თემო საჯაია: ,,ქალთან ურთიერთობაში გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს”

თემო საჯაია: ,,ქალთან ურთიერთობაში გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს''მომღერალმა თემო საჯაიამ ბავშვობაში რომ დადგა სცენაზე ფეხი, მას შემდეგ სიმღერისთვის არ უღალატია. ჰქონდა წარუმატებელი პერიოდები, მარცხიც ხშირად უგემია, მაგრამ საყვარელი საქმისთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია. თემო სარკესთან ყვება:

– ბავშვობიდან ვდგავარ სცენაზე და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მარცხი, ხელმოცარვა იყო, ვიდრე წარმატება. მიუხედავად ამისა, მაინც წინ მივდივარ, არასდროს ვჩერდები.

— რას უკავშირდებოდა თქვენი მარცხი?

– შოუბიზნესს თავისი დაუწერელი პრინციპები აქვს. ძალიან რთულია ამ სფეროში ყოფნა, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყნაში. არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ფულის ხარჯზე აღწევენ წარმატებას, არიან ადამიანები, რომლებიც ნათესაობით, ვიღაცის შვილობით, ცოლობით ხდებიან წარმატებულები და არიან ისეთები, რომელთაც ეს ორი რაღაც არ აქვთ და უბრალოდ იბრძვიან, მარტონი არიან.

იმ ორში, რაც ჩამოვთვალე, ცუდი არაფერია, მაგრამ მე ბოლო კატეგორიის ადამიანების რიცხვში ვარ. ასეთებისთვის უფრო რთულია წინსვლა, ვიდრე სხვებისთვის. როცა ადამიანს აქვს რაღაცების გაკეთების უნარი, წერს, მუშაობს, მაგრამ რეალიზებას ვერ ახდენს. ასეთ დროს ვთვლი, რომ წარუმატებელი ვარ.

— ნაციონალების ხელისუფლების დროს აქტუალური იყო დაბლოკვის თემა. თქვენც ყოფილხართ პოლიტიკური ნიშნით შერჩევის მსხვერპლი?

– შეიძლება ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდებოდი ან დღემდე არ ვჯდები. რაც შეეხება პოლიტიკას, არც ერთი ხელისუფლების დროს არანაირად ვყოფილვარ ჩართული. ჩემი აზრით, ხელოვანი, მუსიკოსი თავისუფალი უნდა იყო და ამისთვის უნდა იბრძოდე. როგორც კი ანგაჟირებული ხდები, თავისუფლება ქრება.

არც ერთი მთავრობის მხარდამჭერი ვყოფილვარ და არც მოწინააღმდეგე. მირჩევნია, ჩემი საქმით ვთქვა, თუკი რამე არ მომწონს ან მომწონს, ვიდრე აქციებზე ვიარო. არ მიყვარს, როცა პოლიტიკაში ერევიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ უნდა ერეოდნენ. სამწუხაროა, რომ ხელოვანები პოლიტიკაში ერევიან.

თემო საჯაია: ,,ქალთან ურთიერთობაში გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს''— გქონიათ შეთავაზება, რომელიმე პოლიტიკოსის მხარდასაჭერ კონცერტში მიგეღოთ მონაწილეობა?

– ასეთი შემოთავაზება ერთი-ორჯერ მქონია და მიმიღია კიდეც მონაწილეობა. სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცებიც, რადგან ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული. სხვებთან შედარებით ჩემს ცხოვრებაში ასეთი მომენტები იმდენად მინიმალური ყოფილა, მგონი, ამ საკითხში წმინდანი ვარ.

— სულ პირველ სერიოზულ წარმატებად რას მიიჩნევთ?

– რუმინეთში ჩატარებულ კონკურსს, სადაც ჟიურის თავმჯდომარე ჯო კოკერი იყო. უმაღლესი შეფასება მივიღე. საქართველოს რაც შეეხება, ეს იყო “ვარსკვლავების აკადემია”. ეს პროექტი ძალიან პოპულარული იყო, მილიონობით ადამიანი უყურებდა და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. უცებ აღმოვჩნდი ყველაზე რეიტინგულ არხზე ყველაზე რეიტინგულ პროექტში და ერთ დღეს ბევრმა ადამიანმა გამიცნო.

— თქვენი წარმატების ფორმულა რა არის?

– მომღერალი, მუსიკოსი სულ აქტიური უნდა იყო. დღეს კი ვხედავთ ბევრ გადაცემაში, ტოქ შოუში ტიტრებში ადამიანს სტატუსად მომღერალი უწერია, მაგრამ 10 წელი სიმღერა არ აქვს ჩაწერილი, 5 წელი ერთი ვიდეოც არ აქვს გადაღებული, ერთი კონცერტი არ ჩაუტარებია. რომ ჰკითხო, მაინც აქტუალურია. ასეთი რაღაცების არ მწამს, თუ მომღერალი ხარ, სულ მოძრაობაში უნდა იყო.

— მოძრაობაში სხვა ამპლუაც იგულისხმება? თქვენ ხომ ტელევიზიაშიც სცადეთ ბედი. საკუთარი თავის ძიებაში ხართ?

– ბევრ რაღაცას არ ვაკეთებ. ჩემი საქმეები მუსიკას უკავშირდება, ვწერ სიმღერას, ტექსტს, ვმღერი. ტელეწამყვანობას რაც შეეხება, საინტერესო გამოცდილება მივიღე. სხვათა შორის, ვაპირებ, ტელევიზიაში დავბრუნდე. ესეც ხომ შოუბიზნესის ნაწილია და ჩემი სფეროდან შორს არ არის. ტელევიზიის რიტმი ძალიან მიყვარს.

რაღაც პროექტს ვგეგმავთ და ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან ბოლომდე არ მაქვს დალაგებული.

— რამდენიმე ხნის წინ თქვენს პირად ცხოვრებაში დასრულდა სერიოზული, რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გოგონასთან, რომლის ცოლად მოყვანას აპირებდით. ახლა რა პერიოდი გაქვთ, რაიმე სიახლე ხომ არ არის?

– ყველაზე კარგი სიტყვა ალბათ “პაუზა” იქნება.

— დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგო ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას. დისტანციას ხომ არ იჭერთ თაყვანისმცემლებთან?

– გოგონები და ქალთა სქესი ძალიან მომწონს. ძალიან კარგად და მხნედ ვგრძნობ თავს.

— რა არის ის, რაც ბიძგს გაძლევთ, რომ ქალთან სერიოზული ურთიერობა დაიწყოთ?

– სერიოზულ ურთიერთობებში დიდი გამოცდილება არ მაქვს. სერიოზული ურთიერთობა ერთხელ მქონდა. ყოველ შემთხვევაში, ჩარჩოები არ მაქვს, რომ გოგო ქერა უნდა იყოს ან შავგვრემანი. მომწონს ლამაზი გოგონები, მაგრამ ამავე დროს ჭკვიანები, თავიანთ საქმეში რეალიზებულები. ასეთი ქალების არ მეშინია, პირიქით, ქალი თავის საქმეში კაი ტიპი უნდა იყოს. ქალებიც ასე არიან, როგორც ჩვენი საყვარელი ჩეხოვი ამბობდა, მათ გამარჯვებული მამაკაცები უყვართ.

— რა გამოცდილება მოგიტანათ იმ სერიოზულმა ურთიერთობამ, რომელიც დამთავრდა?

– ვერ გეტყვით, არ ვიცი. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიყვარული და გამოცდილება ერთმანეთთან კავშირში საერთოდ არ უნდა იყოს, უბრალოდ უნდა გიყვარდეს. ადამიანი, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შეგიძლია, თუ გვერდით გყავს, ეს არის შენი გამოცდილებაც და ყველაფერიც.

— ყველა ურთიერთობა რაღაც მიზეზის გამო მთავრდება და შეიძლება ის რაღაც შემდეგ ურთიერთობაში გაითვალისწინო. მე ამას ვგულისხმობდი.

– ეს ისეთიც საკითხია, რომელიც ორმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს. არ მგონია, რომ გამოცდილებებს მნიშვნელობა ჰქონდეს. შესაძლოა, 70 წლის კაცმა ისევე დაკარგოს თავი სიყვარულის გამო, როგორც 15 წლისამ და ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ საერთოდ არაფერი მისცეს ან პირიქით, შეიძლება 20 წლის ბიჭი ისე მოიქცეს, როგორც 50 წლის მამაკაცი. ამიტომ ვამბობ, საერთო რეცეპტი არ არსებობს.

— რამდენად რთული ან მარტივი ხართ უთიერთობებში?

– არ ვიცი, საკუთარ თავზე საუბარი ძნელია. რაღაცები მაქვს, რასაც ვერასდროს გადავალ. თუ ის რაღაცები მისთვის მისაღები იქნება, მაშინ პრობლემაც არ იქნება. შეიძლება ადამიანის გამო რაღაც დათმობაზე წახვიდე, მაგრამ როგორც კი შენი ღირებულებების დათმობას მოგთხოვენ, იქ უკვე ჩნდება კითხვა: “რა გიყვარს ჩემში?”.

ადამიანი საკუთარი პრინციპების, ღირებულებების ჯამია. მეც მაქვს რაღაცები, რომლებიც ვიღაცას რთულად ეჩვენება, მაგრამ ვიღაცას – არა.

— რომ გამოჩნდეს გოგონა, რომელიც მოგეწონებათ, ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად?

– წინასწარ ვერც ამას განსაზღვრავ და პასუხს ვერ გაგცემთ. როგორ შემიძლია ვთქვა ის, რაც არ მომხდარა და არ ვიცი?

ეკა ლემონჯავა, სარკე