,,მე არაფრის მეშინია” – მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

,,მე არაფრის მეშინია" - მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალადღეს 32 წლის ასაკში  გარდაიცვალა მწერალი ანა ლაშხელი-ონიანი, რომელიც 3 წიგნის ავტორია.

ანა ლაშხელი-ონიანი სიმსივნეს ებრძოდა. ამის შესახებ ის რამდენიმე დღის წინ, 28 სექტემბერს ფეისბუქში წერდა:

,,არასოდეს არავინ თქვას არასოდეს… უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა… და, მით უმეტეს, ადრინდელი ცხოვრება.

20 დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს. არ ვიტყვი, რა, იმიტომ, რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს, არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავითსვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას, რომელიც წინ მელოდება…

მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში გაწირული არ ხარ, რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები. მიუხედავად იმისა, რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას, ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი, ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე, ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს. მადლობა უფალს, რომ მომცა შანსი ბრძოლის, იმედის…
მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები, რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემ გვერდით იქნება, ვიცი.
მადლობა ყველას, ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები, ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ, რომ თქვენთვის მეთქვა, მე არაფრის მეშინია. ყველაფერი არის და იქნება კარგად. მე დავწერ წიგნს – ,,მე დავამარცხე კიბო”.

ანას მეგობრები ემშვიდობებიან.  ,,გუშინ წავიკითხე მისი პოსტი, ქიმია გავიკეთე და ვიბრძვიო, მოლში ვისეირნეო, კარგად ვიქნებიო.. არ მჯერა, ასეთი ლამაზი სულის ადამიანი ასე რომ გაქრა…”, ,,ვაიმე, დედა, ეს რა მესმის, ვაიმე, ვაიმე, ვაიმე,  რა მოხდა ასე უცებ, მგონი, სიზმარში ვარ? ამის დაჯერება როგორ შეიძლება, რამხელა სტრესია, გასკდა გული… რატომ, რატომ ასე უდროოდ, ყვალასათვის უსაყვარლესი ადამიანი… რას ვწერ, არ ვიცი, გონება ამემღვრა ”, როგორ მჯეროდა, რომ მოერეოდა ამ ყველაფერს “, – წერენ სოციალურ ქსელში ანას მეგობრები.

ანა ლაშხელი-ონიანის შემოქმედებას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. გთავაზობთ მის მოთხრობას.

აკვანი

დღეს ყველაზე ბედნიერი და გახარებული დავწექი დასაძინებლად… ჩემი პატარა ნატვრისთვალი დაიბადა. როგორც იქნა, ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა ჩვენს ოჯახს, ამდენი ხნის ნანატრი შვილიშვილი ჩაგვისვა კალთაში…

მე, ბაბუა, ერთი უბრალო ბერიკაცი ვარ… წესიერად შეიძლება ზღაპარიც კი ვერ მოგიყვე… სათვალეც კი არ მიშველის, ჩემი დაფსობილი თვალებით წიგნი წაგიკითხო… მაგრამ მე შენთვის ახალ ზღაპრებს დავწერ, ბაბუ… მოვიფიქრებ და ზეპირად მოგიყვები… შენ სანამ მიხვდები, რომ ბაბუაშენს კარგად წერა-კითხვაც კი არ ეხერხება, მეყოლები კალთაში და მოგიყვები ჩემს გამოგონილ ზღაპრებს… მერე კი… მერე რად გინდა, ბაბუ, ჩემი ზღაპრები… თვითონ ისწავლი კითხვას და დაფრთიანდები…

მანამდე მე შეგაყვარებ ჩვენს დალოცვილ სოფელს… ჩვენს ანკარა წყაროებს… ჩვენს ბებერ მურას და ჩირივით ჩამომხმარ ბებოსაც კი… რომელსაც დღესაც ნინიკელას ვუძახი, თითქოს ის პატარა გოგო იყოს, მე რომ პირველად ვნახე… შენ შეიძლება ისეთი კარგი გოგო დადგე, დაჩაჩანაკებულ ბებრებს წყალს არ გვაკლებდე, დაკარგულ ჯოხს მოგვირბენინებდე და მურას ყეფაზე გარეთ ჩემს ნაცვლად გახედავდე სტუმარს… შეიძლება ისეთი კარგიც იყო, რომ ბაბუს თუთუნიც ამოურბენინო სოფლის კენკელა მაღაზიიდან… მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ საერთოდ არც ერთი ამ საქმეთაგანი არ დაივალო… შენ მაინც ბაბულიას გოგო იქნები… თვალხატულა და ჰაერივით სიფრიფანა…
შენს სიცხიან ქალაქში მოვდივარ, ბაბუ… თან მომაქვს შენი პატარა ჩიტებით მოხატული აკვანი… ეს აკვანი საგანგებოდ შენთვის შევარჩიე… წესიერად თვლა რომ ვიცოდე, დავთვლიდი კიდეც, ბაბუ, რამდენი აკვანი გამოვთალე და სულ რომ მეკითხებიან სოფელში ბერიკაცები, ვუპასუხებდი კიდეც… მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბაბუ… რაც გამოვთალე და გავაკეთე, ყველა სიყვარულით და სითბოთი მიკეთებია…

სულ იავნანას დავამღერებდი ხოლმე და ასე მგონია, ესმოდათ კიდეც ჩემი ამ დალოცვილებს… ანგელოზებისთვის ვაკეთებდი და ანგელოზები მეხმარებოდნენ… ისე მიხაროდა, ბაბუ, ჩემს ჭიშკართან რომ კაცი დაიძახებდა, აკვანი უნდა შეგიკვეთოო, ეს ხომ ახალი სიცოცხლის დაბადებას ნიშნავდა… უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, რომ შენთვისაც ჩემი ხელით გამეკეთებინა ეს აკვანი… აბა, ქალაქში ნაყიდი აკვანი, ბაბუ, რა იქნება… ქალაქში გაზრდილი ხეც არ ვარგა… სხვა მადლი აქვს ჩვენს ხეებს… შენს შვილიშვილებს ეყოფა ეს აკვანი, ისეთი ხისგანაა გამოყვანილი… რამდენი შაირის მოყოლება ვიცი ხოლმე…

ახლა მატარებელი გუგუნით უახლოვდება დედაქალაქს… ჩემი გამოყრუებული დედაკაციც გვერდში მიზის… მეტი ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მგონია, რომ ჩამოვიდეთ ქალაქად… ესეც რომ არ იყოს, მეთექვსმეტე სართულზე რა ამიყვანს კიდევ ერთხელ, ბაბუ… სად შეუძლია ცაზე სიარული ჩვენს ბებერ მუხლებს… გენაცვალე შენ ბაბუ… შენ მომეცი ახლა ამის ძალა, რომ ისევ დავდგომოდი ამ გრძელ და ხმაურიან გზას…

ჩვენი ადესაც აქვე მიდევს და ალბათ მამაშენს ერთი სული აქვს, ყელს როდის გაისველებს ჩვენებური ღვინით… კი იქნება ახლა ქეიფის ხასიათზე… ვარია შევწვით… აბა მანდ შემწვარი ქათამი რა მისართმევია სტუმრებისთვის… სულგუნიც კი გამოიყვანა თავისი მიმჭკნარი ხელებით ბებიაშენმა… და ზედ ჯვარი გამოსახა შენს სახელზე, ბაბუ… შოთი პურები ვარ გამოვაცხვეთ, მარა არ გეწყინოს… დაბერდა ბებიაშენი და ძალა აღარ აქვს… აპატიე, ბაბუ.
ისე მიცემს გული, ამ მატარებლის გუგუნშიც კი მესმის ხმა მკერდიდან… როდის გნახავ და შეგავლებ თვალს, ჩემო თვალხატულა… აი გაჩერდა მატარებელი და ამ წერილის წერას თავს ვანებებ, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, მაგრამ დამთავრდა გზა და არაა ჩემი ბრალი… არა უშავს, ცოტას აქითობას მოგწერ, ბაბუ, კიდევ”…

,,ტკივილით და სევდით მაქვს, ბაბუ, გული სავსე… როგორღაც ამოვბობღდით მეთექვსმეტე სართულზე მე და ბაბებიაშენი, სული ძლივს ამოვიტანეთ… მარა რათ გინდა… ჩავამწარა სიხარული დედაშენმა და მამაშენმა. მე იმ დახვედრას და მიღებას არ ვჩივი, ბაბუ, მაგენმა რომ იციან… რა ეშმაკი გამაჩერებს ამ ციხეში, ძალიანაც რომ შემეხვეწონ… მაგრამ შენი კოცნის უფლება კი მქონდა ბაბუკელა… რამდენჯერ სიზმარში დამსიზმრებიხარ… რამდენჯერ წარმომიდგენია ეს დღე, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი…

ბევრი რომ არ მოგაბეზრო თავი, წუხელ შუაღამეზე დედაშენის და მამაშენის ჩხუბმა გამაღვიძა… ისეთი გაბრაზებული იყო დედაშენი, თითქოს კეთროვნები ვყოლოდით სახლში. მამაშენს უჩიოდა, რა უნდოდათ, რომ ჩამოვიდნენ… ვერ მოესწრებოდნენ, ჩვენს ჩასვლას და ნახვასო?ეს ეშმაკის მოგონილი აკვანი რომ ჩამოათრიეს, სირცხვილით თავი სად გამოვყოო ახლა… რა დროს ასეთი სისულელეებია… მაგაში ჩავაწვენ ახლა ჩემს ნანატრ შვილსო? მომაცილე, თორემ ფანჯრიდან გადავაგდებ იცოდეო…

მამაშენი კი ეუბნებოდა რაღაცას, მაგრამ მე მეტი არაფერი გამიგონია… გული ხელით მეჭირა და გათენებას ასე დაველოდე… მოვკიდე დილას ხელი ჩემს დედაკაცსა და აკვანს და უსიტყვოდ წამოვედი… ისიც კი ვერ მოვახერხე, შენთვის მეკოცნა… წვერები გაგეპარსა მაინცო, დედაშენმა… ვერ დავიმახსოვრე შენი სახე, ბაბუ… რომ სიზმარში მაინც დამსიზმრებოდი… მე მანდ რა გამაჩერებდა…

ვზივარ ახლა ამ ვაგონში და ვუსმენ ბებიაშენის ქვითინს. ვიღაცამ მკითხა, შვილები არ გყავთო… დედაკაცმა იმთავითვე უპასუხა: –არაო, და გული ჩამწყდა… თითქოს მეხი დამეცა მკერდზე და ჩაიტანა ჩემი გულ-მკერდი ქვესკნელში… ამ აკვანს კი ვაჩუქებ სოფელში ვინმეს, თუ სადმე ერთი ბავშვი დაიბადება, მაგრამ მე ხომ ის შენი სიყვარულით გავაკეთე… მინდოდა შენ დგეძინა და ჩემი ლოცვა-მადლი დაგფენოდა სასთუმალთან, ბაბუ… არასოდეს არ დაგავიწყდეს, რომ ადამიანები მგლები არიან და ცხვრად ნუ მოაჩვენებ თავს, თორემ შეგჭამენ, ბაბუ…

დაუნდობლად შეგჭამენ… მიყვარხარ, ბაბუ… ნეტა ისეთი ქალი დადგებოდე, ჩემს საფლავთან მოსული ამას ჩამომძახებდეს, რა შვილიშვილი გაგეზარდა, ამირანო… მაგრამ მე ორი პარასკევი მიკლია და ალბათ ორ პარასკევში ეს არ მოესწრება… უფალს ებარებოდე, ჩემო მესისხლევ… გენაცვალოს შენი ბაბულია”.
1982 წ, 25 აპრილი…

ეს წერილი რომ წავიკითხე, დედაჩემი მძიმედ იყო ავად, არც კი ვიცი, რატომ გადმომცა 20 წლის მერე, შესაძლოა სინანულის გამო… მაგრამ მე ვიცი, რომ ასეთი საქციელი ადამიანს ოდესმე ახსენებს თავს და თვითგვემაში ვარდება… სწორედ ასე იყო დედჩემიც… უკურნებელ სენს ებრძოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის… ცდილობდა, ამქვეყნიური ცოდვები მოენანიებინა და სულ ლოცვაში ატარებდა დღეებს… და როცა დედა აღარ იყო, მისგან დატოვებული ასეთი წერილი მივიღე:
,,ადამიანებს მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის ადამიანობას… შეხედე შენს თავს სარკეში, და რაც ჩემი მსგავსი დაინახო, დაასამარე… წაშალე და დაივიწყე, შვილო… შენს თვალებში აუცილებლად ნახავ ბაბუას სახეს… მის ლამაზ სულს და ეცადე, ამ სულით იცხოვრო… გაგიჭირდება სიკეთით ცხოვრება, მაგრამ სჯობს შენ დაგიშავონ რამე, ვიდრე სხვას ატკინო… არ მისცე თავს უფლება, ჩემი გენი დაგეპატრონოს… ებრძოლე ჩემს ცუდს შენში, შვილო… და ილოცე ჩემი სასტიკი სულისთვის… ილოცე, გთხოვ”.

მას შემდეგ წლები გავიდა… როგორც იქნა, ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი… ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი… მეუღლე სიხარულით ცას ეწია, სახლის სხვენი გამოაღო… გამიკვირდა, იქ რას ეძებს-მეთქი… სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე… სახტად დავრჩი… მითხრა, ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს, როგორც ნამდვილი ქართველიო… მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო.

გამეცინა… რა დროს აკვანია, საიდან მოიტანე… ან სად ნახე-თქო…სიტყვა ბანზე ავუგდე… ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა, მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო… გავშრი… მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ, დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს.

ავტორი: ანა ლაშხელი ონიანი