,,თითქოს წინასწარ გრძნობდა, რა ელოდა…” – ავარიას შეწირული ახალგაზრდები

,,თითქოს წინასწარ გრძნობდა, რა ელოდა..." - ავარიას შეწირული ახალგაზრდები3 ოქტომბერს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

გარდაცვლილი 20 წლის ახალგაზრდები – დემურ ბერიძე და მარიამ გოგიტიძე, კლასელები იყვნენ და მეგობრის ქორწილიდან ბრუნდებოდნენ. მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა მარიამის დაც, რომელიც, საბედნიეროდ, გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,თითქოს წინასწარ გრძნობდა, რა ელოდა..." - ავარიას შეწირული ახალგაზრდებიმომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისას ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს.

მომხდარი ტრაგედიის თაობაზე გარდაცვლილების ახლობელი ამბები.ჯი-ს ესაუბრა.
– დემურის მანქანა, მძღოლის მხარეს ისეა გაუბედურებული და მიჭყლეტილი, გეგონება, ვიღაცამ “სვარკით” შეადუღაო, იქ ადამიანი როგორ გადარჩებოდა?! იმიტომაც ბიჭი იმ წუთშივე დაიღუპა, მარიამის გადარჩენაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

დემური და მარიამი კლასელები და საუკეთესო მეგობრები იყვნენ. დემური საუკეთესო ადამიანი იყო, შარშან უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, ქულები დააკლდა, დარდობდა, მშობლებს იმედი გავუცრუეო, წელს კი უკვე უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი ქულებით მოხვდა, ისეთი გახარებული იყო, 8 ოქტომბერს ეწყებოდა სწავლა… უკვე კარგა ხანია მუშაობდა, სწავლის ფულიც ასე შეაგროვა. ჯერ კაფეში, – მთელი ბავშვობა ცეკვავდა და კაფეშიც ამას აკეთებდა, მერე კი ბენზინგასამართ სადგურზე გადავიდა. ამ მუშაობით მანქანაც კი იყიდა, რომელიც ბოლოს მისი ბედისწერა გახდა…

დემური ბათუმის მახლობლად სოფელ წაბლანაში ცხოვრობდა. ამ წაბლანაში ერთი დიდი მთაა, რომელსაც ხალხი გოლგოთას ეძახის; აი, სწორედ ამ გოლგოთაზე აიჩემა, საქართველოს დროში უნდა ავიტანოო, შარშან ზაფხულს, მეგობრებთან ერთად, აიტანა და დაამაგრა კიდეც.

მარიამი თითქოს წინასწარ გრძნობდა, რა ელოდა, დაუწერია, ცოტა მაცალეთ და ისე წავალ, რომ არასოდეს დაგიბრუნდებითო.

კვირის პალიტრა