ნანა ცინცაძე: “ჩემი შვილი რომ გათხოვდა, მტკვარში ვხტებოდი და სიძემ გადამარჩინა””

ნანა ცინცაძე: "ჩემი შვილი რომ გათხოვდა, მტკვარში ვხტებოდი და სიძემ გადამარჩინა”"მკითხველს უყვარს ნანა ცინცაძის თავისუფალი, ცეცხლოვანი, ღრმა პოეზია, ლექსების ემოციურად, შარმით წაკითხვა… არადა პროფესიით ექიმია, თერაპევტი. ბოლო ხანებში ფსიქოთერაპიამ გაიტაცა. როგორც ამბობენ, უტყუარი, თანდაყოლილი ალღო აქვს. კითხვაზე, თუ რა არის ქალური სიბრძნე, ასე გვიპასუხა:

“გადაჭარბებული ქალური სიბრძნის არ მესმის, არ მწამს. არ მჯერა, რომ კაცებს მაინცდამაინც უჭკუო ქალები ხიბლავთ, თუმცა არც ის მჯერა, რომ ქალი თუ ყველაფერში პრიორიტეტია, მამაკაცი არ გაღიზიანდება. ქალს უნდა ეყოს გონიერება, თავისი აზრი ისე მიაწოდოს მამაკაცს, თითქოს ეს ყველაფერი მისგან, ანუ კაცისგან, მომდინარეობს. ჩემთვის ეს უფრო მეტი სიბრძნეა, ვიდრე ყოველ წუთს გამჟღავნებული ჭკუა-გონება”.

პოეტი ქალი “სარკეს” პირადი ცხოვრების შუქ-ჩრდილებზე უამბობს.

– ქალბატონო ნანა, რა წამოგყვათ ბავშვობიდან, რამაც თქვენს მომავალსაც დაატყო თავისი ნიშანი?

– როგორც ამბობენ, დაბადებიდანვე უჩვეულო ბავშვი ვიყავი. დედას ორსულობის 9 თვე საშინელი ტოქსიკოზი ჰქონდა. ამშობიარეს მაშების გამოყენებით. დედას დაემართა ატომური სისხლდენა, აუკრძალეს შვილების გაჩენა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გარისკა და ორი არაჩვეულებრივი ადამიანი, უმცროსი და-ძმა მომივლინა.

აკვანში არ ჩავწექი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, დღეების ბავშვი არტახებს ვხსნიდი, ვაპროტესტებდი. 11 თვისა გამართულად ვლაპარაკობდი. დასაძინებლად ლოგინში რომ ჩამაწვენდნენ, ვიწყებდი ლაპარაკს, მაგალითად, დაგვიანებულ მეზობელზე: “კოლია კიღურაძე ისევ გვიან მოვიდა სახლში”. 3 წლისამ ზეპირად ვიცოდი პოემა “არსენა მარაბდელი”.

ერთხელ საქართველოს პატრიარქის მძღოლი მოვიდა უბანში, შოკოლადის ფილები მომიტანა. პოემა ჩვეულებისამებრ წავიკითხე. ერთგან შემეშალა, მაგრამ არ შევიმჩნიე. კითხვა რომ დავამთავრე, შოკოლადის ფილები უკან დავუბრუნე, არ დამიმსახურებია-მეთქი და სახლში გავიქეცი.

ეს “არ დამიმსახურებია” წითელ ზოლად გასდევს მთელ ჩემს ცხოვრებას. ადამიანის ხასიათი არ იცვლება. ზუსტად ვაფასებ ჩემს თავს, სკრუპულოზური ვარ, ზოგჯერ ჩემი პედანტიზმი ძალიან დამღლელია.

ჩემთან ყველაფერი რთულად, დიდი შრომის ფასად მოვიდა. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტიც – წარჩინებით. სახლი რომ სტუმრებით ყოფილიყო სავსე, მე მაინც ვმეცადინეობდი. მადლიერი ვარ მშობლების, რომ მიმაჩვიეს შრომას, მიმიყვანეს წიგნთან. უცელქეს ბავშვს ვერაფრით მაოკებდნენ, წიგნის გარდა – შეუდგებოდნენ თუ არა კითხვას, წამსვე ვჩერდებოდი, ვუსმენდი.

– თბილისში ცნობილი ადამიანის, გედევან ცინცაძის, ოჯახში დაიბადეთ, ეს თქვენს ცხოვრებაზე რა მხრივ აისახა?

– მამა იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე უმაღლეს სასამართლოში, უპატიოსნესი ადამიანი, ამით აფასებდნენ. მისი დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხალი ვარ.

5 წლის ბავშვს ბოტკინი შემეყარა. სიცელქის გამო ოჯახში ჩემს ცუდად ყოფნას ვერ მიხვდნენ, სანამ არ დავეცი. მიმიყვანეს საავადმყოფოში. მთავარმა ექიმმა, თინა გოთუამ, იკითხა, მკვდარი რატომ მიიღეთო. უპასუხეს, გედევან ცინცაძის შვილია და იმიტომო. სპეციალური მორიგეობა დანიშნეს და გადამარჩინეს.

მამამ 15 წელი მოანდომა სახლის გარემონტებას და ეს მეამაყება ეს. სამაგიეროდ, წიგნები და დაფა მოჰქონდა, რომ ვემეცადინებინე. ამ ფასეულობებით გაგვზარდა.

– მყარ ოჯახში მაღალი ფასეულობებით გაიზარდეთ და ალბათ დიდი სიყვარულით გათხოვდით, ერთგული ცოლი იყავით. ქმარიც იმავეთი გპასუხობდათ?

– ჩემს ყოფილ მეუღლეს, რამაზ ნინუას, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვუყვარდი. ახალგაზრდები შევუღლდით – სიყვარულით, მე ვიყავი 20 წლის, ის – 19-ის. სილამაზის და არისტოკრატულობის გამო საუკუნის წყვილი შეგვარქვეს. რამაზს განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა, ჩვენი შვილი, თეა, მისი ასლია.

რამაზი დედისერთა იყო, ამიტომ ოჯახი მისგან ბევრ შვილს ითხოვდა, იყო ბიჭი-შვილის ფაქტორიც… მოხდა ისე, რომ ოპერაციის შემდეგ, თეას გარდა, არ შემეძლო სხვა შვილი გამეჩინა. დედამისი ხელს უწყობდა, რომ რამაზს სხვა ქალებთან ჰქონოდა ურთიერთობა. 4 წლის შემდეგ ოჯახი დაგვენგრა.

რამაზი 6 წლის წინ გარდაიცვალა. მისი ფოტო ჩემი გარდაცვლილი მშობლების და ძმის ფოტოების გვერდით მიდევს. ჩემს შვილს სხვა მამა არ ეყოლება, ჩემს შვილიშვილებს – სხვა ბაბუა. მათში რამაზის სისხლია და პატივისცემა მმართებს. ესეც სიბრძნეა, რომ ბავშვებმა იცოდნენ – სიყვარული ასე მარტივი არ არის.

არ მიყვარს გაყრის თემაზე ლაპარაკი, განა იმიტომ, რომ რამე მაქვს დასამალი, არამედ იმიტომ, რომ ვეხები ადამიანს, ვისი სისხლიც ჩემი შვილის და შვილიშვილების ძარღვებშია. ოჯახის დანგრევა თავისთავად უარყოფითი ფაქტია, მაგრამ იმ ადამიანს უარყოფითად ვერ მოვიხსენებ. არ მესმის მათი, ვინც ლანძღავენ ყოფილ მეუღლეებს. ამით შეურაცხყოფენ შვილებს და საკუთარ თავსაც.

– ამ გამოცდილებამ და განსაცდელმა რა შეგძინათ?

– ეს კატაკლიზმები რომ არ გამევლო, შეიძლებოდა ჩემგან არ შემდგარიყო ის, რაც ვარ. სულ მინდოდა, რამაზი დამერწმუნებინა ჩემს ღირსებაში, მუდმივად ენანა ჩემთან გაშორება – ეს ბიძგს მაძლევდა წინსვლისკენ.

გაყრის შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე, ვიცოდი – უკან არ უნდა დამეხია. მშობლებისთვის გაყრა რთული აღსაქმელი იყო. ყველასთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ პიროვნება ვიყავი. სხვაგვარად რომ წარმართულიყო ჩემი ცხოვრება, ვიქნებოდი უბრალოდ კარგი დიასახლისი, კარგი ექიმი, მეყოლებოდა ბევრი შვილი და ამით დამთავრდებოდა.

ვერ ვიტყვი, რამ რას აჯობა, რა კანონზომიერებით მოხდა “გადალაგება”, მაგრამ ფაქტია – მარტო დარჩენამ დამანახა ის, რომ ღირსება ყველაზე მთავარია, ის, რომ ადამიანი არავის ღალატობს, საკუთარი თავის გარდა.

– ქალური ბედნიერება თქვენთვის რა არის?

– ჩემთვის ბედნიერება სხვადასხვა რაღაცების ჯამია. ბედნიერებაა, როცა შენ ირგვლივ მყოფი ადამიანები კარგად არიან და მათ შენ უყვარხარ. ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი შვილი. ბედნიერებაა თუნდაც ის, რომ ქუჩაში უცნობი ადამიანებისგან სიყვარულს ვგრძნობ.

ბედნიერებაა, როდესაც არ ხარ შურიანი და თავს არ იტანჯავ ამით; როცა აცნობიერებ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არ მესმის სიტყვების – “ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეა”. ახალგაზრდობაზე მეტი სიმდიდრე არ არსებობს, მაგრამ ალიანსში მოდიხარ დროსთან. რაც უნდა კარგად გამოვიყურებოდე, 20 წლის გოგონებს რომ შევეჯიბრო, ხომ სასაცილოდ გამოვჩნდები? ბედნიერების საწინდარია, სწორად შეაფასო მდგომარეობა, მოერგო იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფები და იპოვო მასში ბედნიერება.

26 მაისს გადავიხადეთ გარდაცვლილი უმცროსი ძმის, გელას, იუბილე. ჩემს სახლში ოჯახის წევრები შევიკრიბეთ შვილებით, შვილიშვილებით – 30 ადამიანი. საოცარი რამ მოხდა – გელას და მშობლების იქ ყოფნას ვგრძნობდით. ეს იყო სიყვარულის აპოგეა. ამ დღემ დაგვანახა, რომ ბედნიერებად გადაიქცა ის, რითიც ჩვენ უბედურები ვიყავით.

ბედნიერება და უბედურება გვერდიგვერდ თანაარსებობენ. ნიმუშად ვახტან ჯავახაძის ლექსს მოვიტან:

“სადღაც ახლოა ბედნიერება,

სადღაც ახლოა უბედურება,

ისე ახლოა ბედნიერება, რომ შეიძლება

უბედურებმა ფეხი წამოკრან ბედნიერებას.

სადღაც ახლოა ბედნიერება,

სადღაც ახლოა უბედურება,

ისე ახლოა უბედურება, რომ შეიძლება

უბედურებას შუბლით შეასკდეთ ბედნიერები”.

– მარტოხელა დედისთვის შვილის გაზრდა მატერიალურზე მეტად ფსიქოლოგიურად არის რთული. ეს პერიოდი როგორ გადალახეთ?

– თეა ჩემმა არაჩვეულებრივმა მშობლებმა გამაზრდევინეს. საუბარი რომ ჩამოვარდა ალიმენტზე, მამაჩემმა თქვა, ეს არ გამაგონოთ, თეა ჩემი მეოთხე შვილიაო. თეას უზომოდ უყვარდა მამაჩემი.

ასპირანტურით რომ ვიყავი დაკავებული, ჩემი და, მზია, ყველგან კუდივით დაატარებდა თეას. ჩემმა ძმამ, ცოლს რომ ირთავდა, საცოლეს უთხრა, იცოდე, რომ მე შვილი მყავსო. თეას გულისხმობდა გელა.

თეამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. მისაღებ გამოცდაზე თავისუფალი თემა დაწერა. დეკანმა ნოდარ ტაბიძემ მისი თემა ნიმუშად გამოიტანა და იკითხა – რომელია ნინუა, აი, ეს არის თემაო. პირველ კურსზე უკვე თავისი გადაცემაც ჰქონდა “პირველ არხზე” – “ჩაალაგე ჩემოდანი”, მაგრამ მერე სძლია გენეტიკამ და იურისტობა არჩია, მეორე პროფესიაც შეიძინა. თეას უფროსი შვილიც იურისტია.

– თქვენი ქალიშვილის ნაადრევ გათხოვებას როგორ შეხვდით?

– თეა 16 წლის ასაკში გათხოვდა. ეს საშინელება იყო ჩემთვის, მტკვარში ვხტებოდი და ჩემმა სიძემ – დის ქმარმა, რეზო შელიავამ, დამიჭირა. ახლა ამბობს ხოლმე, ნახე, საქართველოს რა ეკარგებოდა, პატივი მცენ, სიცოცხლე რომ შევუნარჩუნეო.

თეა ახლა სამი შვილის დედაა. ჰყავს გოგონები: მარიამი, ლიზა და ნინა. ჩემი სიძეა თენგო გვასალია. თეას უფროსი ქალიშვილი გათხოვილია და მასაც გოგონა ჰყავს, 8 თვის ანასტასია – ჩემი შვილთაშვილი.

ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის მათი დაბადებაა. ლიზა ხშირად რჩება ჩემთან. ყველაზე მეტად უყვარს კითხვა – ეს მისი ღირსებაა. ისეთ რთულ რაღაცებს კითხულობს, მეც რომ ვერ ვიგებ და მერე “ლექციებს” მიტარებს. მამაჩემის ტრადიციას ვაგრძელებ, წიგნებს ვყიდულობ შვილიშვილებისთვის.

– მშვენიერ, ნიჭიერ, საზოგადოებაში ცნობილ ქალს ნუთუ არ შეგეძლოთ ოჯახის ხელმეორედ შექმნა, არ გსურდათ, გვერდით საყვარელი მეორე ნახევარი გყოლოდათ?

– მე სხვა შვილს ვეღარ გავაჩენდი, ეს გახდა ჩემი ოჯახის ნგრევის მიზეზი. ეს შიში სულ თან მდევდა. ამიტომ არ მივეცი ჩემს თავს უფლება, ხელმეორედ შემექმნა ოჯახი. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. დიდი მადლობა თითოეულს, ვისაც ჩემთან ცხოვრების დაკავშირება სურდა.

ერთხელ ერთ ქალაქში ჩემს ჯგუფელს შევხვდი, ახალგაზრდობა გავიხსენეთ. საუბარი ჩამოვარდა ბიჭზე – ძალიან უყვარდიო. “კი, მაგრამ ხომ არის ბედნიერი, ჰყავს შვილები, შვილიშვილები!” – ვუპასუხე. “შარშან შევხვდი, მითხრა, ოღონდ ის ყოფილიყო ჩემ გვერდით და, დაე, სხვა ნურავინ მეყოლებოდაო”, – მითხრა ჯგუფელმა.

რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ამ სიტყვებისთვის, მაგრამ… მე მირჩევნია, დარჩეს ის სიყვარული აუსრულებელ ოცნებად, ვიდრე გულში რაღაც მნიშვნელოვანი იყოს ხინჯად. მირჩევნია, ვიყო შორეული და სასურველი, ვიდრე დროთა განმავლობაში გადავქცეულიყავით ორ ბუზღუნა მოხუცად.

– პირადი ცხოვრების მიმართ, როგორც ქალს, უკმარისობის განცდა არ გრჩებათ?

– ყოველთვის ველოდები ვიღაცას. ჩემთვის უცხოა, რომ ამბობენ, დავბერდი და აღარაფერი იქნებაო. არავითარ შემთხვევაში! მე ყოველთვის უნდა ვიყო სასურველი და საინტერესო. არ ვიცი, რას გავაკეთებ ხვალ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას არ გავაკეთებ.

რამდენიმე წლის წინ ჩემსა და ერთ მამაკაცს შორის, დიდი მეგობრობიდან გამომდინარე, გაჩნდა საოცარი გრძნობა. კიდევ კარგი, ასაკი დროულად ვკითხე. 20 წლით უმცროსი აღმოჩნდა. არ ვიჯერებდი, აშკარად უფროსი კაცის შეხედულება აქვს. სამჯერ გავამეორებინე ასაკი… იქ დამთავრდა ყველაფერი.

შვილისტოლა ბიჭთან ურთიერთობას ვერ ვიკადრებ. საუკეთესო მეგობრებად დავრჩით, თუმცა ის გრძნობა საფუძვლად დაედო ჩემს პროზას.

ნანა კობახიძე, სარკე