თამარ ჟვანიამ ხელფასი აგვისტოში 20 ათას ლარამდე აიღო

თამარ ჟვანიამ ხელფასი აგვისტოში 20 ათას ლარამდე აიღოსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელფასი მიმდინარე წლის აგვისტოში 19 550 ლარი იყო. ამის შესახებ On.ge-მ ინფორმაცია ცესკოდან მიიღო.

2018 წლის აგვისტოში ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დაუბეგრავად 17 000 ლარი იყო, ამავდროულად, მიიღო დანამატი 2 550 ლარის ოდენობით. ჟვანიამ გასული წლის აგვისტოშიც, როცა საარჩევნო პერიოდი იყო, მიიღო გაზრდილი თანამდებობრივი სარგო და დანამატი, თუმცა დაუბეგრავად ამ თანხის მოცულობა 12 774 ლარი იყო.

ცესკოში On.ge-ს განუმარტეს, რომ წელს არჩევნები პირველ აგვისტოს დაინიშნა, გასულ წელს კი – შუა თვეში. ანაზღაურებას შორის განსხვავება კი ამ მიზეზით არის გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იყო, ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 22 000 ლარს გაუტოლდა, საიდანაც ნახევარი დანამატის სახით დაერიცხა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, ჟვანიას შემოსავალი დეკლარაციისა და ცესკოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ასეთია:

2018 წლის 9 თვე — 90 950 ლარი;
2017 წლის 12 თვე — 143 674 ლარი;
2016 წლის 12 თვე — 197 307 ლარი.

ონ.ჯი