რა აწუხებს 7 წლის მხატვარს – ,,სამხატვრო სტუდიაში უსახსრობის გამო ვეღარ ვატარე”

რა აწუხებს 7 წლის მხატვარს - ,,სამხატვრო სტუდიაში უსახსრობის გამო ვეღარ ვატარე"7 წლის გეგა სოფრომაძე ქუთაისში დედასთან, პატარა დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. ფართის სიმცირის გამო ხშირად ვერ ხატავს და ამიტომ საკუთარი ფანტაზია მხოლოდ კონტურის სახით გადააქვს ფურცელზე. როდესაც შესაძლებლობა ეძლევა, როგორც თავად ამბობს, ნახატს აცოცხლებს – აფერადებს. ახლაც გაცოცხლების მოლოდინში ბევრი პერსონაჟია.

პატარა მხატვარს მეგობრებმა პიკასო შეარქვეს, ოჯახში კი ვან-გეგას ეძახიან და საზოგადოებამაც ამ სახელით გაიცნო.

რა აწუხებს 7 წლის მხატვარს - ,,სამხატვრო სტუდიაში უსახსრობის გამო ვეღარ ვატარე"მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს დედაშვილობა იკავებს. რთულმა ოჯახურმა პერიოდმა მასზე ღრმა კვალი დატოვა. ხატავს სახლებს, იცის, რომ ერთ დღესაც მისი დახატული ოცნების სახლი აუცილებლად ექნება.

მისი ნახატი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნამუშევარს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც “ტოიოტას” კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა.

ქრისტინე მესხი, გეგა დედა:

– ეს წარმატება ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი სიხარული იყო, გეგამ ჯერ საქართველოს მასშტაბით გაიმარჯვა 8 წლამდე ასაკის ბავშვთა კონკურსში, სახელწოდებით “ოცნების მანქანა”.

— რა ასაკიდან დაიწყო თქვენმა შვილმა ხატვა?

– თავდაპირველად თერაპიის მიზნით შევაყვარე საღებავები, ფანქრები. 3 წლის ასაკიდან დაიწყო ანიმაციური გმირების ხატვა. 4 წლის ასაკში მივიყვანე სამხატვრო სტუდიაში ბატონ ლევან გოგიტაძესთან. გეგასთვის საინტერესო იყო იქაური გარემო, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ გავაგრძელეთ იქ სწავლა.

რა აწუხებს 7 წლის მხატვარს - ,,სამხატვრო სტუდიაში უსახსრობის გამო ვეღარ ვატარე"თავად დავიწყე სამხატვრო ენციკლოპედიების შესწავლა, სხვადასხვა ტექნიკის მოძიება და დაგროვილი ცოდნა შვილს გავუზიარე. გეგას ნამუშევრების უმეტესობა ბუნებაშია შექმნილი. დაგვქონდა მოლბერტი, სამხატვრო ნივთები და კლასიკური მუსიკის ფონზე ვქმნიდით ჰარმონიას.

— ძირითადად რას ხატავს?

– როდესაც გავაცანი კუბიზმის ჟანრი, ძალიან მოეწონა, ასევე ავანგარდი, სიურეალიზმი. ამ ყველაფრის შემდეგ თითოეულ ჟანრში თავისებურ ინტერპრეტაციას წარმოაჩენდა. ნელ-ნელა იკვეთება მისი სტილიც, რაღაც მისებური მხატვრული ფერწერა.

— როგორც ვიცი, მატერიალურად ვერ ხართ წელგამართული. ეს გეგას ბევრ რამეში აბრკოლებს?

– ძალზედ რთული პერიოდი გამოვიარეთ, ამჟამად ჩემს მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ ნაქირავებში. ამ ფართს ასევე ვიყენებთ სახელოსნოდ. მატერიალურადაც რთულია ეს ყოველივე, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ყველაფერი უკეთესად იქნება, ყველაფრისთვის მადლიერები ვართ უფლის.

რა აწუხებს 7 წლის მხატვარს - ,,სამხატვრო სტუდიაში უსახსრობის გამო ვეღარ ვატარე"მარტო ვზრდი გეგას და მის დაიკოს. ხელნაკეთ ნივთებს ვაბარებ, თანხას კი გადასახდებში ვიხდი. მაქვს პროფესია, ბევრი სხვა ჰობი და შესაძლებლობა და ვფიქრობ საზღვარგარეთ წასვლაზე, რომ რომ იქ უკეთესად შევძლოთ ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზება.

— როგორც ვიცი, გეგას ნახატებსაც ყიდით, რათა სამუშაო მასალა იყიდოთ.

— გეგას თითქმის 300-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შექმნილი. უკიდურეს შემთხვევაში ვყიდდით ნახატებს, ძალიან ბევრი გასხვისებული გვაქვს. შემდეგ დაიწყო კონკურსების მოძიება. გეგა პირველად კონკურს “სიზმარას” ჟიურის რჩეული გახდა, შემდეგ მიიღო მონაწილეობა კონკურსში “ღვინო და ადამიანი”, სადაც ზრდასრული მხატვრები მონაწილეობდნენ და გეგას ნახატი შეიძინა ქართული ღვინის პალატამ.

მესამედ გახდა კონკურს “ნესკვიკის” გამარჯვებული, შემდეგ – “სნოს” ფავორიტი და მისი ნამუშევარი განთავსდა ეტიკეტზე. ასევე გახდა კონკურს “მარსიანჩიკის” გამარჯვებული და ბოლოს იყო “ტოიოტას” კონკურსი “ოცნების მანქანა”.

— ვან-გეგას რატომ ეძახიან?

– გეგამ დახატა ვან გოგი განსხვავებულად, შავ ფორმატზე. ამის შემდეგ სახლში ვუწოდეთ ვან-გეგა. როდესაც სოციალურ ქსელში ავტვირთეთ ეს ნამუშევარი, იქაც უწოდეს ვან-გეგა, სკოლაში კი პიკასოს ეძახიან.

.

პატარა მხატვარი უკვე ფიქრობს, რომ მთავარი წარმატება მიღწეულია, რადგან 650 000 ნამუშევარს შორის მისი ნახატი შეირჩა. მან თავისი ოცნება გაგვანდო:

– მთაში გვინდა ცხოვრება, ბუნებაში. ვოცნებობ, რომ მე, დედა და ჩემი და, მარიამი, მთებში  გადავიდეთ საცხოვრებლად.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე