დედამიწის წიაღში 900 მილიარდი დოლარის განძია დამარხული – მომაკვდინებელი ხეობის საიდუმლო

დედამიწის წიაღში 900 მილიარდი დოლარის განძია დამარხული - მომაკვდინებელი ხეობის საიდუმლომსოფლიოს მკვლევრებმა სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნეს. მეცნიერული გამოთვლებით, დღეისთვის დედამიწის წიაღში დაახლოებით 900 მილიარდი დოლარის ღირებულების განძია დამარხული. დაკარგული ძვირფასეულობის პოვნას ბევრი მაძიებელი დღემდე ცდილობს. მათ ეძებენ მიუვალ ტყეებში, გამოქვაბულებსა თუ ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე.

უმეტესწილად ასეთი მცდელობები კრახით სრულდება, ხანდახან მაძიებლების სიცოცხლესაც კი იწირავს, მაგრამ ინტერესი მაინც არ ნელდება, უფრო მეტიც, განძის მაძიებელი, როგორც პროფესია, შთამომავლობით გადაეცემა.

ოქროს მაძიებელთა აუხდენელ ოცნებად დღემდე რჩება ზღაპრული სამეფო ელდორადო. ლეგენდების მიხედვით, ეს არის აურაცხელი ოქროთი და თვალ-მარგალიტით სავსე ადგილი და ამერიკის კონტინენტზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში მის საძებნელად არაერთი ექსპედიცია მოეწყო, რომელთა ორგანიზებასაც კოლოსალური თანხები დასჭირდა, მაგრამ ყველამ მარცხი განიცადა.

დღემდე დაობენ მეცნიერები, სინამდვილეში არსებობს თუ არა ეს მითური ადგილი და, მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც ერთ საუკუნეში მიაგნეს, ბევრს დღემდე ჯიუტად სჯერა, რომ ოქროს ქვეყანა სამხრეთ ამერიკის მიდამოებშია ჩაკარგული და ოდესმე აუცილებლად იპოვიან.

დედამიწის წიაღში 900 მილიარდი დოლარის განძია დამარხული - მომაკვდინებელი ხეობის საიდუმლოამ მითის არსებობა ვერც მეცნიერულმა კვლევებმა დაამსხვრია. მკვლევარ ჰუმბოლდტის მიერ ზუსტი ტოპოგრაფიული აზომვები ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, გეოგრაფებმა და მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ელდორადო მხოლოდ ლეგენდებში ცოცხლობს. მიუხედავად ამისა, ზღაპრული სიმდიდრე ბევრს დღემდე უკარგავს მოსვენებას. მეცნიერთა ბოლოდროინდელი დასკვნა კი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, განძის მაძიებლებში ალბათ ენთუზიაზმის ახალ ტალღას გამოიწვევს.

ლეგენდის დაბადება

ზღაპრულ ელდორადოზე ლეგენდის დაბადებას თავისი საფუძველი აქვს. სამხრეთ ამერიკაში არსებობდა ჩიბჩა-მუისკების უძველესი ცივილიზაცია. მისი ცენტრი მდებარეობდა ბოგოტის ზეგანზე (ახლანდელი კოლუმბიის ტერიტორია). ჩიბჩა-მუისკები გამოირჩეოდნენ სამეთუნეო და საფეიქრო საქმის მაღალი დონით, ქვანახშირის ამოღება-გამოყენებითა და ზურმუხტების დამუშავებით.

ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ჩიბჩა-მუისკები ძველი ამერიკის ერთადერთი ხალხი იყო, რომელმაც ფული შემოიღო – ოქროსგან მოჭრილი პატარა დისკები. ზოგი მეცნიერი კი თავის დასკვნებში წერს, რომ ფულის როლს ძვირფასი სამკაულები ასრულებდა, რომლებსაც სხვადასხვა საქონელზე ცვლიდნენ.

სწორედ ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული ლეგენდა ზღაპრულ ელდორადოზე. მდინარე გუატავიტას სანაპიროზე წელიწადში ერთხელ მუისკების ტომის უცნაური რიტუალი იმართებოდა. მზის ღმერთის შესაგებებლად ცერემონიალს გათენებისას იწყებდნენ. გაშიშვლებულ ბელადს თიხას წაუსვამდნენ, შემდეგ კი მის სხეულს მთლიანად ოქროს ფხვნილით ფარავდნენ. ასე ხდებოდა ის ოქროს კაცი (ესპანურად – ელ დორადო).

ბელადი მსხვილი ლერწმისგან გაკეთებულ ტივზე ადიოდა. ქვეშევრდომები მის ფეხებთან ოქროსა და ზურმუხტის თვლებს ალაგებდნენ. ეს ორი რამ (ოქრო და ზურმუხტი) მზის ღმერთის შესაწირად ითვლებოდა.

ბელადის მომსახურე ოთხ პირს ტანთ არაფერი ემოსა, მხოლოდ ოქროს გვირგვინები და სამაჯურები ეკეთათ და ოქროს კაცთან ძვირფასეულობა მიჰქონდათ. შემდეგ ტივით მდინარის შუაგულში შეცურდებოდნენ და ოქროსა და სხვა ძვირფას თვლებს წყალში ყრიდნენ.

რიტუალის გაგრძელება ასეთი იყო: ოქროს ბელადი ძვირფასი ტახტრევნით მიჰყავდათ რომელიღაც ტბამდე, სადაც იგი ჩამოიბანდა ოქროს ფხვნილს. სხვები კი ტბაში ოქროს ნივთებსა და ძვირფას ქვებს ისროდნენ.

ეს რიტუალი საუკუნეების განმავლობაში ტარდებოდა. მოგვიანებით ლეგენდებს ოქროს კაცზე კი არა, ოქროს ქვეყანაზე ყვებოდნენ და მითური ელდორადოც ასე შეიქმნა.

მდინარეში ნაპოვნი ძვირფასეულობა

1580 წელს ვაჭარმა ანტონიო დე სეპულვედამ მდინარე გუატავიტას ამოშრობა გადაწყვიტა და ამ სამუშაოს შესასრულებლად 8.000 ინდიელი დაიქირავა. ვაჭრის ბრძანებით, ინდიელებმა სანაპიროზე ღრმა არხის გათხრა დაიწყეს, რომ მდინარისთვის კალაპოტი შეეცვალათ და ფსკერი გამოჩენილიყო. ცნობილია, რომ ამ სამუშაოებს უამრავი ინდიელი ემსხვერპლა, გათხრის კვალი კი დღემდეა შემორჩენილი.

ვაჭარმა მიზანს ნაწილობრივ მიაღწია. მდინარეში წყალმა დაახლოებით 18 მეტრით დაიკლო. მართალია, ინდიელთა განძი სრულად ვერ იპოვა, მაგრამ ბევრ ძვირფას ნივთს მიაგნო – საბრძოლო აბჯრის ოქროს სამკერდულებს, ოქროს კვერთხს და კვერცხისოდენა ზურმუხტს. სეპულვედამ მთელი ძვირფასეულობა ესპანეთის მეფეს გადასცა.

მდინარის დაშრობა ბოლოს 1912 წელს სცადეს. მუისკთა ტომის სიმდიდრის აღმოჩენის მიზნით ინგლისში აქციონერული საზოგადოება დაარსდა. თანამედროვე ტუმბოების გამოყენებით გუატავიტა დააშრეს, მაგრამ ოქროსმაძიებლებმა სრული ფიასკო განიცადეს, ძვირფასეულობას ვერ მიაგნეს. უმნიშვნელო ნივთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი 10 ათას დოლარამდე იყო, არადა ექსპედიციის მოწყობას 100 ათას დოლარზე მეტი დასჭირდა.

გაუჩინარებული ადამიანები

უამრავი უშედეგო ცდის შემდეგ ელდორადოს ძებნა უკვე არამხოლოდ გუატავიტას მიდამოებში, სხვა ადგილებშიც დაიწყეს და დღემდე ასე გრძელდება.

არსებობს უამრავი მითი იმაზე, რომ გარდაცვლილ ინდიელთა სულები დღემდე დარაჯობენ თავიანთ განძს. ვინც მას მიეკარება, უმალ მათი წყევლა იწყებს მოქმედებას და ყველა უცნაურად კვდება, ზოგი კი საერთოდ უჩინარდება.

ამ მისტიკურ თემაზე ბევრი ფილმია გადაღებული და ბევრი მწერლის შთაგონებაც გამხდარა, თუმცა ამ ყველაფერში არის სიმართლის მარცვალი, რომელსაც გვერდს ვერ უვლიან და ვერც მეცნიერულად ხსნიან.

ასეთი ადგილების რიცხვს მიეკუთვნება კანადაში მდებარე იდუმალი ხეობა, რომელიც უთავოთა ხეობის სახელით არის ცნობილი. ეს სახელი მას შემდეგ ეწოდა, რაც 1905 წელს დაკარგული ოქროსმაძიებლების თავმოკვეთილი ჩონჩხები იპოვეს.

რამდენიმე წლით ადრე ამ ხეობაში ექვსი ყმაწვილი გაემართა და ამის შემდეგ ისინი ცოცხალი აღარავის უნახავს. პოლიციის კარტოთეკაში შემორჩენილია ოფიციალური მონაცემები ხეობის მრავალრიცხოვან მსხვერპლთა შესახებ, რომლებიც ოქროს ძიებაში ან უცნაურად უჩინარდებოდნენ, ან მათ სხეულებს თავმოკვეთილს პოულობდნენ.

ასეთი ფაქტების აღმოჩენა ჩვენს თანამედროვეობაშიც მოხდა. 1978 წელს ხეობაში გაემგზავრა ექსპედიცია დოქტორ ჰენკ მორტიმერის ხელმძღვანელობით. ექვსი მკვლევარი ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით იყო აღჭურვილი და ყველაფერი მზად ჰქონდათ თავის დასაცავად.

როცა ხეობაში მივიდნენ, მეცნიერებმა გადმოსცეს, რომ კარავი დადგეს. საღამოს კი ისევ გაისმა ზარი და ოპერატორს შემზარავი ყვირილი მოესმა: “კლდიდან სიცარიელე გამოდის! ეს საშინელებაა!”. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა.

ექსპედიციის დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაგზავნეს სამაშველო სამსახურის წევრები, რომლებიც ნახევარ საათში უკვე იმ ადგილას იყვნენ, მაგრამ ვერც ექსპედიციის წევრები იპოვეს და ვერც კარავი. გაუჩინარებიდან ექვსი თვის შემდეგ ერთ-ერთი მეცნიერის თავმოკვეთილი სხეული აღმოაჩინეს.

1979 წელს მისტიკურ ხეობაში კიდევ გაემგზავრა მკვლევართა ერთი ჯგუფი – ანომალიურ მოვლენათა სპეციალისტები და სამხედროები, მაგრამ ისინიც გაუჩინარდნენ. მათ უკანასკნელად ასეთი რამ გადმოსცეს: “სქელმა ნისლმა ალყაში მოგვაქცია!”.

მომაკვდინებელი ხეობის საიდუმლოება დღემდე ამოუხსნელია.

სარკისთვის მოამზადა ირინე მჭედლიძემ