევრებს შორის ყველაზე მეტად ის მიყვარს – არასდროს უწყენინებია ჩემთვის. ცოლის სიყვარულით მისი ნაშიერიც უყვარს. დედამ კი, სამწუხაროდ, ჩემი ბიოლოგიური მამის სიძულვილით ჩემი ბოლომდე შეყვარება ვერ შეძლო. ამან ბავშვობიდან დაღი დამასვა – მოუშორებელი კომპლექსები, ბოღმა და შური ჩამითესა.

ნანა კობახიძე, სარკე