ნინი შერმადინი: ,,ის ნინი აღარ არის, ვისაც თქვენ იცნობდით”

ნინი შერმადინი: ,,ის ნინი აღარ არის, ვისაც თქვენ იცნობდით"მომღერალი ნინი შერმადინი საქართველოდან ამერიკაში 6 წლის წინ წავიდა. ემიგრანტობის პირველ თვეებს ის ,,სარკესთან” ასე იხსენებს:

– როცა ჩადიხარ მეგაპოლისში, დიდ და უცხო ქალაქში, სადაც არავინ გყავს, არავის იცნობ, ენაც დიდად არ იცი, რა თქმა უნდა, რთულია და თავიდან გიჭირს ყველაფერთან შეგუება. აქ უფრო სითბოა, ოჯახი აქეთ გყავს, მეგობრები და ქართული რეალობა ბევრად სხვაა. ნოსტალგია გეუფლება, მაგრამ, როდესაც ძლიერი ხარ შინაგანად, ფსიქოლოგიურად და მიზნები გაქვს, ყველაფერს მიაღწევ.

თქვენი კონკრეტული მიზანი რა იყო?

– მინდოდა, როგორც პროფესიონალი, გავზრდილიყავი და ბევრი რამ მესწავლა. როცა უცხო ქვეყანაში ადგილს იმკვიდრებ, მერე უკვე ადვილია შენს ქვეყანაში დაბრუნება და იმ გამოცდილებით ცხოვრება, რასაც იქ იღებ.

ისეთ დროს წავედი აქედან, რომ ყველაფერი ერთდროულად გაჩერდა და აღარაფერი ხდებოდა. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

– სასწავლებლად წახვედით თუ სამუშაოდ?

– არავის დაფინანსებით წავსულვარ, სწავლა საკუთარი სახსრებით და შრომის ფასად უნდა დამეწყო. შესაბამისად, პარალელურად ვმუშაობდი ყველგან, სადაც შეიძლებოდა, რომ მემუშავა. მაღაზიაშიც ვიმუშავე, მერე დოლარის გადასახურდავებელ ჯიხურში, მერე – ბანკში. ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე.

პარალელურ რეჟიმში ვსწავლობდი. ენის შემსწავლელ კურსებზეც დავდიოდი, ცალკე – ბროდვეის მასტერკლასის კურსებზე. სტუდენტები პატარ-პატარა როლებს ვირგებდით და იქაც ვთამაშობდი.

– ამჟამად სად მუშაობთ?

– ახლა არსად, რადგან საქართველოში ჩამოვედი და დიდხანს მომიწია დარჩენა.

– საქართველოში რატომ ჩამოხვედით, ოჯახი მოგენატრათ თუ საქმეები გქონდათ?

– რა თქმა უნდა, ოჯახი მომენატრა, მაგრამ საქმეებიც მქონდა მოსაგვარებელი. ჩემი შვილის, მარიამის, საბუთებს ვაკეთებ, თანაც გადავწყვიტე, ქართველი მსმენელისთვის შემეხსენებინა თავი. ძალიან ბევრი წერილი მომდიოდა, ეგონათ, რომ სიმღერას შევეშვი.

– იქ ხელახალა უნდა მოძებნოთ სამსახური?

– როგორც კი ჩავალ, უკვე ვიცი, სად უნდა დავიწყო მუშაობა.

– ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, თუნდაც თქვენი კოლეგები. ისინი დაგეხმარნენ გზის გაკვლევაში?

– აბსოლუტურად ყველა ემიგრანტს მიუძღვის დიდი წვლილი, რომ მე იქ ვარ და გზა გავიკვლიე. თავდაპირველად ფატუნა ბუშიჰედმა წამიყვანა ამერიკაში… ასე სათითაოდ ვერავის ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

სრულიად უცხო ქვეყანაში ჩემთვის უცხო ადამიანებმა გულში ჩამიხუტეს, სახლის კარი გამიღეს. გვერდით გიწვენენ, გეფერებიან და ცდილობენ, ყველაფერში ხელი შეგიწყონ. უზომოდ მადლიერი ვარ. საქართველოდან ბევრი მიდის იმიტომ, რომ გარკვეული თანხა დააგროვოს.

– ალბათ ეს თქვენი მიზანიც იყო.

– ჩემი მიზანი ფულის შეგროვება არ ყოფილა. მინდოდა, განათლება მიმეღო, მქონოდა სტაბილური სამსახური, საბუთები – წესრიგში და ვყოფილიყავი ამერიკის სრულუფლებიანი წევრი, ასევე – ჩემი შვილის მომავალი შემექმნა. რამეს თუ ვაკეთებდი, მხოლოდ ოჯახისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც ჩამოვთვალე. ზოგი ფულის დაგროვებაზე არის ორიენტირებული, მაგრამ მე – არა.

ნინი შერმადინი: ,,ის ნინი აღარ არის, ვისაც თქვენ იცნობდით"– ესე იგი თქვენს შვილს, მარიამს, ამერიკაში ცხოვრება ელის?

– კი, მოვიდა საბუთები და აუცილებლად წავიყვან. სკოლას იქ დაამთავრებს, განათლებას იქ მიიღებს და დანარჩენს უკვე თვითონ გადაწყვეტს, რა როგორ გააკეთოს.

– ძალიან ლამაზი შვილი გყავთ, დედიკოს ძალიან ჰგავს. როგორც ვიცი, კარგადაც მღერის. ხომ არ უნდა, თქვენს გზას გაჰყვეს?

– რამდენიმე დღის წინ ბულგარეთში ვიყავით, სადაც მსოფლიო სილამაზის კონკურსი ჩატარდა პატარებში და მარიამი “მის პლანეტა” გახდა. მღერის, ცეკვავს, ხატავს, მოდელობს და ძალიან დიდი მსახიობური ნიჭი აქვს. ჯერ პატარაა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, მომავალში რა გამოვიდეს. თუმცაღა ყველაფერი ერთად უნდა.

– ამერიკამ და ზოგადად ცხოვრებამ რა შეცვალა თქვენში?

– ძალიან ბევრი რამ. ის ნინი აღარ არის, ვისაც შენ იცნობდი. ასაკიც თავისას შვრება. 20 წლისა სხვანაირი ვიყავი, ახლა 30-ის ვხდები და სხვანაირი ვარ.

– მიამიტი იყავით 20 წლის ასაკში?

– მე დიდი ხანი ვიყავი მიამიტი. ახლაც ასეთი ვარ, მაგრამ ამ მიამიტობის დაფარვა ვისწავლე. ადრე თუ ვიყავი ხისტი, დღეს აღარ ვარ. ემოციების გაკონტროლება ვისწავლე. აღარ ვარ ფეთქებადი, უფრო დათმობი გავხდი, ასევე – ბრძოლისუნარიანი, დამოუკიდებელი და მიზანდასახული.

– ეს ყველაფერი ამერიკამ მოგცათ?

– ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ მომცა, თუნდაც ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ამერიკამ მიმიღო, კარი გამიღო. ახლა, რამდენიმე თვეში, უკვე ამერიკის მოქალაქე გავხდები და მეტი რაღა უნდა მომცეს? ამ ქვეყანაში თუ შრომობ, არ ნებდები და ხარ ძლიერი ნებისყოფის, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც ჩაფიქრებული გაქვს.

– ამერიკაში ან საქართველოში პირადი ცხოვრებისთვის გრჩებათ დრო?

– არა და არც ვფიქრობ ამაზე.

– რატომ?

– არ ვიცი, პირადი ცხოვრება თავისით მოდის და არასდროს ვგეგმავ.

– მაშინ კითხვას ასე დავსვამ: არსებობს თქვენს ცხოვრებაში მამაკაცი?

– არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არ არსებობს.

 გიორგი საკარული, სარკე