ციცინო ფუტკარაძე: “ბიზნესში მთავარი მიზანია”

ციცინო ფუტკარაძე: "ბიზნესში მთავარი მიზანია"ის წარმატებული ბიზნეს ლედი და მოსიყვარულე დედაა. მიუხედავად მრავალი სირთულისა, საბოლოოდ დასახულ მიზანს მიაღწია და თავს რეალიზებულ ქალად თვლის. ოჯახი მისთვის უპირველესი საყრდენია.  ეს წარმატებული ქალბატონი, არაერთი წარმატებული კომპანიის მეპატრონეა. ქალბატონი ციცინო ბიზნესზე, ოჯახსა და წარმატებებზე თავად გვესაუბრა.

– მოგვიყევით, როდის დაიწყეთ ბიზნესი, რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ და როგორ მოხვედით დღემდე?

– ბიზნესში 1996 წლიდან ვარ ჩართული. თავიდან, მე და ჩემს მეუღლეს, თურქეთიდან შემოგვქონდა საქონელი და შემდგომ მას  ე.წ ელიავას ბაზრობაზე ვყიდდით. ბევრი რთული პერიოდი მახსოვს, ეს დროზე, უფულობაზე, უშუქობაზე იყო დამოკიდებული. მოგეხსენებათ, რა ხდებოდა 90-იან წლებში საქართველოში. ხშირად გიწევდა სიცივეში დგომა იმისთვის, რომ ოჯახისთვის და პატარა ბავშვებისთვის ლუკმა პური მიგეტანა. დღეს იმ ცუდი პერიოდის გახსენებაც კი მზარავს.

– თქვენი, როგორც ბიზნეს ლედის, ერთი სამუშაო დღე.

– ყოველთვის გადატვირთული ვარ და ყოველთვის ბევრი საქმეა ჩემ გარშემო. მე ამის გარდა კიდევ სხვა ბიზნესი მაქვს.  ყოველი დღე არის გიჟური, მინდა არ მინდა სიტუაცია ითხოვს ჩემგან მუდმივ ყურადღებას და რამდენიმე საქმეზე ერთდროულ კონცენტრაციას. ვფიქრობ,  რომ ადამიანი თუ  რაღაცას საქმიანობს ის, მუდმივად დაკავებულია. შენ მუდამ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ბიზნესს შენგან დასჭირდება დიდი დრო და ენერგია.

ციცინო ფუტკარაძე: "ბიზნესში მთავარი მიზანია"– რა თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ იყო წარმატებული ბიზნეს ლედი?

– 20-22 წლის ასაკში მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავს საქმიანობაში ჩავებმებოდი, მითუმეტეს ცუდ დროს მომიწია ცხოვრება, ქვეყანაში აირია ყველაფერი, ახალმა სახელმწიფოს მმართველობამ მოიტანა ახალი ცხოვრების სტილი, პრიორიტეტები და მომიწია ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება და ფეხის აწყობა.

თვისებებს რაც შეეხება აუცილებლად უნდა იყო მშრომელი, თუ მშრომელი არ ხარ, არაფერი გამოგივა. დღეს გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის არასდროს არ უნდა გადადო.  კარგად უნდა იცოდე, რა გინდა და იშრომო, ისწრაფო მის მისაღწევად, თუ მიზანი გაგაჩნია, შემდგომ ამისთვის შენ აღარ დაიშურებ არც დროს, არც ენერგიას, აღარ დაელოდები არც გათენებას და არც დაღამებას.  თავდაუზოგავი შრომა და მიზანსწრაფულობა არის იმ წარმატებების საფუძველი, რასაც თქვენ ახლა ხედავთ და რაზეც მეკითხებოდით.

– როგორ ახერხებთ, გადაანაწილოთ დრო ბიზნესსა და ოჯახს შორის?

– მყავს მეუღლე და ორი შვილი. ბავშვების აღზრდაში არასდროს დამხმარებია ძიძა. ახალგაზრდა გოგონებს ყოველთვის ვეუბნები,რომ ქალი მხოლოდ საოჯახო საქმეებს არ უნდა აკეთებდეს. მე მათ ვასწავლი რომ მხოლოდ მაშინ ხარ მაგარი, ძლიერი და პატივსაცემი, როდესაც ოჯახზეც ზრუნავ და პროფესიულადაც აღწევ წარმატებას. დრო და ყურადღება ისე უნდა გაანაწილო, რომ არც ერთი მხარე არ დააზარალო. უნდა შეგეძლოს საქმიანობა, უნდა იყო კარგი დიასახლისიც, ამავე დროს  არ უნდა დაგავიწყდეს ნათესავები, მეგობრები. კარგად იცით ბიზნესს რამდენი დრო სჭირდება, მუდმივად მოითხოვს შეხვედრებზე, გამოფენებზე,ვიზიტებზე სიარულს და წარმატებულმა ქალმა ამ ყველაფერს უნდა გაართვას თავი. შენ უნდა იყო რეალიზებული, ყველას შეუძლია საქმის ასე თუ ისე გაძღოლა, მაგრამ საქმის გარკვეულ ხარისხში, მაღალ დონეზე გაკეთება კი ცოტას, თქვენ უნდა ისწრაფოდეთ საუკეთესოსკენ.

– თქვენი ოჯახი თუ გეხმარებათ და თუა ჩართული  თქვენს საქმიანობაში?

– ოჯახი არის ჩემი ყველაზი დიდი მხარდამჭერი. ოჯახის მხარდაჭერა უდიდესი ძალაა. თუ ოჯახიდან არ მოდის გვერდში დგომა და თანაგრძნობა, ვერ იქნები წარმატებული.

ციცინო ფუტკარაძე ოჯახურ ინტერიერში

– მყავს შვილები და  შვილიშვილები, მყავს არაჩვეულებრივი რძალი, ასეთი კარგად აღზრდილი ახალგაზრდები ბევრი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ასევე  მყავს შესანიშნავი სიძე. ჩვენი ოჯახი ყოველთვის სერიოზულად უდგებოდა ერთად ყოფნას, დღესასწაულების დროს ვცდილობთ ყველა საქმე გადავდოთ და ერთად აღვნიშნოთ, ეს ჩვენი ოჯახის უმთავრესი ტრადიციაა.  მიუხედავად მოუცლელობისა ვცდილობ გამოვნახო დრო მეგობრებთან შესახვედრად და განსატვირთად, თუმცა ხშირად იქაც ვერ გავურბივარ საქმეზე საუბარს.

  – თქვენი  ჰობი.

– მიყვარს მოგზაურობა სიძველეები, მიყვარს შენება. საოცარ ბედნიერებას მანიჭებს, როცა მივიწყებულ ძველ ადგილს ახალ სიცოცხლეს  ვუბრუნებ.

– რას დაამატებდით?

– რა თქმა უნდა, ჩემი ბიზნესის  მიღწევად მიმაჩნია ჩემი ახალი სასტუმრო მეიდანზე, რომელსაც ძველი უბნის თეთრ მარგალიტს უწოდებენ. სასტუმრო აივანი დღეს ერთ -ერთი პრესტიჟული და ტურისტების საყვარელი ადგილია.