ეკა ბესელიას შვილი: ,,მშობლების გაშორებამ რთული ხასიათი ჩამომიყალიბა”

ეკა ბესელიას შვილი: ,,მშობლების გაშორებამ რთული ხასიათი ჩამომიყალიბა",,ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რაც შენს მოვლინებას ახლავს თან… ჯერ სულ რაღაც 3 თვის ხარ და 6 თვეში მოევლინები სამყაროს… საოცარი განცდით ველოდები შენს დაბადებას… შენთან საუბარი აქედანვე დავიწყე, რომ უკვე გიგრძნო, უფრო მეტად გაგითავისო და მთელი არსებით შეგიყვარო…

მწამს, რომ იქნები ჭკვიანი, კეთილი, სათნო. როცა გაიზრდები, ამ დღიურს გაჩუქებ და გადმოგცემ იმ ემოციას, რომელიც შენს მოლოდინს ახლდა… ჩემო პატარავ, ისეთი ბედნიერებაა შენი ლოდინი, ისეთი საპასუხიმგებლო, რომ არ ვიცი, რას შევადარო…” – წერდა თავისი პირველი შვილის მოლოდინში მომავალი ცნობილი ავდვოკატი და პოლიტიკოსი ეკა ბესელია. მერე კი ქვეყანას ბიჭი მოევლინა და სახელად რატი დაარქვა. მათ ცხოვრებაში ყოფილა ბევრი განსაცდელი, მაგრამ დედაშვილობაში – არა.

რატი მილორავა, რომელიც ეკა ბესელიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, 20 წლის არის (ინტერვიუ ჩაწერილის 2013 წელს, ,,სარკის” არქივი). მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იყო ბრალდებული და საკმაოდ მძიმე დღეები გაიარა, ყველაზე რთულად ის პერიოდი ახსენდება, როცა ხელისუფლების ოპოზიციაში ჩამდგარ დედაზე ცილისწამებებს კითხულობდა. განიცდიდა, რომ მის დაცვას ვერ ახერხებდა.

– რატი, დედა, როგორც ბიჭს, რას გასწავლიდათ?

– ეკა ყოველთვის მეუბნებოდა, კაცი რაინდი უნდა იყოსო. მეგონა, რაინდობა ხელში მშვილდ-ისრის დაჭერას ნიშნავდა და ვფიქრობდი, ვერ ვათრევ-მეთქი. გვიან მივხვდი, რომ დედას უნდოდა, ჯენტლმენი ვყოფილიყავი. მეუბნებოდა, თავაზიანი, მიმტევებელი, ქალებთან ურთიერთობაში ჯენტლმენი იყავიო. მგონია, რომ ჯენტლმენი გამოვედი, ყოველ შემთხვევაში, ქალთან, მეგობარ გოგოსთან კონფლიქტი არასოდეს მქონია. ვიცი, როგორ უნდა დააფასო ქალი.

– სანამ ჯენტლმენი გახდებოდით, დედა ბევრჯერ ანერვიულეთ?

– დედაჩემის ერთადერთი მოთხოვნა იყო, სახლში ადრე დავბრუნებულიყავი. ეს დაახლოებით ორი წლის წინ იყო, მაშინ ცოტა სახიფათო ასაკიც მქონდა და თან პოლიტიკურ დევნასაც განვიცდიდი. ეკა სწორედ ამიტომ ნერვიულობდა, ეშინოდა, ჩემთვის ვინმეს რამე არ ევნო.

დამყოლი ხასიათი არ მაქვს. როცა საქართველოში ჩემი დაჭერის ბრძანება იყო გაცემული, ორი წელი პარიზში ვცხოვრობდი. იქ ყოფნა გაუსაძლისი იყო ჩემთვის და ამას მხოლოდ დედის პატივისცემის გამო ვიტანდი. დათმობებზე წასვლა მხოლოდ იმ ადამიანებთან შემიძლია, ვინც მიყვარს, სხვა შემთხვევაში – არა. ალბათ არც ჯიუტი ითქმის ჩემზე.

პარიზში დედა ყოველ თვეში რაღაც თანხას მიგზავნიდა, მაგრამ, ჩემი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, მეგობრებთან ზოგჯერ იმაზე მეტს ვხარჯავდი, ვიდრე საჭირო იყო, მეორე დღეზე კი აღარ ვფიქრობდი. არ მინდოდა, ეკასთვის დამერეკა, ფული კიდევ გამომიგზავნე-მეთქი. ამიტომ მერე უკვე ვცდილობდი, რაღაც თანხა გადამენახა. სწორედ საფრანგეთში მივხვდი ფულის ყადრს, ვისწავლე ეკონომია, დამოუკიდებლად ცხოვრება.

– დედათქვენს სახლში თავისი კანონები აქვს დაწესებული?

– არა და ეს ყველას უკვირს. მეგობრებსაც უკვირთ, როცა ვამბობ, რომ ეკა მკაცრი არ არის. დედას რომ გაიცნობენ, გაკვირვებული რჩებიან, სულ სხვანაირი ყოფილაო. ძალიან მიყვარს დედაჩემი, ჯიგარია! ეკა კანონმორჩილია. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ტარება კარგად ვიცოდი, მართვის მოწმობის გარეშე უფლებას არ მაძლევდა, ავტომობილით მესარგებლა. მართვის მოწმობა ახლახან ავიღე. იმაზე კი არ ნერვიულობდა, რომ დამაჯარიმებდნენ, ამბობდა, უხერხულია, შენ რომ გაგაჩერონო.

– მამა თუ ერევა თქვენს ცხოვრებაში, თუ იცის, როდის სად ხართ, რას აკეთებთ?

– არა, მამამ არასოდეს იცის, როდის სად ვარ, რას ვაკეთებ, იმიტომ, რომ დედასთან გავიზარდე. მამა ძალიან მიყვარს და სწორედ ამიტომაც მაქვს მასთან ურთიერთობა, მაგრამ ასეთ რაღაცებს არ ვუყვები. ჩემგან ამას თავადაც არ ითხოვს. დედის გაზრდილი ვარ, ამიტომ მის მიმართ უფრო ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მამასთან კაცური ურთიერთობა მაქვს. ჩავდივარ, ვნახულობ და ისე ვესაუბრები, როგორც კარგ ძმაკაცს.

– განიცდიდით, თქვენი მშობლების გაშორებას?

– ამან ცოტა რთული ხასიათი ჩამომიყალიბდა, შეიძლება რაღაცაზე ადვილად გავნერვიულდე. ეს სტრესი ბავშვობიდან გამომყვა და დიდობაში იჩინა თავი. ვიცი მიზეზი, რატომაც ვერ შეინარჩუნეს დედამ და მამამ ოჯახი, მაგრამ ამას არ გეტყვით.

– მომავალი პროფესია არჩეული გაქვთ?

– ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარებ. პატარა რომ ვიყავი, თემქაზე ვცხოვრობდით, ფინანსურად გვიჭირდა. მაშინ მომგებიანი ნაყინები იყიდებოდა. თუ კუპონებს შეაგროვებდი, საჩუქრებს გაძლევდნენ. ჩემი ასაკის ყველა ბავშვი ამით იყო დაკავებული. მე ვერ ვაგროვებდი არა იმიტომ, რომ ეკა ფულს არ მაძლევდა, არამედ საშუალება არ გვქონდა. კვირაში ერთხელ თუ ვყიდულობდი ნაყინს. მაშინ ვისაც ნაყინები დაჰქონდა, იმაზე ვამბობდი, მაგარი ტიპია-მეთქი.

ერთხელ მაღაზიაში შევედი, სადაც ძალიან ბევრი ნაყინი იყიდებოდა, მაგრამ გამყიდველი მათ არ ჭამდა. რომ დავფიქრდი, მივხვდი, იმიტომ არ ჭამდა, რომ იმ პიროვნების ზემოთ კიდევ ვიღაც სხვა იყო. მაშინ გამიჩნდა განცდა, რომ ოდესმე მეც იმ “ვიღაც სხვას” უნდა დავმსგავსებოდი. მაშინ ვიფიქრე, რომ აუცილებლად ამ გზით უნდა წავსულიყავი.

– დედის დღევანდელ საქმიანობაზე და ზოგადად პოლიტიკოს ქალებზე რას ფიქრობთ?

– ვთვლი, რომ პოლიტიკა უფრო ქალის საქმეა, რადგან მშვენიერი სქესი მეტად ძლიერი და ერთგულია. დედა ოპოზიციაში არ მომწონდა, ყოველთვის მინდოდა, გამარჯვებულისთვის მეყურებინა. მთელი ცხოვრება წარმატებული გახლდათ, ამიტომ არ მომწონდა, რომ ოპოზიციაში იყო. დედას გამარჯვება უხდება. ახლა უფრო ლაღია, ადვილად ეხმარება ადამიანებს. ოპოზიციონერ ეკას იურისტი ეკა მირჩევნია და იურისტს – გამარჯვებული მთავრობის წევრი.

– მიტინგების, არჩევნების პერიოდმა თქვენზე როგორ იმოქმედა?

– ვიცოდი, რომ მიტინგებზე დედასთან ერთად მთელი გუნდი იყო და ამიტომ არ ვნერვიულობდი. ყველაზე მეტად ბინძური რაღაცების კითხვა მოქმედებდა ჩემზე. როცა საქმე დედას ეხებოდა და ვიცოდი, რომ ვერაფერს მოვიმოქმედებდი, ეს მაგიჟებდა. ასეთ სიტუაციაში მამა რომ ყოფილიყო, იმაზეც ვინერვიულებდი. როცა საქმე ქალს ეხება და თან ის დედაშენია, ძალიან რთულია.

– ქალბატონ ეკას ვაჟიშვილისგან გამხნევება, მხარდაჭერა ხშირად სჭირდება?

– დედა ძლიერი ადამიანია, თავის პრობლემებს სხვებს არასოდეს ახვევს თავს, თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ დამალავს და ვხვდები, რომ პრობლემა აქვს. ამ დროს მასთან ვსაუბრობ, ვცდილობ, მასთან ერთად სახლში ვიყო. ახლა სულ ქუთაისშია, როცა თბილისში ჩამოდის, მინდა, სახლში დავხვდე, რომ ამით მას პატარა კომფორტი შევუქმნა.

– გულწრფელად გვითხარით, რა გერჩივნათ – წარმატებული დედა გყოლოდათ თუ დიასახლისი, რომელიც სულ თქვენ გვერდით იქნებოდა?

– მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან მენატრება, მაინც მირჩევნია, ასეთი წარმატებული იყოს. ბევრი დიასახლისი ვიცი, მათ შორის ჩემი მეგობრის დედები, რომლებიც იდეალური ადამიანები არიან, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქალი რეალიზებული უნდა იყოს.

– დედ-მამისგან რა თვისებები გამოგყვათ?

– დედას რომ ფიზიკურად ძალიან ვგავარ, ეგ მეც ვიცი და ყველა აღნიშნავს. მამას იმით დავემსგავსე, რომ მასავით არ ვჭამ იმ საჭმელს, რომელშიც მწვანილი და ხახვია. ბებიაჩემი ჩემთვის კერძებს ცალკე აკეთებს. გენების ამბავია.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც დედა პარლამენტის წევრი გახდა?

– იმდენად შეზღუდული აღარ ვარ, მეტი თავისუფლება ვიგრძენი. ვიცი, რომ ეკაც ადრინდელივით აღარ ნერვიულობს ჩემზე. მანამდე სულ მეუბნებოდა, რომ შეიძლებოდა, რაღაც საფრთხე შემქმნოდა.

– სამაგიეროდ ახლა მეტად ხართ ყურადღების ცენტრში და თითოეულ ნაბიჯს გიზომავენ. ამას როგორ ეგუებით?

– ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს და ეს თვისება მეტნაკლებად ნამდვილად მაქვს, თუმცა ყოველთვის ისე ვცხოვრობდი და ისე ვაკეთებდი საქმეს, თითქოს ათასი კაცი მიყურებდა. ხალხის ყურადღების მისაქცევად რაღაცები ხშირად მიკეთებია. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა. ამბიციური ადამიანი ვარ.

– ძველი ბიჭის სახელი რატომ გაქვთ?

– აი, ეს კი მართლა არ ვიცი. არ ვარ ძველი ბიჭი. ჩემს სასამართლოზე ეკა წამოდგა და თქვა, მე ისეთი შვილი არ გამიზრდია, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს, გალანძღოს და არაკაცურად მოექცესო.

ბიჭობის ასაკში დრო ეზოში, მეგობრებთან ერთად გამყავდა. ალბათ ვიღაცებს ეს ახსოვთ და ამიტომ ამბობენ, ძველი ბიჭიაო. ვფიქრობ, ქუჩისბიჭობა ცუდი ქცევით არ განისაზღვრება.

– თქვენს სახელს არაერთი კრიმინალური ინციდენტი უკავშირდება. 2008 წელს ბრალად გედებოდათ სუპერმარკეტის დაცვის წევრთან შელაპარაკება და გირაოს სანაცვლოდ გაგათავისუფლეს, 2009 წელს ჯგუფურ ხულიგნობაში დაგადანაშაულეს. ახლახან კი ხმა გავრცელდა, ერთ-ერთ კლუბში მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე რატიმ ვიღაც დაჭრაო. კონფლიქტური ხართ?

– ამაზე ბევრჯერ მიფიქრია და ეკასთვისაც მიკითხავს, მაინცდამაინც მე რატომ-მეთქი. ამით უნდოდათ, ეკასთვის ევნოთ. იმაზეც დავფიქრებულვარ, სხვა პოლიტიკოსებსაც ხომ ჰყავთ შვილები და მსგავსი რამ მათ რატომ არ ემართებათ-მეთქი, თუმცა ვიღაცების შვილებსაც შექმნიათ პრობლემები. ეკას ისეთ დროს დაუპირისპირდნენ, როცა ბიჭობის ასაკში ვიყავი და უმეტეს დროს გარეთ ვატარებდი. ალბათ უფრო ადვილად წამოსაგები ვიყავი. შეიძლება იმიტომაც, რომ ეკა არ ტყდებოდა და სხვები ადვილად გატეხეს.

რაც შეეხება კლუბში მომხდარ ამბავს, ჩემი მეგობრის, სალომეს, დაბადების დღე იყო. სალომეს დედა, ქალბატონი მარიკა ვერულაშვილი, ლიზიკოს ნათლიაა. თქვეს, რომ ვითომ დაბადების დღეზე ეკაც იყო, მაგრამ ეს ტყუილია. ისიც სიცრუეა, რომ დედამ იმ ღამეს ფოთში წამიყვანა. სინამდვილეში მცხეთაში მოძღვრის სანახავად ვიყავი წასული. მესამე ტყუილი ის არის, რომ ვითომ მარიკა ვერულაშვილი იმ კლუბის 50 პროცენტის მფლობელია. ეს დიდი სისულელეა. აი, ამ სამი ტყუილიდან საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ის ყველაფერი, რაც ითქვა და დაიწერა, სრული სიცრუეა.

– ანუ კლუბში იმ დაბადების დღეზე ჩხუბი არ მომხდარა და არავინ დაჭრილა?

– ჩხუბი მართლა მოხდა, ოღონდ გვერდით მაგიდასთან მსხდომმა ხალხმა იჩხუბა.  არავინ დაჭრილა. პატრული მოვიდა და წესრიგი დაამყარა. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ჩვენ გარეთ გასაშველებლად გავედით. ალბათ ვიღაცამ ამ შეხლაშემოხლაში მიცნო. სწორედ ამის გამო თქვა ალბათ, რომ მე ვჩხუბობდი. შეიძლება მართლა ეგონა, რომ მე ვჩხუბობდი, მაგრამ ნამდვილად გამშველებლის როლში ვიყავი. იქ მეტი არც არაფერი ყოფილა. დედა მალე დარწმუნდა, რომ არაფერ შუაში ვიყავი და დამშვიდდა.

ზემოთ აღნიშნეთ, ქალთან ჯენტლმენი ვარო. არის თქვენ გვერდით გოგონა, ვისთანაც ჯენტლმენზე მეტი ხართ?

– სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს, მარტივად არავინ მომწონს. სიგიჟემდე სიყვარულში არასოდეს გადავვარდნილვარ, მაგრამ ვიღაცასთან ურთიერთობა ყოველთვის მაქვს. თუ ჩემ გვერდით ვინმე არ არის, ვერ ვძლებ. ცანცარა გოგოები არ მიყვარს, დამოუკიდებელი, საინტერესო გოგონები მომწონს და არა – აქტიურები.

– როგორ ფიქრობთ, ეკას როგორი რძალი უნდა?

– დარწმუნებული ვარ, ეკას სურვილია, ჩემი ცოლი ნაზი გოგო და წესიერი ოჯახის შვილი იყოს. ალბათ ენდომება, რომ ამ ყველაფერთან ერთად განათლებულიც იყოს. სხვანაირად არც მე მომეწონება. ვიცი, ცოლთან კონფლიქტი რომ მომივიდეს, მას ქალურ სოლიდარობას გამოუცხადებს. ეკას არ უნდა, რომ ამ ასაკში ცოლი მოვიყვანო და ბებია გახდეს. სულ იმას მეუბნება, 10 წელი მაინც ოჯახი არ შექმნაო. პრინციპში, მეც ვფიქრობ, რომ 30 წლამდე არ დავქორწინდე.

ქეთი დინოშვილი, სარკე, 2013 წელი