,,ნაიარევები, რომლებიც მის პატარა სახეზე ვნახე, ადვილი ასატანი არ იქნებოდა” – ჟურნალისტის ემოციური პოსტი გორში მოკლულ 8 წლის ბავშვზე

,,ნაიარევები, რომლებიც მის პატარა სახეზე ვნახე, ადვილი ასატანი არ იქნებოდა" - ჟურნალისტის ემოციური პოსტი გორში მოკლულ 8 წლის ბავშვზეგორში უსასტიკესად მოკლულ 8 წლის ბავშვზე ტელეკომპანია ,,დიას” ჟურნალისტი თათი გოგოლაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,გუშინ პირველად და მეგონა, უკანასკნელად ვნახე პატარა ნანიკო… უზარმაზარი ეზო, რომლის კედლებსაც ყვავილები ფარავდა, გაჭირვებით გავიარე. გზადაგზა ძალა მეცლებოდა მუხლებიდან. უკანასკნელი ღონე მოვიკრიბე და შევედი ოთახში. მდუმარედ იჯდა ყველა. თვალებით ნანიკოს დედას დავუწყე ძებნა. დიდი დრო არ დამჭირვებია მის ამოსაცნობად. სად იქნებოდა, თუ არა შვილის გვერდით – ძაძებით შემოსილი ჩემი ასაკის გოგო, უზარმაზარ სასახლესთან ჩამუხლულიყო …
ბავშვს დავხედე… ნაზი სახე გაფითრებოდა. ღმერთო, რა ლამაზი იყო, არაერთი წითელი ნაიარევის მიუხედავად! გავბედე და ფრთხილად შევეხე მის დედას, ძლივს ამოვთქვი ორი სიტყვა, რომლითაც გამძლეობა ვუსურვე…
ცოტა ხანს ჩამოვჯექი კიდეც ბავშვის ფეხებთან. სული მოვითქვი და შევნიშნე მამაც. იქვე ყოფილა, ლოცვას უკითხავდა საკუთარ ანგელოზს.
წამოვედი.
მთელი გზა იმაზე ფიქრში გავლიე, როგორ ვერავინ გაიგო ბავშვის ხმა. ნაიარევები, რომლებიც მის პატარა სახეზე ვნახე, ადვილი ასატანი არ იქნებოდა. დიდი ადამიანი ვერ გაუძლებს, ბავშვი უჩუმრად როგორ აიტანდა?!
ვერასოდეს დავიჯერებ, რომ შემთხვევის ადგილზე, რომელიც მჭიდროდაა დასახლებული, უმნიშვნელო კივილიც ვერავინ გაიგონა! მათ ადგილზე ვერასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს – უმოქმედობას…
მხოლოდ ერთი მინდა – არასოდეს არავინ გამოსცადოს შვილის სიკვდილი, არც ერთმა პატარამ არ გაიზიაროს 8 წლის ნანიკოს ბედი და ძალა მისცეს უფალმა მის მშობლებს ამ ტკივილთან გასამკლავებლად…

მეგონა, ვეღარ შევძლებდი, მაგრამ დღესაც ვიყავი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. უკანასკნელ გზაზეც გავაცილე პატარა ანგელოზი… სასაფლაოზე ასასვლელად ძალა აღარ მეყო და სამსახურისკენ წამოვედი. წამოვედი, რომ  4 საათიან გამოშვებაში მომეყოლა თქვენთვის, როგორ დაკრძალეს სასტიკად ნაწამები გორელი ბავშვი და როგორ დაუმძიმდა დაკავებულს ბრალი – გარყვნილების ქმედების მუხლით!”