,,ივერიელმა” ზურაბ ცისკარიძემ ფეხბურთელ შვილთან ერთად ამერიკაში მაღაზიების ქსელი შექმნა

,,ივერიელმა" ზურაბ ცისკარიძემ ფეხბურთელ შვილთან ერთად ამერიკაში მაღაზიების ქსელი შექმნაქართველი ფეხბურთელი, ზურაბ ცისკარიძე, 4 წლის იყო, როცა მშობლებმა საქართველოდან წაიყვანეს. მამამისი ლეგენდარულ ანსამბლ “ივერიის” ყოფილი წევრი, უფროსი თაობის ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ზურაბ ცისკარიძეა. ოჯახი ჯერ პოლონეთში ცხოვრობდა, სადაც უმცროსმა ზურაბმა 10 წელი გაატარა, 14 წლის ასაკში კი ამერიკაში წავიდა, მამასთან.

მისი საფეხბურთო კარიერა პოლონეთში დაიწყო, გაგრძელდა ამერიკასა და შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2016 წლიდან საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრია. როცა ის სამშობლოში მიიწვიეს, 29 წლის იყო და მაშინ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა:

“თბილისი, საქართველო. 29 წლის წინ მე აქ დავიბადე. ჩვენი ოჯახი ჰარმონიასა და სიყვარულში ცხოვრობდა იქამდე, სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ჩემი ცხოვრების პირველი 5 წელი სამშობლოში, ძალიან მშვიდ გარემოში გავატარე, შემდეგ კი ჩვენი გზები გაიყარა. დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი სხვა ქვეყნების ენებს, კულტურას, რელიგიას…

25 წლიანი განშორების შემდეგ ბიჭი, რომელმაც აქაურობა ცრემლებით დატოვა, შინ პროფესიონალი სპორტსმენის რანგში ბრუნდება. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება პირველად უნდა დაიცვას.

ეს რომ წიგნი ყოფილიყო, ზოგი იტყოდა, რომ გამოგონილი ამბავია. თუმცა ეს ნამდვილი ისტორიაა. ცხოვრებაში ბევრი ადამიანის მადლიერი ვარ. ცხოვრება გრძელი გზაა, ამიტომ მარტომ არ უნდა იარო”.

მიუხედავად იმისა, რომ ზურაბმა 7 ენა იცის და ახლა მერვეს, მისი მომავალი ცოლის, მშობლიურ ენას, შვედურს სწავლობს, ქართულად არ საუბრობს. მას შვედეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ინგლისურად ჩავწერეთ.

– ზურაბ, ფეხბურთი თქვენ საქმედ ამერიკაში იქცა. გახსოვთ, პირველად როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

– სინამდვილეში ასე მოხდა: 4-5 წლის ასაკში პოლონეთში წავედი. ვარშავაში ვცხოვრობდი 10 წლის განმავლობაში, პოლონურ ენაზე სრულყოფილად ვლაპარაკობდი. სწორედ იქ, სამეზობლოში დავიწყე ფეხბურთის თამაში. ამერიკაში 14 წლის ასაკში გადავედი და 3 წელი ვცხოვრობდი, სანამ სპორტულ კარიერას დავიწყებდი.

— პირველი პროფესიული გუნდი რომელი იყო და ამერიკიდან ევროპაში რატომ წახვედით?

– ევროპაში თამაში ყოველთვის მინდოდა. პირველად, როდესაც 17 წლის ვიყავი, თავდამსხმელად დავიწყე თამაში, მოედანზე მცველად ყოფნა ჩემი ოცნება არასდროს იყო. 2004 წელს ბრაზილიაში წავედი, მაგრამ ერთ წელში ამერიკაში დავბრუნდი, რადგან ახალი დოკუმენტები უნდა გამეკეთებინა. ბრაზილიაში ინგლისურად არავინ საუბრობდა, ამიტომ მომიწია პორტუგალიურის შესწავლა.

ბრაზილიაში საფეხბურთო ვიზის პრობლემა შემექმნა, რადგან იმ დროს უცხოელ ფეხბურთელებზე ლიმიტი იყო. ამიტომ კლუბში, სადაც მე ვთამაშობდი, ახალი დოკუმენტი არ გამიკეთეს. 2007 წელს ამერიკაში დავბრუნდი და “კანზას სიტიში” ჩავირიცხე. 18 წლის რომ გავხდებოდი, მათთან პროფესიული კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, მაგრამ, ჩემი მენეჯერის თქმით, უკეთესი იქნებოდა, თუ ევროპაში წავიდოდი.

ეს ხომ ჩემი დიდი ოცნება იყო და პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე საფრანგეთის მესამე დივიზიონის “სეტესთან”.

— გაამართლა თქვენმა ამ ნაბიჯმა?

– დიდი შეცდომა აღმოჩნდა. ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულები იყვნენ და ჩრდილოეთ აფრიკის ხალხთან პრობლემები ხშირად ჰქონდათ. შემდეგ დავბრუნდი ამერიკაში, “მაიამიში”, სადაც მწვრთნელი იყო ბრაზილიელი ზინიო, რომელიც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული კარიერა.

— ყველაზე კომფორტულად თავს რომელ გუნდში გრძნობდით?

– 2010 წელს მქონდა საუკეთესო სეზონი კანადაში, ქალაქ ვანკუვერის გუნდ “უაითქეპში”.

— შემდეგ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრები. როგორ გაიხსენებდით იმ მომენტს, როდესაც ეროვნულ გუნდში გამოგიძახეს? რა გრძნობა გქონდათ, როცა საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდით?

– საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი, გიორგი კაციტაძე, დამიკავშირდა. ყოველთვის ვოცნებობდი, საქართველოს ნაკრებში მეთამაშა, მაგრამ ამავე დროს ვიცოდი, ეს რამდენად რთული იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა. ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. არ ვიცი, რა იყო სწორი ან არასწორი, მაგრამ თუ შანსი მომეცა, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ნაკრებში.

სამუდამოდ მადლიერი დავრჩები ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის, რომ 2016 წელს ნაკრებში გამომიძახა. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

— როგორი ემოცია დაგეუფლათ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას, გამოსვლისას, როცა ამდენწლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდით?

– ძალიან ემოციური მომენტი იყო, რაღაც ფილმს ჰგავდა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა, მითხრა, რომ ნაკრებში ჩემს საცოლესთან, სოფიასთან ერთად შემეძლო მისვლა. ჩვენ ერთად მივედით, გავიცანით ყველანი და ეს ყველაფერი მშვენიერი იყო.

მთელი ცხოვრება ქართულ კერძებს ვჭამდი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად – არა. ასე რომ, წარმოდგენა მქონდა, რა მელოდებოდა. როდესაც საქართველოში გავსინჯე ქართული კერძები, ეს იყო სულ სხვა კლასი. ჩემს შეყვარებულს, სოფიას, განსაკუთრებით ხაჭაპური მოეწონა. თბილისში ის ადგილიც მოვინახულე, სადაც გავიზარდე. ყველაფერი ძალიან ემოციური და თითქოს არარეალური იყო.

— ამერიკაში ცხოვრებას როგორ შეაფასებთ, რა მოგცათ ამ ქვეყანამ?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ ბევრ ადამიანს ამერიკაზე მცდარი წარმოდგენა აქვს. იქ არ არის ადვილი, თავი ირჩინო, ფულის ხეები ნამდვილად არ იზრდება და, თუ გინდა, რომ რამეს მიაღწიო, ბევრი უნდა იმუშაო.

წლების განმავლობაში ამერიკაში საუკეთესოდ ვცხოვრობდი. რამდენიმე წელი სკოლაშიც ვიარე და 2-3 კლუბში ვთამაშობდი. ამერიკის გარდა ბევრ ქვეყანაში ვიცხოვრე, მაგრამ დედამიწაზე საქართველოზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.

— მამათქვენი, ზურაბ ცისკარიძე, საქართველოში პოპულარული მომღერალი იყო. თქვენ გამოგყვათ სიმღერის ნიჭი?

– არა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ფაქტი: ალექსანდრე იაშვილმა თბილისის “დინამოში” კარიერა როდესაც დაასრულა, იმ მატჩის დაწყების წინ გაისმა სიმღერა, “დინამო, დინამო”. თვალებზე ცრემლი მომადგა, რადგან მამაჩემის სიმღერა და ხმა მოვისმინე, ის ანსაბლ “ივერიასთან” ერთად ასრულებდა ამ სიმღერას.

რაც შეეხება დედას, ის თბილისში ბრწყინვალე ბალერინა იყო და მას ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ცნობილი მოცეკვავე, ნიკოლოზ ცისკარიძე, ჩვენი შორეული ნათესავია, მამას ის კარგად ახსოვს, მაგრამ მე ჯერ არ შევხვედრივარ და იმედია, ეს დღეც დადგება.

— მამა ფეხბურთის ემოციური ქომაგია?

– ზურაბი უფროსი? ის ნამდვილი ლეგენდაა. ფეხბურთის მიმართ ძალიან ვნებიანია – ყველა ქართველის მსგავსად. მამა მადრიდის “რეალის” დიდი გულშემატკივარია. შეუძლია ფეხბურთზე საათობით ისაუბროს. მენატრება მასთან ერთად ფეხბურთის ყურება, დიდი გრძნობაა, როდესაც ოჯახში ერთად ვადევნებთ თვალს თამაშებს.

ახლა სხვადასხვა ადგილებში ვცხოვრობთ, 2015 წლის შემდეგ ამერიკაში აღარ ვყოფილვარ.

– მამა ამერიკაში რას საქმიანობს?

– ჩვენ გავაკეთეთ სასურსათო მაღაზიები. ეს ძალიან რთული და ამავე დროს მოთხოვნადი ბიზნესია. ძალიან ვამაყობ, რომ მამამ ამდენს მიაღწია, თანაც ყოველგვარი დახმარების გარეშე. როდესაც პატარა ვიყავი, ვცდილობდი, რითიც შემეძლო დავხმარებოდი. ეს ძალიან რთული საქმეა, ყოველდღე გიწევს ტელეფონით საუბრები, ანგარიშები და ა.შ. ფეხბურთი გაცილებით იოლია.

— ზემოთ თქვენს შეყვარებულზე საუბრობდით. გვიამბეთ მასზე, ვინ არის, როგორ და სად გაიცანით.

– სოფიას 2013 წელს შევხვდი, როდესაც მის მშობიურ ქვეყანაში, შვედეთში, ვთამაშობდი. ერთად ვცხოვრობდით და გუშინ (26 ივნისს) აღვნიშნეთ ჩვენი ერთად ყოფნის 5 წლისთავი. ის ნამდვილად საოცარი ადამიანია და ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ სამ სხვადასხვა კონტინენტზე, ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით. მან დიდი მსხვერპლი გაიღო და ჩემს სიყვარულში დარწმუნდა. ქორწილს მომავალ ზაფხულს ვგეგმავთ, იმედია, ფეხბურთი გეგმებს არ შემიცვლის.

— არ აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას და ქართული ენის შესწავლას?

– ამ მომენტისთვის 7 ენაზე ვსაუბრობ. ახლა შვედეთში ვცხოვრობ და შვედურს ვსწავლობ. ვივლი სპეციალურ კურსებზე და შვედური იქნება მერვე ენა, რომელიც მეცოდინება. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი მეუღლის მშობლიურ ენაზე ვილაპარაკებ. თუკი ქართველებთან მექნება შეხება ან ვიცხოვრებ საქართველოში, ქართულსაც იოლად ვისწავლი.

ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება საქართველოში გადავწყვიტოთ ცხოვრება, ფეხბურთში ხომ ყველაფერია მოსალოდნელი.

მარი მგალობლიშვილი, სარკე