ნინო მუმლაძის ქათმის კერძი ვაშლით და ხახვით – ,,დაბალკალორიული პროდუქტებისგან კერძების ახალ-ახალ ვარიაციებს ვქმნი”

ნინო მუმლაძის ქათმის კერძი ვაშლით და ხახვით - ,,დაბალკალორიული პროდუქტებისგან კერძების ახალ-ახალ ვარიაციებს ვქმნი"მსახიობ ნინო მუმლაძეს სახლში კულინარიის ოსტატი ჰყავს – ბებია, რომელმაც შვილიშვილიც კარგ მზარეულად გამოწვრთნა. სამზარეულოში ფუსფუსი არასდროს ღლის, პირიქით, სიამოვნებს და ეხალისება კერძების ახალი ვარიაციების მოგონება, ექსპერიმენტირება. სულ ძიებაშია და ახალ გემოებსაც ყოველთვის პოულობს.

ნინო რეცეპტებს იშვიათად იყენებს. იმ პროდუქტებით, რომლებიც დაბალკალორიულია, კერძებს სწრაფად და მარტივად ამზადებს. ,,სარკის” მკითხველს შეუძლია მისი რეცეპტებით იხელმძღვანელოს. როგორც მსახიობი ირწმუნება, უგემრიელესი გამოდის.

– ნინო, თქვენ მიერ მომზადებული კერძებიდან რომელი იწვევს ახლობლების აღფრთოვანებას?

– როგორც წესი, ყველაზე მეტად ჩემი მომზადებული ქათამი მოსწონთ. სხვადასხვანაირად ვაკეთებ და ერთ-ერთ ვარიანტს თქვენც გაგიმხელთ. საჭიროა 1 კგ ქათმის ფილე, 5 მწვანე ვაშლი, ამდენივე თეთრი ხახვი, ცოტა ზეთი და ყველაზე მთავარი – ინდური სანელებლები, რომელსაც კარიში იყენებენ (კარი – ინდური კერძი, რომელიც რაგუს მსგავსია, სხვადასხვა სანელებლებით კმაზავენ და ამ სანელებლების ნაზავს მასალა ჰქვია. ავტ.), გადამეტება არ ღირს, რადგან ცხარეა.

ფილეს და ვაშლს ვჭრი კუბიკებად, ხახვს – ნახევარრგოლებად. დიდ ტაფაზე, ზეთში ჯერ ვშუშავ ვაშლს, ვაყრი ძალიან ცოტა სანელებელს და როდესაც შევარდისფერდება, ხახვს მოვაყრი. როდესაც ხახვიც ოქროსფერი გახდება, ვუმატებ ქათმის ფილეს და დაბალ ცეცხლზე ნელ-ნელა ვშუშავ. ვაშლი რაც უფრო მეტად ჩაიშლება, მით უკეთესია. ბოლოს ვამატებ მარილს და სანელებელს გემოვნებით.

ძალიან მარტივი, უცნაური, მაგრამ გემრიელია. ზეთს თუ 2 სუფრის კოვზზე მეტს არ გამოვიყენებთ, საკმაოდ დაბალკალორიულიც გამოგივათ.

– ცხობაც გეხერხებათ?

– აი, ეს, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდად გამომდის. არ არსებობს კერძი, რომელიც ვცადე და არ გამომივიდა, ცომს კი არ ვუყვარვარ თუ მე არ მიყვარს იმის გამო, რომ მასუქებს, არ ვიცი. მოკლედ, არ გვაქვს კარგი ურთიერთობა.

დესერტისთვის მივმართავ ხოლმე ასეთ ხრიკს: ვყიდულობ გაყინულ ფენოვან ცომს (ერთი დაფისთვის ნახევარკილოგრამიანი მყოფნის), ვაბრტყელებ და ვაფენ თუნუქის ფქვილმოყრილ დაფაზე. დანით ალაგ-ალაგ ოდნავ ვსერავ, რომ ცხობისას ბუშტები არ გაიკეთოს, შემდეგ გადავუსვამ გარგარის ჯემს, ზემოდან ვალაგებ თხლად დაჭრილ ვაშლს (კარგი იქნება, ვაშლს ნახევარმთვარის ფორმას თუ მისცემთ), შემდეგ კი ვაყრი ცოტა შაქარს და დარიჩინს.

ცალკე ვათბობ 2 ჩაის კოვზ თაფლს და წვრილ ზოლებად მოვასხამ ცომს. ღუმელში მანამდე ვაცხობ, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება. ძალიან გემრიელი და ხრაშუნა დესერტი გამოდის, თან საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. თუ დიეტაზე არ ვარ, ხშირად ვამზადებ.

– სალათებშიც გეყვარებათ ექსპერიმენტები.

– სალათებს უმეტესად იმპროვიზაციებით ვამზადებ, რეცეპტებს არასდროს მივყვები. რაც მაქვს და რისი გემოც მსიამოვნებს იმ მომენტში, სწორედ ის ხდება იმ კონკრეტული სალათის რეცეპტი. ისე, არაფერი ჯობია ჩვენს ქართულ სალათებს ნიგვზით.

– ხშირად საუბრობთ დიეტაზე. რა საჭმელი აუკრძალეთ საკუთარ თავს?

– ჰო, სამწუხაროდ, წონის კონტროლი ჩემი მარადიული პრობლემაა. ჩემისთანა გურმანისთვის კი ორმაგად რთულია საკვებში რაღაცების აკრძალვა, ამიტომ სულ ვცდილობ, იმ პროდუქტებით, რომლებიც დაბალკალორიულია, ახალ-ახალი ვარიაციები შევქმნა. აკრძალვები კი ისეთია, როგორიც ყველა ჭარბწონიანი ადამიანისთვის: ტკბილეული, ცხიმიანი, ცომეული, ზოგიერთი ხილი და ა.შ.

ლანა კიკნაძე, სარკე