ნინია ბარიშვილი: “16 წლის ასაკში მომავალმა ქმარმა მომიტაცა”

ნინია ბარიშვილი: "16 წლის ასაკში მომავალმა ქმარმა მომიტაცა"სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” რეჟისორის ასისტენტი, ნინია ბარიშვილი, ერთ დღეს ქეთი დევდარიანის სცენარს კითხულობდა და აღმოაჩინა, რომ მომავალი სერიების ერთ-ერთი პერსონაჟის, ძალადობის მსხვერპლ შორენას, ისტორია თითქოს მასზე იყო დაწერილი, ისე ჰგავდა გამოგონილი ამბავი მისი ცხოვრების დეტალებს. ამიტომაც მოუნდა ამ როლის შესრულება მოუნდა, კასტინგზე წავიდა და ასე მოხვდა სერიალში შორენას როლზე.

ნინია 24 წლის არის, მაგრამ ცხოვრებისგან უკვე ბევრი დარტყმა მიიღო. 5 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. მამამ ცოლი შეირთო, რუსეთში ცხოვრობდა, გოგონა კი დეიდებთან იზრდებოდა. 16 წლის ასაკში მოიტაცეს… დანარჩენს თავად გვიამბობს.

– ნინია, როგორც ვიცი, პროფესიონალი მსახიობი არ ხართ. როგორ მოხვდით გადასაღებ მოედანზე?

– “ჩემი ცოლის დაქალების” ტექნიკურ ჯგუფში ვმუშაობ, რეჟისორის ასისტენტი ვარ. თავდაპირველად პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს მივწერე, რომ ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება ნებისმიერ პოზიციაზე. ფინანსური პრობლემა არ მქონია, უბრალოდ ხალხში გასვლა მსურდა, რადგან მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა.

როდესაც სცენარი წავიკითხე, ჩემი წარსული გამახსენდა, ვთქვი, რომ ქეთი დევდარიანმა სცენარი ჩემზე დაწერა. შემდეგ რეჟისორ გიორგი ლიფონავას ავუტყდი, სინჯი უნდა ჩავწერო-მეთქი და დამთანხმდა. კასტინგზე გავედი, მესამე დღეს კი დამირეკეს, დაგამტკიცესო. შოკში ვიყავი.

– თქვენს გმირთან, ცხოვრებისეული დეტალების გარდა, ხასიათის მსგავსებაც გაქვთ?

– შორენა ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია, უბრალოდ ერთი და იგივე რამ შეგვემთხვა. მოვახერხე და ჩემი ცხოვრება სხვანაირად შემოვატრიალე, ჩემმა გმირმა კი ისე დატოვა, როგორც იყო. ის ძალიან სუსტია.

რაც შეეხება ჩემს ისტორიას, დიდი არაფერია. 16 წლის ასაკში გავთხოვდი უსიყვარულოდ, მომიტაცეს. იმ ადამიანთან ძალიან ცოტა ხანს ვიცხოვრე და წამოვედი, იმიტომ, რომ არ მიყვარდა. ბევრი დეტალი იყო, რომლებზეც არ ვსაუბრობ.

– ძალადობის მსხვერპლი იყავით?

– ძალადობაა ისიც, რომ შენი ნების საწინააღმდეგოდ იქცევიან, გიტაცებენ. აუცილებელი არ არის, ხელი გაგარტყან ან გაგინონ.

– რატომ ვერ მოახერხეთ მისგან მაშინვე წამოსვლა, რატომ დარჩით, თუკი არ გიყვარდათ?

– ბავშვი ვიყავი, გარდატეხის ასაკში, დედა მყავდა გარდაცვლილი, მამა რუსეთში ცხოვრობდა, დეიდებთან ვიზრდებოდი და თავიდან რაღაცები ვერ გავიაზრე. ვერ დავიწუწუნე, რომ არ მიყვარდა. შემდეგ, როდესაც რაღაცები მოხდა და ეს ჩემი ოჯახის წევრებმაც დაინახეს, მარტივად დავეხსენი.

– მაგრამ მარტივი არ იქნებოდა განათხოვარი გოგონას იარლიყით ცხოვრება.

– ამ ყველაფერს დიდი ამბები მოჰყვა, დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან გარეთ ვერ გავდიოდი, დავკომპლექსდი. მეგონა, სამყარო თავზე დამექცა. სწავლაზე ლამის უარი ვთქვი, არადა იმიტომ გავშორდი, რომ მესწავლა.

– ქმრის ოჯახთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქმარს ძალიან ვუყვარდი, მისი ოჯახი ცუდად ჩაერია და სწორედ ამის გამო მივამსგავსე შორენას ამბავი ჩემსას. ჩემმა ყოფილმა ქმარმა თავისი ოჯახის სურვილი უფრო გაითვალისწინა, ვიდრე საკუთარი…

მერე კვლავ დავუშვი იგივე შეცდომა, თუმცა არ ვნანობ, რადგან მეორე ქორწინებიდან მყავს შვილი. მარტო იმისთვის ღირდა ცხოვრება, რომ შვილი მყოლოდა.

– მეორე ოჯახი რა მიზეზით დაგენგრათ?

– ექვსი თვე ვცხოვრობდით ერთად. მერე რაღაცები აირია და გადავწყვიტეთ გაშორება. ერთ თვეში კი გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

– ყოფილ ქმარს ბავშვთან აქვს ურთიერთობა?

– რა თქმა უნდა. ყოფილი მეუღლის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. დილა იწყება იმით, რომ ერთმანეთს ვწერთ. საუკეთესო მეგობრები ვართ. ვისურვებდი, რომ მისნაირი მამა მყოლოდა.

– ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მარტოხელა დედა ხართ. ასეთ ახალგაზრდა ასაკში არ გიჭირთ ამ ტვირთვის ზიდვა?

– მარტოხელა დედობა ყველა საქმეზე რთულია. მეგობრები სულ მეკითხებიან, ფინანსურად ხომ გეხმარება და რატომ არის რთულიო. ბევრი რამის გამოა რთული. ელემენტარულად, როდესაც ბავშვი ცუდად ხდება, პანიკა მეწყება.

5 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ არც მოფერება მაკლდა და არც ყურადღება, დედის სითბო სულ სხვაა. ამას ვითვალისწინებ და ვცდილობ, ჩემს შვილს ის მივცე, რაც მე დამაკლდა. გიჟი დედა ვარ.

– ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ კიდევ იფიქრებთ, თქვენი ცხოვრება სხვას დაუკავშიროთ?

– არა. რისთვისაც მინდოდა გათხოვება, შვილია და ის უკვე მყავს.

– პროფესიაზე არაფერი გითქვამთ. სად მუშაობდით, სანამ “ფორმულა კრეატივში” მიხვიდოდით?

– მედდა ვარ. 3 წელი ვიმუშავე სამშობიაროში, პედიატრიაში, ქირურგიაში, მაგრამ საკუთარი თავი ამ სფეროში ვერ ვიპოვე. ემოციური ვარ, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, მედიცინაში კი ცოტა ცივი უნდა იყო.

– მსახიობობაც არ უნდა იყოს იოლი საქმე.

– ძალიან რთულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, რადგან რეჟისორის ასისტენტი ვარ და რეპეტიციებს მე ვატარებ.

– როდესაც ეკრანზე გამოჩნდით, პირველი ქმარი ხომ არ დაგიკავშირდათ?

– 5 წელი არსად დამინახავს, მაგრამ წინა სეზონის ბოლო სერიების შემდეგ “ფეისბუქსზე” სამჯერ მომივიდა შეტყობინება. შემეშინდა, რადგან მე და ბავშვს გვეხებოდა. ბოლოს იყო წყევლა. ვფიქრობდი, ვის რა დავუშავე, რომ შვილი დამიწყევლა-მეთქი. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ეჭვი მასზე ავიღე.

– რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც ისეთ სიტუაციაში არიან, როგორშიც თქვენ აღმოჩნდით 16 წლის ასაკში?

– თუ თავიდანვე შეატყობთ, რომ ქორწინება დიდხანს არ გასტანს ან უბედურები ხართ, მაშინვე უნდა დაასრულოთ ურთიერთობა. არ არსებობს, შემდეგ შეყვარება ან რაიმეს შეცვლა უკეთესობისკენ. მეორე, ბავშვებს ძალადობა არ უნდა აყურებინოთ, რადგან ისინი ამ ყველაფერს იმახსოვრებენ. დედა რომ გარდაიცვალა, მამამ მეორე ცოლი მოიყვანა და კარგი არაფერი მახსოვს…

ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვეტყვი, რომ პირადად მე მომმართონ, დავეხმარები. დღეს არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ვიღაცის ეშინოდეთ. ძალადობა არც ერთმა ქალმა უნდა მოითმინოს.

მარი მგალობლიშვილი, სარკე