,,საქართველოში რომ ეუბნებიან, რამდენიმე თვეში მოკვდებიო, შვეიცარიაში 5-6 წელი კიდევ აცოცხლებენ”

,,საქართველოში რომ ეუბნებიან, რამდენიმე თვეში მოკვდებიო, შვეიცარიაში 5-6 წელი კიდევ აცოცხლებენ"შვეიცარიაში ქართველები ძირითადად სამკურნალოდ ჩადიოდნენ. ევროპულ ქვეყანაში მოხვედრილებს შეეძლოთ, ყველა სახის სამედიცინო სერვისი უფასოდ მიეღოთ. მაგრამ ბოლო ორი თვეა ეს უფლება მათზე აღარ ვრცელდება და, როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

გიორგი ჯახაშვილი საქართველოდან 10 წლის წინ წავიდა. წასვლის მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არ სურს. სამშობლოდან შორს მყოფმა გაჭირვებული ქართველების დახმარება ითავა და ახლა ყველა ქველმოქმედი ემიგრანტისგან შეგროვილ ფულს აქეთ აგზავნის, თუმცა როგორი საოცარიც უნდა იყოს, ეს ქველმოქმედება არ მოსწონთ იმ გამგებლებს, რომელთა დაქვემდებარებაშიცაა ის უბანი თუ სოფელი, რომლის მცხოვრებსაც ეხმარებიან.

იმ გამოცდილებაზე, რაც გიორგი ჯახაშვილს საკუთარი და თანამემამულეთა ემიგრანტული ცხოვრების მაგალითზე დაუგროვდა, “სარკეს” უამბობს:

– მეორე შვილი აქ შემეძინა. 10 წელია ქალაქ ლოზანაში ვცხოვრობ. უამრავ ჩვენს თანამემამულეს დავეხმარე პირადი სახსრებით, მაგრამ ბევრი მეხმიანებოდა და თანხა აღარ მყოფნიდა.

მერე გავხსენი ფეისბუქგვერდი “ქართველები შვეიცარიაში”. ფეისბუქმეგობრები შევიკრიბეთ და მოვიფიქრეთ სისტემა, რომ საჯაროდ დაგვეფიქსირებინა იმის გვარ-სახელი, ვინც თანხას დადებდა. გზავნილის ქვითარსაც ვდებთ სოციალურ ქსელში.

საქართველოში გვაქვს შიდა ოქმი, სადაც წერია, ვის ვაბარებთ პროდუქტსა თუ სხვა დახმარებას. მაგალითად, ბოლოს ძროხა ვუყიდეთ ერთ ოჯახს. თითოეულ ცენტს, რომელსაც დებს ადამიანი, თვითონვე აკონტროლებს. ვიდეოკადრებითაც ვაფიქსირებთ ამ ფაქტს. საქართველოში ჩემი 5 მეგობარი მეხმარება. ფონდის სახე არ მივეცით, რადგან ფონდებთან დაკავშირებით ადამიანებს ნდობა აქვთ დაკარგული და ეს გამჭვირვალე სისტემა, რაც მე გავაკეთე, ყველას მოსწონს.

— ძროხა ვის აჩუქეთ?

– თითქმის დანგრეულ სახლში ცხოვრობენ თიანეთის სოფელ იარაჯულებში. ის სახლი ალბათ პატარა მიწისძვრის დროსაც კი დაინგრევა. მათ ადრე ჰყავდათ საქონელი, ნორმალური ოჯახი ჰქონიათ, მაგრამ გაყიდეს ყველაფერი, რადგან დიასახლისი, ოთხი შვილის დედა, სიმსივნითაა დაავადებული. მთავრობამ მკურნალობის ნაწილი დაუფინანსა, მაგრამ დანარჩენი ხარჯი რომ დაეფარათ, ყველაფრის გაყიდვა მოუწიათ.

გვქონია შემთხვევა, როცა დაურეკავთ და უთქვამთ, 3 დღეა ბავშვებს საჭმელი არ უჭამიათო. მივსულვართ და შიმშილისგან შეღონებული ბავშვები დაგვხვედრიან. ასეთებს ურიგოდ ვეხმარებით, სხვებს რიგში ვაყენებთ.

ზოგი ოჯახი ძროხას ითხოვს, ზოგი კი გვთხოვს, ბევრი მაკარონი და ზეთი ვუყიდოთ, რომ დიდხანს ეყოთ. არიან ბავშვები, რომლებსაც ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ აქვთ და მოზარდობის ასაკში სკოლაში წასვლისა რცხვენიათ. ასეთები მიგვყავს მაღაზიაში და 350 ლარის ფარგლებში ყველაფერს ვყიდულობთ.

ძალიან მაგარი ხალხია ემიგრანტები – შრომობენ, წვალობენ და ისე ინახავენ ოჯახებს სამშობლოდან შორს, ამავე დროს გაჭირვებულებისთვისაც იმეტებენ 5 და 10 ევროს. ყველა ქვეყნიდან აქტიურობენ. ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთში გვყავს, მერე ევროპასა და ამერიკაში. რუსეთიდან მხოლოდ ერთხელ დაგვეხმარნენ. უფრო მეტად საბერძნეთსა და იტალიაში მყოფი ემიგრანტები აქტიურობენ. რომ ვიცით, როგორ წვალობენ და შრომობენ, არავის არაფერს ვთხოვთ. თვითონ გამოთქვამენ ხოლმე სურვილს.

— შვეიცარიაშიც უჭირთ ქართველებს ცხოვრება?

– უმრავლესობა ჯანმრთელობის პრობლემის გამოა აქ ჩამოსული, უმეტესობას ლეიკემია ან სხვა სახის სიმსივნე აქვს. მძიმედ დაავადებულ ადამიანებს ჰუმანურ სტატუსს ანიჭებენ. ეს ძალიან ჰუმანური ქვეყანაა ავადმყოფების მიმართ. რა თანხაც უნდა დაჯდეს, უფასოდ მკურნალობენ.

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ შეიცვალა სიტუაცია. ადრე რომ ჩამოდიოდა სიმსივნიანი პაციენტი, აქ ეუბნებოდნენ, დარჩი და გიმკურნალებთ, თორემ შენს ქვეყანაში მოკვდებიო. ახლა კი, როცა შვეიცარია მიმართავს საქართველოს, ამა და ამ დაავადებას თუ მკურნალობთო, პასუხობენ, ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეების მკურნალობას ვაფინანსებთ და უკან გამოუშვით, ჩვენ ვუმკურნალებთო.

ბოლო ორი თვეა, აქ ჩამოსულ ქართველებს ეუბნებიან, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ყოფილხართ, ჯანდაცვის სისტემაც ძლიერი გქონიათ და ჩვენ რატომ უნდა შეგიფაროთ, წაბრძანდით უკანო.

კარგად იცით, საქართველოში რაც ხდება. ახლა პაპაჩემის ძმას სიმსივნე აქვს. ოპერაციას 3 ათასით უფინანსებენ, მაგრამ კლინიკა 5 ათასს ითხოვს. მათ კი არა აქვთ საშუალება, ის 2 ათასი გადაიხადონ.

ოპერაცია 25 ათასი რომ ჯდება და სახელმწიფო 15 ათასს გადაგიხდის, ოჯახმა 10 ათასი საიდან მოიტანოს?! რაც მე ვიცი, აქ, მინიმუმი, 20 ქართველი ბავშვია ლეიკემიით დაავადებული, რომლებსაც ეს ქვეყანა მკურნალობს. ზოგს ერთხელ აქვს მანდ ქიმია გაკეთებული და მეორედ ვეღარ იკეთებს უსახსრობის გამო.

საქართველოში რომ ეუბნებიან, რამდენიმე თვეში მოკვდებიო, აქ 5-6 წელი კიდევ აცოცხლებენ. ეს – ვინც დაგვიანებით ჩამოდის, ბევრი კიდეც გამოაჯანმრთელეს. საკვებითაც უზრუნველყოფენ, ბინითაც, წამლების ფულითაც. ბოლოს სიმსივნით დაავადებული ორი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოდან და უარი უთხრეს – თქვენი სახელმწიფო გაფინანსებთ 100%-ით და იქ იმკურნალეთო.

— ეს, ფაქტობრივად, მათ სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს.

– დიახ, ასეა. ასეთია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა. ეუბნებიან, ყველაფერი კარგი გვაქვს ქვეყანაშიო. აქ კი დოკუმენტებს ენდობიან. რომ უსმენენ და უყურებენ, ჰგონიათ, რომ მართლა ასეა და საქართველო ყვავის. საკრებულოებიდან ხშირად დაურეკავთ და ირონიულად, აგრესიულად უთქვამთ ჩემთვის, სად პოულობთ ამ გაჭირვებულებსო.

— ანუ არც თავად ეხმარებიან და არც ის სიამოვნებთ, რომ ამ გაჭირვებულების შესახებ ხმაურდება?

– ასეა. სად ვპოულობ და, გადი სოფლის “ბირჟაზე” და იკითხე, ვინმე შიმშილით თუ კვდება! ყველა სოფელშია უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი. მირეკავენ, რატომ გვილახავ ავტორიტეტსო. მაშინ შენ დაეხმარე, ვინ გიშლის?!

— შვეიცარიაში ჩამოსული ქართველები საქმდებიან?

– მაგალითად, თუ ერთი მეუღლე ავადაა, მეორეს, ვინც ჩამოჰყვება, აძლევენ საშუალებას, შეისწავლოს ენა, საქმე და დასაქმდეს. აუცილებელია ამათი კულტურისა და ტრადიციების შესწავლაც. ამ ყველაფერს უფასოდ გასწავლიან. მერე მიდიხარ მერიაში, ეწერები დასაქმების პროგრამაში და გასაქმებენ. თუ ეკონომისტი ხარ და აქაურ კურსებს გაივლი, ეკონომისტად დაიწყებ მუშაობას და ა.შ.

თავიდან მიდიხარ გამანაწილებელში, ბანაკივითაა. სანამ შენი საქმე განიხილება, კანონით, იქ ერთი კვირიდან 3 თვემდე შეუძლიათ გაგაჩერონ, მაგრამ 10 დღეში თითქმის ყველა გადაჰყავთ საერთო საცხოვრებელში, სადაც არის ე.წ. მოდულები. ის თუ არ გაიარე, ბინაში არ შეგიშვებენ.

ეს მოდული ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გასწავლიან უფასოდ. გატარებენ ყველგან, მაგალითად, ნაგვის ქარხანაში და გასწავლიან, როგორ უნდა მოიქცე ამ ქვეყანაში. ნაგავი უნდა დაახარისხო – პლასტმასისა და მინის ბოთლი ერთად არ უნდა გადაყარო, ქაღალდი ცალკე უნდა მოაგროვო და ა.შ. გასწავლიან ყველაფერს, რომ ემიგრანტი მათ ერს შეერწყას.

მაგალითად, ქუჩაში ხმამაღალი ლაპარაკი არ შეიძლება. თუ ასე მოიქცევი, იფიქრებენ, რომ ავადმყოფი ხარ. თუ შეურაცხყოფა მოგაყენეს, პოლიცია უნდა გამოიძახო და არ უნდა დაარტყა. ქალაქში უფასო აუზებია.

მაღაზიებში დევს ერთნაირი ხარისხის პროდუქტი, მაგალითად, ყველი, რომელსაც სხვადასხვა შეფუთვა აქვს. მე თუ დაბალი ხელფასი მაქვს, იმავე ხარისხს ვიყიდი, ოღონდ სხვაგვარად შეფუთულს, რომელიც 10 ფრანკის მაგივრად 5 ფრანკი ღირს. აქ ვისაც მაღალი ხელფასი აქვს, არ იკადრებს, დაბალი შემოსავლის მქონესთვის განკუთვნილი შეფუთვა აიღოს.

აქ არის ფერმები, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი. დგას ყულაბა და იქვე აწერია ფასი, რა რა ღირს. შეხვალ ფერმაში, დაკრეფ, აწონი, ყულაბაში ჩააგდებ თანხას და წამოიღებ. არავინ გაკონტროლებს, იმხელა ნდობაა.

— ქართველები, რომლებმაც ქურდობით გაითქვეს მსოფლიოში სახელი, მანდ როგორ იქცევიან?

– თუ შეამჩნიეს, რამეს იპარავ, ერთ თვეში დეპორტს გაგიკეთებენ. ვინც ეს იცის, არ იპარავს.

— თქვენ რა პროფესია გაქვთ?

– ეკოლოგი ვარ სპეციალობით. სტუდენტობის დროს პროფილაქტიკაშიც ვმუშაობდი, რომ ჩემი ჯიბის ფული მქონოდა. 14 წლიდან მიჩვეული ვარ შრომას.

შვეიცარიაში სასწაული სისტემა აქვთ. ქალაქის მერიაში ვუთხარი, რომ ყველა სფერო მაინტერესებდა და, თუ შეიძლებოდა, მაგალითად, წელიწადნახევარი ერთ სფეროში მემუშავა, მერე სხვაგან. მინდოდა, მაქსიმალურად ამეთვისებინა ყველაფერი. რომ მკითხეს, რად გინდაო, ვუთხარი, შემდეგ იქნებ ჩემს ქვეყანას მოვახმარო-მეთქი.

პირველი, რისი სწავლაც მინდოდა, დასუფთავების სისტემა იყო. ერთი წელი ამ სფეროში ვიმუშავე. ნახევარი ქალაქი ნაგვით თბება. უშველებელი ბოილერები უდგათ, იქ წვავენ ნაგავს და ამ ცეცხლს იყენებენ გასათბობად.

შემდეგ ინფორმატიკის კურსები გავიარე, ვისწავლე გამწვანების სისტემა. შვეიცარია ზამთარ-ზაფხულ მწვანეა. ისეთი ბალახია დათესილი, ნამს თავად გამოყოფს და თვეში ერთხელაც რომ მოვიდეს წვიმა, საკმარისია. ყველას აივანზე ზამთარ-ზაფხულ ბუნებრივი ყვავილებია.

თუ საქართველოში მომიწევს ჩამოსვლა, ვეცდები, ცოდნა ჩვენს ქვეყანას მოვახმარო. ჩვენი და შვეიცარიის კლიმატი ერთი და იგივეა. აქ ჩამოსულს საქართველოში გეგონება თავი. შეგვიძლია ჩვენც გვქონდეს მუდამ მწვანე ბალახი და ამ ყველაფერს ისიც ეყოფა, 10-10 კაციანი ჯგუფები რომ გამოგზავნონ 6 თვით თითო სფეროს შესასწავლად.

აქ ისე უყვართ თავიანთი ქვეყანა, რომ “შავად” ვერავინ იმუშავებს. მეზობელმა რომ დაგინახოს, ვინმეს ამუშავებ, მაშინვე პოლიციაში დარეკავს, რადგან ამით სახელმწიფოს აკლდება ბიუჯეტში თანხა. აქ რომ ვიღაცამ სასტიკად და შრომითი კანონის დარღვევით გამუშაოს, ათწლიან ციხეს მიარჭობენ. კვირა აბსოლუტურად ყველასთვის დასვენების დღეა, მაღაზიებსაც კეტავენ. 7 საათის მერე არავინ მუშაობს, თუ ორცვლიანი სამსახური არაა. 500 000 ფრანკია ჯარიმა, დამსაქმებელმა რომ 1 საათით მეტი გამუშაოს.

მინიმალური ხელფასი 3 700 ფრანკია. რომც უნდოდეს, ამაზე დაბალ ხელფასს არავინ მოგცემს, რადგან სახელმწიფოსთან კონტრაქტს ვერ გააფორმებს. ვერ მიხვდები, ვინ პრეზიდენტია და ვინ პარლამენტის დეპუტატი, ველოსიპედებით დადიან. პოლიციაც ველოსიპედით დადის. ჩასაცმელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სუფთად ეცვათ. შეიძლება დახეული ტანსაცმლით ჩაგიაროს პარლამენტის წევრმა.

ადგილობრივს თუ ჩამოსულს, ყველას აქვს სამედიცინო დაზღვევა. ყველაზე მეტ ფულს ჯანდაცვაზე ხარჯავენ. ამიტომაც 80 წლის ქალები ველოსიპედებით დაჰქრიან და რომ შეხედავ, პატარა გოგოები გეგონება.

— აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?

– ალბათ 2 წლის მერე. ახლა კონსულტაციებს ვაწარმოებ ყველა ევროპულ ქვეყანაში მყოფ წარმატებულ ახალგაზრდებთან. ასეთი ადამიანები უნდა ჩამოვიდეთ საქართველოში და დახმარება შევთავაზოთ. თუ უარს გვეტყვიან, მერე სხვაგვარ საქმიანობას დავიწყებთ – ემიგრანტების პარტიას შევქმნით.

ემიგრანტები თავად დაგვაფინანსებენ და თვითონ გავნახორციელებთ პროექტებს. საქართველოს არ უნდა უჭირდეს და მშიერი ადამიანი არ უნდა არსებობდეს, ღმერთმა ისეთი ადგილი გვიბოძა. უბრალოდ, სწორი მენეჯმენტი და განათლება გვჭირდება.

ყველა კანონს ვსწავლობ, რომ, როცა ჩამოვალ, ვიცოდე, საიდან რისი დაწყება შეიძლება. მწერენ ხოლმე, შვეიცარიამდე ვერ მივალთ და ნუ ადარებთო. რატომ არ უნდა შევადარო?! ჩვენი მიწა ჯობია და აქაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ. სისტემა უნდა გადმოვიტანოთ და სულ ეგაა.

რუსუდან ადვაძე, სარკე