ირმა გრეზე – ფაშისტების უსასტიკესი დედოფლის ისტორია

ირმა გრეზე - ფაშისტების უსასტიკესი დედოფლის ისტორიაქალი სიყვარულის, სინაზის, სითბოსა და მზრუნველობის სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ ისტორია იცნობს ისეთებსაც, რომლებსაც მშვენიერი სქესის ამ კეთილშობილურ თვისებებს ნამდვილად ვერ მივაწერთ. ასეთი ქალებიც სისასტიკის მასშტაბებმა მსოფლიო შეძრა და ზოგ შემთხვევაში სადისტი მამაკაცების ფანტაზიებსაც გასცდა.

ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების ერთ-ერთ უსასტიკეს ადამიანად ახალგაზრდა ქალი – ირმა გრეზე ითვლება. მის გარეგნობას ბევრი ქალი ინატრებდა, მაგრამ ამ სილამაზის უკან ნამდვილი ჯალათი იმალებოდა. გრეზეს უამრავი მეტსახელით მოიხსენიებდნენ: ბელზენის მხეცი, ქერათმიანი ეშმაკი, სიკვდილის ანგელოზი. ნაცისტებმა კი მას ესეს-ის დედოფალი შეარქვეს.

ქალთა ბანაკების ზედამხედველი

ირმა გრეზე 1923 წელს მრავალშვილიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. 1936 წელს დედამისმა თავი მოიკლა, მამამ კი შვილებზე სათანადოდ ზრუნვა ვერ შეძლო და ისინი თავის ნებაზე მიუშვა. ირმამ სკოლა მიატოვა, მას არც სწავლა აინტერესებდა და არც განსაკუთრებული მისწრაფებები ჰქონდა, მაგრამ ჰიტლერის იდეოლოგიამ გაიტაცა.

ირმა გრეზე - ფაშისტების უსასტიკესი დედოფლის ისტორია15 წლის გრეზე “გერმანელი გოგონების კავშირში” გაერთიანდა. ეს გახლდათ ორგანიზაცია, რომელიც ნაციზმსა და ფაშიზმს უწევდა პროპაგანდას. მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ირმა ქალებისთვის განკუთვნილ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ზედამხედველად დანიშნეს. ის მეორე გავლენიანი ადამიანი იყო ბანაკის კომენდანტის შემდეგ.

გრეზე სამ ათეულ შენობას აკონტროლებდა, რომლებშიც ოცდაათი ათასამდე ქალი ცხოვრობდა. ისინი დილიდან დაღამებამდე ტალახში იდგნენ და ქვებს ალაგებდნენ, ირმა კი ავი ძაღლების თანხლებით მათ ზედამხედველობას უწევდა. თუ ვიღაც წაიქცეოდა, ძაღლებს მიუსევდა და…

მსახიობობაზე მეოცნებე ჯალათი

ირმა მსახიობობაზე ოცნებობდა და ამისათვის მართლაც შესაშური გარეგნობა ჰქონდა. საკონცენტრაციო ბანაკის ერთ-ერთი ტუსაღი, გიზელა პერლი, მოგვიანებით იხსენებდა, რომ ირმა ყველაზე ლამაზი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე ენახა, ამასთან, მას ყველაზე გაფუჭებულ და ბოროტ არსებად მიიჩნევდა დედამიწაზე. ამ ლამაზი გარეგნობის ქალის მიღმა მართლაც მონსტრი იმალებოდა.

მას საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა, როცა ვინმეს აწამებდა. როგორც ამბობდნენ, მისი მეთოდები საშინელი იყო. მესამე რაიხის ერთ-ერთი უსასტიკესი ქალი, რომელიც მუდამ პისტოლეტსა და მათრახს ატარებდა, მაღალყელიანი ჩექმები ეცვა, მსხვერპლის წამების უამრავ სადისტურ მეთოდს მიმართავდა. როგორც ამბობენ, მისი მათრახის ქვეშ ბევრ ქალს ამოხდომია სული.

კიდევ, ძალიან უყვარდა დატენილი იარაღით “თამაში”. პისტოლეტს ხან ერთ ტუსაღ ქალს მიუშვერდა, ხან – მეორეს. საბრალოები შიშისგან კანკალებდნენ, რადგან არავინ იცოდა, ეს ცისფერთვალა ალქაჯი გამოჰკრავდა სასხლეტს თითს თუ არა.

ირმა გრეზეს არსენალში წამების კიდევ ერთი მეთოდი იყო – თავის ძაღლებს რამდენიმე დღე აშიმშილებდა, მერე კი ისედაც გასაცოდავებული ქალებისკენ დაგეშავდა და მათ ცოცხლად აგლეჯინებდა.

ირმა გრეზე - ფაშისტების უსასტიკესი დედოფლის ისტორია22 წლის სიკვდილმისჯილი

1945 წელს ირმა გრეზე, რომელიც მაშინ საკონცენტრაციო ბანაკ ბერგენ-ბელზენში მუშაობდა, ინგლისელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს და სასამართლოს გადასცეს. სიკვდილის ანგელოზი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

ასეთმა განაჩენმა ირმა ვერ შეაშინა. ციხეში მისი მცველები ამბობდნენ, რომ სიცოცხლის ბოლო ღამეს ხმამაღლა მღეროდა ფაშისტურ სიმღერებს, ხოლო როცა ეშაფოტზე აიყვანეს, ჯალათს საოცრად მშვიდი ხმით უთხრა, სწრაფად დაესრულებინა თავისი საქმე. მაშინ ირმა გრეზე მხოლოდ 22 წლის იყო. მე-20 საუკუნის ინგლისური სასამართლოს ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახლდათ, რომელსაც მსგავსი განაჩენი გამოუტანეს.

ამბობენ, თანამედროვე ნაცისტებისთვის ცნობილი გახდა ირმა გრეზეს საფლავის ადგილმდებარეობა და ისინი პერიოდულად პატივს მიაგებენ ესეს-ის დედოფალსო. ეს ულამაზესი ფაშისტი ქალი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკ ქალთა სამეულში შედის.

სარკისთვის მოამზადა ირმა გოგინაძემ