მკვლელი გზები – ყოველ წელს 700-მდე ადამიანი ავარიაში გვეღუპება – საქართველო ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანაა

მკვლელი გზები - ყოველ წელს 700-მდე ადამიანი ავარიაში გვეღუპება - საქართველო ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანაასაქართველო კატასტროფული პერსპექტივის წინაშე დგას – მეორე წელია, ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანაა საგზაო შემთხვევების მაჩვენებლით. ტრანსპორტის სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ უახლოეს წლებში, ავტოპარკის ზრდასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში სასიკვდილო სტატისტიკაც გაიზრდება.

2017 წელს ავარიების შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა, 8 461 პირი დაშავდა. მიმდინარე წლის ზუსტი სტატისტიკა ცნობილი არ არის, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს ანტირეკორდი მოიხსნება.

გზებზე შექმნილი ვითარება აუდიტის სამსახურმა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ავტოპარკის 30%-ის მფლობელთა ვინაობა დაუდგენელია, საუბარია სამსახურეობრივ მანქანებზე, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს თუ კომპანიის ბალანსზე ირიცხება და ვინ მართავდა დროის მოცემულ მომენტში, დაუდგენელია.

განსაკუთრებით მაღალია ავარიით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალგაზრდებში. ტრავმები პირველ ადგილზეა 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდების სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის. დაღუპულთა თითქმის ნახევარი – 49 პროცენტი – ფეხით მოსიარულე, მოტოციკლეტისტი ან ველოსიპედისტია. ყოველი 4 დაღუპულიდან 3 მამაკაცია.

სპეციალისტები რისკფაქტორებს შორის პირველ რიგში ასახელებენ სიჩქარის გადამეტებას, შემდეგ – ალკოჰოლის მიღებას. თანდათან იზრდება მობილური ტელეფონით გამოწვეული საგზაო შემთხვევების რაოდენობაც.

სავალალო თავად გზების მდგომარეობაც. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი, ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული გზების უმრავლესობა, როგორც ქვეითების, ასევე მძღოლების სასაკლაოდ არის ქცეული.

— ბატონო დავით, როგორი ვითარებაა საქართველოში ავტოსაგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

– როდესაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება შენს ქვეყანაში, ეს არის კატასტროფა! საქართველოში გზები არის სისხლიანი და ამ ქვეყანაში ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე რომელიმე ომში.

ნასვამი ადამიანისთვის პოლიცია არის მეგობრული. თუ გაქვს ფული, შეგიძლია საჭესთან იჯდე ნასვამი, გადაიხადო ჯარიმა და მორჩა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთი მძღოლი ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ 120-ჯერ დააჯარიმა. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვერ გვიცავს იმ პირებისგან, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან კანონმორჩილ მძღოლებსა და ქვეითებს.

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა არის ასეთი: საშუალოდ ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება, 10 000-მდე პირი კი სხვადასხვა დაზიანებას იღებს. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში 7000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ეს მხოლოდ ისაა, რაც რეგისტრირებულია.

ვიცით, რომ არის არარეგისტრირებული შემთხვევები, როდესაც მძღოლებს შორის გარიგება ხდება. ევროპის მასშტაბით, ეს არის ყველაზე უარესი შედეგი. რეგიონში ჩვენზე წინ იყო სომხეთი, მაგრამ ჩვენ გადავასწარით დაშავებულების და გარდაცვლილების რაოდენობით. აზერბაიჯანმა კი ტრანსპორტის რეფორმა 4 წლის წინ დაიწყო და ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვთ.

— რა არის მიზეზი, რომ ამ მდგომარეობამდე მივედით?

– ის, რომ არავის აღელვებს ყოველ წელს გარდაცვლილი 600-700 ადამიანი. ეს რიცხვები ხელისუფლებისთვის უბრალოდ სტატისტიკაა. როგორ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც ამდენი ადამიანი იღუპება, არ არსებობდეს ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი უწყება?! ვიდრე ის არ შეიქმნება, ავარიების რაოდენობა არ შემცირდება და მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზებიც არ გვეცოდინება.

პატრული ადგილზე მიდის მას შემდეგ, რაც ავარია უკვე მომხდარია, შესაბამისად, ისინი სტატიასტიკას უფრო აფიქსირებენ. ცვლილებები არც ერთი ხელისუფლების დროს არ განხორციელებულა.

— გარდა სპეციალური უწყების შექმნისა, კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რომ პრობლემა გლობალურად მოგვარდეს?

– ამ კუთხით ბევრი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. მაგალითად, ახლა ბაღებში არაფერი ისწავლება, ევროპაში კი 5-6 წლის ბავშვმა იცის, რა არის ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი. აქ ავტოსკოლები გამოცდაზე უშვებენ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი ცოდნა არ აქვთ. ამით ჩვენ ვიღებთ პოტენციურ მკვლელებს. აუცილებელია, დაიწყოს ავტოსკოლების ლიცენზირება.

რაც შეეხება ქულათა სისტემას, ძალიან ცუდად უნდა მოიქცე, რომ წელიწადში ეს 100 ქულა დაკარგო. ჩვენი მიზანია, რომ ფინანსურად ძლიერი ადამიანი კანონს დაემორჩილოს.

.

დავით მესხიშივლის მიერ წარმოდგენილ საგანგაშო სტატისტიკას ემატება ის პრობლემაც, რომ არამხოლოდ მძღოლები არიან დამნაშავეები, ხშირად ფეხით მოსიარულეებიც არანაკლებ სცოდავენ და საავარიო სიტუაციებს ქმნიან.

– ცოტა ხნის წინ თბილისიდან ბათუმში მივდიოდი გვიან ღამით. მოულოდნელად მაგისტრალი გადაკვეთა ახალგაზრდა ქალმა ბავშვთან ერთად. ქალი გადადიოდა გზაზე, სადაც, წესით, მხოლოდ მანქანები უნდა მოძრაობდნენ. ავტომობილი მარჯვნივ გადავიყვანე, მაგრამ სხვა მანქანას დავეჯახე, – გვიყვება მძღოლი ავთანდილ დოლიძე.

– მძღოლებმა ნორმალური ტარება არ იციან და მართვის მოწმობებს კი აძლევენ. უცხოეთში მომუშავე დედას ან მამას წლობით მონატრებული შვილის გახარება სურს და მისთვის მანქანას ყიდულობენ. შემდეგ ეს ახალგაზრდები მაღალი სიჩქარით დარბიან და ხშირად ნასვამებიც მართავენ საჭეს, – ამბობს მძღოლი ნატო ცირეკიძე.

გზებზე არსებულ რთულ ვითარებას აღიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებიც. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საავტომობილო გზების სრული აღჭურვა უნდა მოხდეს ჭკვიანი ვიდეოკამერებითა და რადარებით.

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ოპტიმისტურად არის განწყობილი და ირწმუნება, რომ 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 12,4%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო 15%-ით – დაშავებულთა რაოდენობა.

– და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რიცხვი 33%-ით არის გაზრდილი. ამ მზარდი ტენდენციის ფონზე 2010 წლიდან დღემდე პირველად მოხდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დაშავებულთა რაოდენობის მაჩვენებლები შემცირდა. ეს მოხდა პირველად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცვლილებები.

– 30 მილიონია დამატებით საჭირო, რომ ქვეყნის მასშტაბით კიდევ მოხდეს 2 500 ჭკვიანი კამერის შეძენა. საქართველოს პარლამენტი მზად ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარი დავუჭიროთ, რათა მოხდეს დამატებით ჭკვიანი კამარებისა და რადარების შეძენა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე