”7 წლის ასაკში მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა ჩემზე იძალადეს” – ტრანსგენდერი ლიკა ოჯახმა პანაშვიდების გარეშე დაკრძალა

”7 წლის ასაკში მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა ჩემზე იძალადეს” - ტრანსგენდერი ლიკა ოჯახმა პანაშვიდების გარეშე დაკრძალაბათუმის საავადმყოფოში რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ 25 წლის ტრანსგენდერი გარდაიცვალა. მამაკაცად დაბადებულს პირობითი სახელი ლიკა ერქვა. მკურნალობის კურსს გადიოდა ინფექციური დაავადებების, შიდს-ისა და ტუბერკულოზის ცენტრში, სადაც ერთდროულად 6 დაავადებას ებრძოდა – შიდს-ს, პნევმონიას, ტუბერკულოზს, განლევის სინდრომს, თავის ტვინის ართროპათიასა და სოკოვან დაავადებებს.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ინტერვიუ მოგვცა. ლიკა მოგვიყვა, როგორ გარიყა ოჯახმა და ამის გამო ბათუმიდან დედაქალაქში გადავიდა, სადაც პროსტიტუციას ეწეოდა.სწორედ ამ პერიოდში დაინფიცირდა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით.

ლიკა:

– 7 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი, ჩემზე მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა იძალადეს. ეს ამბავი მაშინ არავისთვის მითქვამს. 14 წლის ვიყავი, როცა ჩემი იდენტობის შესახებ შეიტყო ოჯახმა. რეაქცია იყო ძალიან მწვავე. ჯერ დედაქალაქში, შემდეგ მონასტერში, საბოლოოდ კი სახლიდან გამიშვეს. სტიგმის გამო წლებია, რაც ოჯახთან კონტაქტი არ მქონია.

– რით ირჩენდით თავს იმ დროს, როცა სახლიდან წახვედით და ოჯახმა, ნათესავებმა თქვენზე უარი თქვეს?

– სექსუალური ორიენტაციის გამო სამსახურის პოვნა ძალიან გამიჭირდა. უსახსროდ დარჩენილმა კი სექსმუშაკად დავიწყე მუშაობა. აივ-ინფექციაც სწორედ ამის შემდეგ ავიკიდე. ახლა შიდსთან ერთად 4 დაავადება მჭირს. უმძიმესი დღეები მქონდა, ვყიდდი სხეულს, რომ მეჭამა ლუკმაპური და გადამეხადა ბინის ქირა.

ეს იყო ჯოჯოხეთური დღეები. დამცირება, შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა – ამ ყველაფრის ფონზე მიწევდა მუშაობა. თუმცა მედალს აქვს მეორე მხარეც, ძალიან მომწონდა ის ვიზუალი, რომელიც თბილისში მქონდა. მეცვა კაბა და ვიყავი გამოპრანჭული, ანუ ისეთ ფორმაში, როგორიც შინაგანად ვარ.

”7 წლის ასაკში მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა ჩემზე იძალადეს” - ტრანსგენდერი ლიკა ოჯახმა პანაშვიდების გარეშე დაკრძალა– მას შემდეგ, რაც ბათუმის საავადმყოფოში მოხვდით, ვინმე გნახულობთ, გეხმარებათ?

– ბაბუა და არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა არავინ. ერთადერთი, ვინც არ დამივიწყა, ჩემი 68 წლის პაპაა. საზოგადოების დახმარება მჭირდება. ზოგადად ხდება ხოლმე, რომ საქველმოქმედოდ აგროვებენ თანხებს. მე დამატებითი მედიკამენტები მჭირდება, ასევე გადასხმები, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია.

– დედას არ დაკავშირებიხართ ან თვითონ არ მოსულა?

– დედისთვის არც დამირეკავს, არ მინდა, ამ მდგომარეობაში მნახოს. მამას არ უნდა ჩემი ნახვა, არასდროს ვაინტერესებდი. ბაბუას დავურეკე, როცა ძალიან გამიჭირდა. ის მივლის. ასევე მყავს საყვარელი დათუნია, რომელიც ბაბუამ მაჩუქა. ის არასოდეს მტოვებს, მუდამ ჩემთან არის. ახლა იმდენად ცუდად ვარ, რომ ბალიშიდანაც ვერ ვწევ თავს ზემოთ.

.

ინტერვიუს ჩაწერიდან 4 დღეში 25 წლის ტრანსგენდერი გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებიდან ტუბერკულოზის ცენტრიდან ლევან სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი ოჯახმა ტრადიციული სამძიმრისა და პანაშვიდის გადახდის გარეშე დაკრძალა.

გარდაცვლილის ახლობლებმა ეს საქციელი იმით ახსნეს, რომ რადგან მას შიდსი ჰქონდა, შიშობდნენ, რომ ცხედარი ოჯახსა და მეზობლებს ინფექციას გადასდებდა.

ლიკას ბაბუა (მამის მამა), ავთო:

– ეს გადაწყვეტილება ლიკას დედამ და ბებიამ მიიღეს. მეზობლებს უთქვამთ, მაგას იმდენი დაავადება ჰქონდა, ცხედრიდანაც გადმოგვდებს ვირუსებსო. ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ, რომ პროზექტურიდან პირდაპირ სასაფლაოზე გაესვენებინათ.

– თქვენ როდის გაიგეთ შვილიშვილის გარდაცვალების შესახებ?

– გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მივედი საავადმყოფოში. პალატაში რომ შევედი, დედამისი და ბებიამისი იქ იყვნენ. მე მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ამიტომ მაშინვე გარეთ გამოვედი. საავადმყოფოს დერეფანში ვიყავი, ყვირილის ხმა როცა გავიგე და მივხვდი, რომ ჩემი შვილიშვილი გარდაიცვალა.

– როგორც ლიკამ გარდაცვალებამდე გვითხრა, საავადმყოფოში ძირითადად თქვენ უვლიდით.

– ვერ გავრიყე. ჩემი გაზრდილია ეს ბავშვი. ერთხელ პატარაობისას მოიწამლა და მე და ცხონებული ბებიამისი ვუვლიდით. ყოველთვის ვეუბნებოდი, ასეთი ცხოვრება არ გინდა, ადამიანურად იცხოვრე-მეთქი და მპასუხობდა, გამოვსწორდები, ბაბუო. შემდეგ უკვე ძალიან ცუდად გახდა. უნდა ვთქვა ისიც, რომ ბოლო დღეებში საავადმყოფოში დედა და ბებია ადგნენ თავზე.

– თქვენ როდის შეიტყვეთ მისი ორიენტაციის შესახებ?

– სამი-ოთხის წლის წინ. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა, მეტიც, ძალიან განვიცადე, მაგრამ შვილიშვილზე უარს ვერ ვიტყოდი. ის გარიყა ყველამ, მაგრამ მე მას ხაზს ვერ გადავუსვამდი. მამამისი სოფელში ცხოვრობს, რომ დავურეკე და ვუთხარი, ასეთი ამბავია-მეთქი, მითხრა, მეორედ აღარ დამირეკოო.

.

სექსუალური უმცირესობების საკითხებზე საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, შიდს-ით ინფიცირებული ადამიანებისთვის საჭირო სერვისები ტრანსგენდერებისთვის მორგებული არ არის. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ხშირ შემთხვევაში მოწყვლადი ჯგუფები ბარიერებს აწყდებიან, რის გამოც მკურნალობას წყვეტენ. ლიკასაც მკურნალობისთვის თვითნებურად დაუნებებია თავი.

“მისთვის უნდა გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება. ლიკასთან უნდა მისულიყო სოცმუშაკი და მას უნდა გაეგრძელებინა მკურნალობა. სამწუხაროდ, დღეს ქართული ჯანდაცვის სისტემაში მსგავსი რამ არ ხდება”, – ამბობს ასოციაცია “ბროწეულას” წარმომადგენელი გოჩა გაბოიძე.

“ვერ ვუწევთ ორგანიზებას შესაბამის სერვისებს. ამისთვის ბიუჯეტი არ არის გამოყოფილი. ვაპირებთ, ძალიან ხისტად დავსვათ საკითხი, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ასეთი შემთხვევებს”, – განაცხადა “თანასწორობის მოძრაობის სამართლის ოფიცერმა” ნინო ბოლქვაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ლიკა მამაკაცის ტანსაცმლით დაკრძალეს.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე