სალომე ზურაბიშვილს 2 დღეში 180 ათასი ლარი ჩაერიცხა – შტაბი ფარცხალაძის ოჯახის კუთვნილ ფართში აქვს განთავსებული

სალომე ზურაბიშვილს 2 დღეში 180 ათასი ლარი ჩაერიცხა - შტაბი ფარცხალაძის ოჯახის კუთვნილ ფართში აქვს განთავსებულიორ დღეში ჩარიცხული 180 ათასი ლარი – სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი დამფინანსებელი სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფია“. 28-29 სექტემბერს “შპს არქი გლდანის” მეწილემ და დირექტორმა, კახაბერ-კობა ივანოვმა, სამშენებლო კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა, ირაკლი ქაფიანიძემ და “შპს არქი ვარკეთილის” მეწილემ და დირექტორმა დიმიტრი ადამიამ სალომე ზურაბიშვილს 60-60 ათასი ლარი შეწირეს.

კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი სპონსორია, მმართველი გუნდის დეპუტატი, ილია წულაიაა. ის ამტკიცებს, რომ მისი თანამშრომლებს სოლიდურ თანხას სალომე ზურაბიშვილს ნებაყოფლობით ურიცხავენ.

ფულის ნაწილს, რომელსაც ილია წულაიას კომპანიიდან ზურაბიშვილი იღებს, ოთარ ფარცხალაძეს ოჯახში მიდის. ვარდების მოედანზე მდებარე საარჩევნო შტაბი რესტორან „წინანდლის“ საკუთრებაშია. იჯარისთვის ზურაბიშვილი თვეში 11 ათას ლარს იხდის.

„წინანდლის“ მფლობელი კომპანია „ეკო ჯგუფია“, სადაც 50 პროცენტიანი წილი ოთარ ფარცხალაძის შვილს, ანდრია ფარცხალაძეს ეკუთვნის. იმის შესახებ რომ სოლიდურ თანხას ყოველთვიურად ფარცხალაძეს ურიცხავს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არაფერი იცის.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შემოწირულობები ხელისუფლების ოპონენტებისთვის განხილვის თემა გახდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მთელი პარტიული და სახელმწიფო რესურსი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაზე მუშაობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სალომე ზურაბიშვილის სექტემბრის შემოწირულობების შესახებ ინფორმაციას გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტების მიხედვით, გასულ თვეში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა 332 245 ლარი მიიღო.

რუსთავი 2