ანატოლი კაშპიროვსკიმ კახა ბასილია სეანსიდან გააძევა – “მიბრძანა დაძინება, მაგრამ არ გავითიშე”

ანატოლი კაშპიროვსკიმ კახა ბასილია სეანსიდან გააძევა - "მიბრძანა დაძინება, მაგრამ არ გავითიშე"საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერი, კახა ბასილია, 2012 წლიდან მსოფლიო შოტოკან კარატეს პრეზიდენტია. მოვლილი აქვს თითქმის ყველა კონტინენტი, მათ შორის ეგზოტიკური ქვეყნები. ახალგაზრდული წლებიდან გაიტაცა ფილოსოფიამ, მისტიკამ, სამყაროსა და ადამიანის, შეუცნობლის კვლევის სურვილმა.

ძიების პროცესში არაერთ ამოუხსნელ მოვლენასა თუ საქვეყნოდ ცნობილ ადამიანთან ჰქონდა შეხება, მათ შორის – ანატოლი კაშპიროვსკისთან და რობერტ თურმანთან, ჰოლივუდის ვარსკვლავ უმა თურმანის მამასთან. მათთან შეხვედრებსა და მიღებულ შთაბეჭდილებებზე კახა ბასილია “სარკეს” უამბობს.

კახა ბასილია:

– გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, საბჭოთა იმპერიის მსხვრევის დროს, გამოჩნდნენ შარლატანები – ექსტრასენსები, ტიბეტური, ფილიპინური მედიცინის მიმდევრები და ა.შ.

სხვების მსგავსად, მეც მქონდა შეუცნობლისადმი ინტერესი და ჭეშმარიტების ძიების წყურვილი. იმხანად მოსკოვში ვცხოვრობდი, რომელიც ექსტრასენსების მსოფლიო ცენტრად ითვლებოდა.

პირველი, რაც მოვიძიე, იყო ადამიანის განვითარების ჰარმონიის ინსტიტუტი. ეს გახლდათ დახურული ორგანიზაცია – სექტის მსგავსი, დაფუძნებული ცნობილი მისტიკოსის, გიორგი გურჯიევის, ფილოსოფიაზე. მოგეხსენებათ, გურჯიევი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე მსოფლიოში. ის სტალინთან ერთად სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. საბჭოთა ბელადის ნააზრევში იგრძნობოდა მისი ფილოსოფიის კვალი.

ცნობილი ფაქტია – გურჯიევმა შეაცვლევინა სტალინს დაბადების თარიღი, რომ მასზე ფსიქოეზოთერული გავლენა ვერავის მოეხდინა. ცნობილია ისიც, რომ ჰიტლერმა გურჯიევის რჩევით აირჩია ფაშიზმის სიმბოლოდ სვასტიკა, მის ფილოსოფიაზე აეწყო გერმანული რაიხის იდეოლოგიაც.

გურჯიევის ნააზრევით სერიოზულად დავინტერესდი. დავიწყე მისი შესწავლა. იმ პერიოდის რუსეთში გურჯიევის ფილოსოფია იყო ერთი პოლუსი, ხოლო მეორე პოლუსი იაპონური ნეორელიგიური ტერორისტული სექტა – აუმ სინრიკიო.

ამ ორგანიზაციის მოძღვრებით, სექტის წევრები თითქოსდა ზებუნებრივ ძალებს ფლობდნენ, ხოლო მათმა იაპონელმა მოძღვარმა ჰიმალაის მთებში მიიღო “გასხივოსნება”. ამ სწავლებამ გაიტაცა სტუდენტები ელიტური იაპონური უნივერსიტეტებიდან, ამიტომ შეიძინა მეორე სახელწოდებაც: “რელიგია ელიტისთვის”.

სინამდვილეში ორგანიზაცია შავბნელ საქმეებს ახორციელებდა მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით გავრცელებული იყო რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ სექტის წევრი და სპონსორი იყო საბჭოთა მთავრობის არაერთი წარმომადგენელი, რომლებსაც პირადად ვიცნობდი.

სექტის მოძღვრის სიოკო ასახარას სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლების ბოლოს დაიწყო იაპონიაში და მხოლოდ ახლახან, 6 ივლისს, დასაჯეს სიკვდილით, ჩამოახრჩვეს.

სწორედ ასეთ ვითარებაში, გარდამავალი პერიოდის საბჭოთა სივრცეში გამოჩნდნენ სხვადასხვა ჯურის ექსტრასენსები, რომელთა შორის განსაკუთრებით პოპულარული გახდა ანატოლი კაშპიროვსკი, წარმოშობით უკრაინელი, მოსკოვში მოღვაწე ექიმი – ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი. 1989 წელს საკავშირო ტელესეანსებით 250 მილიონიანი აუდიტორია მიიზიდა.

– სენსაციურ ექსტრასენსს სად და რა ვითარებაში შეხვდით?

– კაშპიროვსკის სეანსებს დავესწარი სოჭის სტადიონზე, სადაც 40 ათასამდე მაყურებელი მის “ბრძანებებს” ემორჩილებოდა. დამსწრენი სეანსებზე ტრანსში ცვივდებოდნენ. მაინტერესებდა, რა ძალით მართავდა ადამიანებს, იყო თუ არა ეს რეალობა. სეანსებს ზედიზედ ვესწრებოდი.

– ექსტრასენსის ზემოქმედება თქვენც განიცადეთ?

– თავს ვაკონტროლებდი, რომ ეს ზემოქმედება ჩემზე არ განხორცილებულიყო – გამომდიოდა კიდეც. მაშინ დავრწმუნდი, რომ ადამიანი თვითონ აპროგრამებს თავს.

კაშპიროვსკი სცენაზე იწვევდა 20-30 ადამიანს ინდივიდუალური სეანსისთვის. ერთხელაც გამომიძახა. სცენაზე გასულ ყველა ადამიანს თიშავდა. ეტყოდა: “დაიძინე” და ისინიც იძინებდნენ. ამ მიზნით მოვიდა ჩემთანაც, მიბრძანა დაძინება, მაგრამ არ გავითიშე, ვინაიდან საწინააღმდეგო პროგრამირება მქონდა, თავს შთავაგონებდი, არ გავთიშულიყავი.

– კაშპიროვსკიმ როგორ ახსნა თქვენი დაუმორჩილებლობა, რა რეაქცია ჰქონდა?

– დაიწყო ღრიალი, აი, ცუდი ადამიანია, რომ გავლენას არ იღებსო. მერე საერთოდ გამაძევა სეანსიდან. ესეც გარკვეული მეთოდია – ადამიანებს შთააგონო, რომ “ცუდი ადამიანი” არ ემორჩილება კურნებას. ესე იგი, თვითონ კარგები უნდა იყვნენ, რომ კურნების ძალა მიიღონ.

– თქვენი შეხვედრა ამით არ დასრულდებოდა…

– ერთი თვის შემდეგ როსტოვში ჩაატარა სეანსი. კვლავ მოვხვდი სცენაზე. მაშინვე მიცნო, ცალკე გამიყვანა და დამსვა. სეანსის მერე მოვიდა. რაში ვარჯიშობო, მკითხა (ალბათ კოჟრები შემნიშნა ხელზე). კარატეში-მეთქი, მივუგე. მეც ვვარჯიშობდი კარატეში და კარატისტებზე ზემოქმედებას არ ვახდენო, მითხრა.

ამით უნდოდა, თავისი სისუსტე გადაეფარა. მერე მეგობრულ პოზიციაზე გადავიდა, ჩვენ ერთი “შტოდან” ვართო (კარატეს გულისხმობდა). ჩვენი შეხვედრა დამთავრდა იმით, რომ ჩაიზე დამპატიჟა საგრიმიოროში და კარატეზე მესაუბრა. ამით ცხადი გახდა ჩემთვის, თუ რას წარმოადგენდა თავად.

მივხვდი, რომ ეს იყო არა სასწაულმოქმედი მკურნალი, არამედ ჩვეულებრივი შარლატანი, კარგად შეიარაღებული მასებზე ზემოქმედების ტექნოლოგიების ცოდნით.

ადამიანები დადიოდნენ მასთან სასწაულის მოლოდინში. მისი მხრიდან კი ეს იყო არა ზებუნებრივი უნარების შედეგი, არამედ კარგად მომზადებული ფოკუსები ოკულტური ტექნიკის გამოყენებით.

– კონკრეტულად რა ტექნოლოგიებს იყენებდა მაყურებლის ტრანსში ჩასაგდებად, რაც თქვენი თვალით ნახეთ?

– ვიზუალურ ეფექტებს ქმნიდა თავისებური ვარცხნილობით, დატუშული თვალებით, რაც მის მზერას ამძაფრებდა, უფრო გამჭვირვალეს, სიღრმისეულს ხდიდა. ნახევრად ბნელ დარბაზში მედიტაციური მუსიკა ხელს უწყობდა ჰიპნოზურ ზემოქმედებას.

გარდა ამისა, ჰყავდა თანაშემწეები, რომლებიც მაყურებელთა რიგებში იყვნენ მიმოფანტული. თავად ყვებოდა რაღაც ისტორიებს და ამ ადამიანებს იმოწმებდა. მაგალითად, ხელს გაიშვერდა და შესძახებდა: “შენ, აი, შენ, ის არ ხარ, შვილი რომ მოგიკვდა?.. და იმიტომ მოხვედი, ხომ?”. ისიც დაეთანხმებოდა. ეს მაყურებელს შოკს ჰგვრიდა, ქალები ისტერიკაში ვარდებოდნენ.

– ფაქტია, რომ მრავალი ადამიანი რეალურად განიკურნა.

– ასეთი კურნება ძალიან სახიფათოა, ვინაიდან შეიძლება უკუპროცესში გადაიზარდოს. თუ ვერ აკონტროლებ ენერგიას, რომელსაც შენში უშვებ, შეიძლება დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს.

ასევე სახიფათოა ნებისმიერი სახის მკითხაობა, მარჩიელობა. ამით შესაძლებელია, ადამიანი ისე დააპროგრამო, რომ მის ცხოვრებაში განხორციელდეს ის, რაც შეიძლება არც მომხდარიყო.

არ ვსაუბრობ იმ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, როგორებიც ნოსტრადამუსი ან ვანგა იყვნენ. მათი ფენომენი შეუცნობელია.

მოვლილი მაქვს ეგზოტიკური კუთხეები: შაოლინი, ტიბეტი, ფილიპინები, იაპონია და ზუსტად ვიცი, რომ ის, ვინც სამყაროს ცოდნას ფლობს, დუმს (ისინი ერთეულები არიან და მათ არ შევხვედრივარ), ხოლო ვინც ლაპარაკობს, შარლატანია.

კაშპიროვსკისთვის ეს ტექნოლოგიები ბიზნესი იყო. როგორც ამბობენ, სეანსებით მილიონობით ფული იშოვა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. კაშპიროვსკის შემთხვევა ოკულტიზმის უარყოფითი მხარის გამოვლინებაა, თუმცა ამ გზაზე პოზიტიური ადამიანებიც არიან.

– ალბათ ამერიკელ მისტიკოსს, პროფესორ რობერტ თურმანს გულისხმობთ. გვიამბეთ მასზე.

– ის საინტერესო პიროვნებაა. პლანეტის ერთ-ერთ მთავარ მისტიკოს მოაზროვნედ ითვლება. ბუდიზმის ერთ-ერთი მთავარი ექსპერტია, ბესტსელერების ავტორი, სრულყოფილად იცის სანსკრიტი (ძველინდური ენა), საუბრობს ტიბეტურადაც. 1997 წელს გაზეთმა “თაიმმა” 25 ყველაზე გავლენიან ამერიკელს შორის დაასახელა. თავისი რეგალიების მიუხედავად, იმდენად უბრალო ადამიანია, რომ ყველას სთხოვს, დაუძახონ ბობი.

80-იან წლებში დააარსა ტიბეტური სახლი ნიუ იორკში კინოვარსკვლავ რიჩარდ გირთან და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკელ მუსიკოსთან, კომპოზიტორ ფილიპ გლასთან ერთად.

თურმანმა გააცნო მსოფლიოს დალაი ლამა XIV, რომელიც მისი ახლო მეგობარია. დალაი ლამამ ის ახალგაზრდობაში ბუდისტ ბერად აკურთხა. თავის მხრივ, თურმანი ქრისტიანია. ის ამბობს, რომ შეგიძლია იყო ქრისტიანი და ამავე დროს, ბუდისტი – ეს ხელს არ უშლის აღმსარებლობაში.

– რა ცოდნა შეიძინეთ მისგან?

– მისი ფილოსოფია დაფუძნებულია ბუნებრიობაზე, სიყვარულსა და ურთიერთგაგებაზე. თურმანის ნააზრევით, სამყარო უფრო მარტივია, ვიდრე ადამიანებს ჰგონიათ. რაც უფრო ნაკლებს მოვითხოვთ ერთმანეთისგან და მეტს გავცემთ, მით უფრო ჰარმონიული იქნება ურთიერთობა.

ნამდვილი სიყვარული ბადებს სურვილს, გააბედნიერო ის, ვინც გიყვარს და არავითარ შემთხვევაში გულისხმობს ადამიანის ეგოისტურ ფლობას. იცხოვრე შენი სულიერი, ფიზიკური, გონებრივი განვითარებისთვის, იცხოვრე სიყვარულით, აგრესიის და ბოღმის გარეშე, დატკბი ცხოვრებით და ნუ ეძებ სასწაულებს.

როდესაც რაღაც ძალიან გინდა და მთელი არსებით მიმართული ხარ მიზნისკენ – ფიზიკურად და სულიერად, ხდება სურვილის მატერიალიზაცია, ანუ მიზანი ასრულდება, ოღონდ მართლა უნდა გინდოდეს და სრული ძალებით კონცენტრირებული იყო ამისკენ. ეს ჩემს პრაქტიკაში განვახორციელე.

– რობერტ თურმანი სად გაიცანით?

– 1994-1999 წლებში კითხულობდა ლექციებს მოსკოვში. მის ყველა ლექციას დავესწარი. ატარებდა ცალკე ლექციებსაც მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის, სადაც იმართებოდა გულითადი საუბრები პროფესორსა და აუდიტორიას შორის. თარჯიმანი შესანიშნავად თარგმნიდა რუსულად.

რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი კარატეს ფედერაცია ამერიკაში ვმონაწილეობდით ჩემპიონატებზე. თურმანი ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა. წინასწარ ჩავეწერე ინტერნეტით და 2011 წელს ორ ლექციას იქაც დავესწარი.

მახლდა მეგობარი გოგო, რომელიც მეხმარებოდა თარგმნაში. სწორედ ჩემი მეგობრის საყვარელი მსახიობი იყო უმა თურმანი, რომელმაც შეასრულა კარატისტი გოგონას როლი კვენტინ ტარანტინოს ფილმებში სერიიდან – “მოკალი ბილი”. ამ როლისთვის მსახიობმა სპეციალურად შეისწავლა იაპონური ენა და აღმოსავლური ორთაბრძოლები… მერე გავარკვიე, რომ რობერტ და უმა თურმანები მამა-შვილი ყოფილან.

– პროფესორს თავისი მსახიობი შვილი, უმა თურმანი, რამე კონტექსტში ხომ არ უხსენებია?

– ერთ ლექციაზე ჩემმა მეგობარმა უმა თურმანზე ჰკითხა. მაშინ პროფესორი მოყვა სახალისო ისტორიას: მთელი ჩემი ცხოვრება უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და დასწრება თუ 40%-ია, ბედნიერი ვარო.

ერთხელ ჩემმა შვილმა მომაკითხა უნივერსიტეტში, რაღაც დასჭირდა, მეორე დღეს კი ლექციაზე 100%-იანი დასწრება მქონდაო; იმან გამაკვირვა, რომ მე მთელი ცხოვრება განათლებას მივუძღვენი და ჩემი ქალიშვილის ერთმა ვიზიტმა პოპულარული გამხადაო.

ნანა კობახიძე, სარკე