ბელა ალანია: ,,კვლავ ჩამიკრა თვალი, თან მიღიმოდა, ვაიმე, ახლა კი ძალიან გავბრაზდი!”

ბელა ალანია: ,,კვლავ ჩამიკრა თვალი, თან მიღიმოდა, ვაიმე, ახლა კი ძალიან გავბრაზდი!"მწერალი ბელა ალანია გიორგობას მომხდარ ისტორიას ფეისბუქში აცოცხლებს და წერს:

,,გიორგობა იყო, რაიონში გავემგზავრეთ ქორწილში. სეფა 150 ადამიანზე იყო გაშლილი. გრძელ სკამზე ერთმანეთზე მძივებივით ასხმულები ვისხედით. მე და ჩემი მეუღლე გვერდიგვერდ და კიდევ ნათესავი, რომელიც მანქანას მართავდა. ჩვენ წინ შუახნის კაცი იჯდა. წამოდგა, ცალ-ცალკე წარმოგვიდგა სუყველას, გიორგი მქვია, ექიმი ვარო. თამადამ მოადგილეობა მას დაავალა. ის კი მჭერმეტყველურად მართავდა სუფრას. სიყვარულის სადღეგრძელო ლამაზად დალია. შევხედე და თვალი ჩამიკრა. ვიფიქრე, მომეჩვენა ალბათ-მეთქი. ისევ გავხედე და კვლავ ჩამიკრა, თან მიღიმოდა. ვაიმე, ახლა კი ძალიან გავბრაზდი. დავხარე თავი და სანამ მაგიდა არ დავტოვეთ, არც ხმა ამომიღია და არც თავი ამიწევია.
წასვლისას გამოგვყვა, ხელი ჩამოგვართვა, დაგვემშვიდობა და შალვას აღუთქვა, ხმას თქვენ მოგცემთ, ვგიჟდები თქვენს ოჯახზე და საერთოდაც თქვენზეო.
გზაში უხასიათოდ ვიყავი. ვერც ვერაფრს ვამბობდი, გულში კი ვფიქრობდი, გაგიმართლა შალვა რომ იჯდა ჩემ გვერდით, გიორგი ხარ თუ ვინცა ხარ, თავხედო შენა, თორემ გაგაგებინებდი, როგორ უნდა თვალის პაჭუნი-მეთქი.
რამდენიმე ხნის შემდეგ, მანქანაში, შალვამ თქვა, უცნაური ამომრჩეველი იყო, მთელი საღამო თვალს მიპაჭუნებდა, ხმის მიცემის, ერთგულების ასეთი ფორმა პირველად ვნახეო.
ირაკლი მანქანას მართავდა და დინჯად თქვა, ასე, ბატონო შალვა, მეც მიპაჭუნებდა და კინაღამ ბოთლი ჩავცხე, სანამ მივხვდი, თვალის, უფრო სწორად, ქუთუთოს პრობლემა რომ ჰქონიაო.
ვაიმე, ძლივს არ ამოვისუნთქე. თავში გამომცხვარი პირველი ჩვენება უცებ შევცვალე და ვთქვი:
_ გაახარა ღმერთმა, როგორი კარგი ადამიანი ყოფილა, მეც არა ვთქვი, ასეთი მჭერმეტყველი, ნიჭიერი, ინტელიგენტი, ქმარი გვერდით მიზის და თვალის ჩაპაჭუნებას როგორ მაკადრებდა- მეთქი.
_ აი, თურმე რატომ შემჭამე, დროზე წავიდეთ, დროზე წავიდეთო, _ თქვა შალვამ და სუყველამ ბევრი ვიცინეთ. რა თქმა უნდა, არა ფიზიკურ ნაკლზე, ღმერთმა დაგვიფაროს, არამედ იმაზე, თუ როგორ დაგვაბნია ამ ამბავმა”.