ვამპირების დაქალი – “ჩემი მეგობრები თვითონ ბედს ეწიენ, მე კი ცალად დამტოვეს”

ვამპირების დაქალი  - "ჩემი მეგობრები თვითონ ბედს ეწიენ, მე კი ცალად დამტოვეს"ზოგჯერ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ერთსა და იმავე განსაცდელის წინაშე ვდგებით. ამ დროს, წესით, გამოცდილებამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგვაღებინოს, მაგრამ მაინც ვერ ვიჩენთ გონიერებას, გულისკარნახით ვიქცევით და იმავეს ვაკეთებთ, რამაც ერთხელ უკვე მოგვაყენა ტკივილი.

ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალი სალომე, ორჯერ აღმოჩნდა ერთი და იმავე პრობლემის წინაშე, თითქოს სცენარი განმეორდა, მაგრამ ისევ საკუთარი თავის საზიანოდ გადადგა ნაბიჯი. თუ რა მოხდა კონკრეტულად, ამაზე თავად გვიამბობს.

სალომე:

– ჩემი თავმდაბლობა ყველამ ბოროტად გამოიყენა. გულს მიკლავს, ასე რომ გადაგვარდნენ ადამიანები. იქნებ ჩემი ბრალიცაა, სხვების წინაშე ზედმეტად დავიმცირე თავი. ადამიანურ თანადგომას ყოველთვის პირველ ადგილზე ვაყენებდი. ვცდილობდი, საყვარელი ადამიანების ინტერესებისთვის პატივი მეცა, მათ კი ეს ნორმად ჩათვალეს და, როგორც კი ჩემი სურვილები წინ წამოვწიე (რაც მათ ინტერესებს არ დაემთხვა), გამკიცხეს, დამამცირეს. თითქოს პირი შეკრეს, ისე განმიდგნენ.

ადამიანები, რომლებიც წლები ერთმანეთს ლანძღავდნენ, ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

– მოდი, თანმიმდევრობით გვიამბეთ, ვისთან გაქვთ პრობლემები, რა როგორ მოხდა.

– მაშინ შორიდან უნდა დავიწყო. სკოლაში ორი მეგობარი მყავდა: ნატო და ეკა. ჩემს თავს ვერ იყოფდნენ, ჩხუბობდნენ, მე კი მათ შერიგებაზე ვზრუნავდი. ვცდილობდი, ნატოსთვის ეკას დადებითი მხარე დამენახვებინა, ხოლო ეკასთვის – ნატოს სიკეთე. მცირე ხნით მოლბებოდნენ ხოლმე, მაგრამ მერე ისევ გააფთრებით გესლავდნენ ერთმანეთს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ კლასის დამრიგებელი ჩაერია. გოგოები სხვების მოსაჩვენებლად დაზავდნენ, თუმცა ჩემთან მაინც ქილიკობდნენ ერთმანეთზე, რაც გულს მიკლავდა.

– თქვენ ორივეს ამტყუნებდით თუ რომელიმეს მხარეს იხრებოდით?

– ორივესი კარგად მესმოდა, მაგრამ ვერც ერთს ვამართლებდი. ახლანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ მათთან არ უნდა მემეგობრა, რადგან არც ერთი ფიქრობდა ჩემზე. მავალდებულებდნენ, რომ მათი ნეგატიური აზრები მომესმინა. ამ დაპირისპირებით შეიძლება თავად “იკვებებოდნენ”, საზრდოს პოულობდნენ, მე კი სულს მიწამლავდნენ.

– ტიპური ენერგოვამპირების ხელში ყოფილხართ, დაგიტანჯავთ თავი. სკოლის დამთავრების შემდეგ რა შეიცვალა?

– სტუდენტობისას ერთ ბიჭს შევუყვარდი. ბესო ერქვა. ობლად გაზრდილი, მშრომელი ბიჭი იყო. მართალია, უმაღლესში არ სწავლობდა, მაგრამ ძალიან კეთილშობილი და პატიოსანი იყო. უზომოდ ვუყვარდი, თავიდან მებრალებოდა, მერე შემიყვარდა. თავისუფალ დროს ერთმანეთს ვხვდებოდით. ნატოს და ეკას არ მოსწონდათ ეს შეხვედრები. არაფერს ვაშავებდით, ვსეირნობდით შეყვარებულები.

– დაქალები შეყვარებულს გიწუნებდნენ?

– დიახ. თავიდან მეგონა, გოგოებს ბესოსთვის არ ვემეტებოდი. თითქოს არ ენდობოდნენ, ამიტომ მიკრძალავდნენ მასთან სიახლოვეს. მოგვიანებით მივხვდი, რომ ვერ აიტანეს, “მათი წილი” დრო სხვას რომ დავუთმე, ვეღარ ვიცლიდი მათი ნეგატიური ამბების მოსასმენად. თანაც ბესოს თავდავიწყებით ვუყვარდი, მათ კი შეყვარებული კი არა, თაყვანისმცემელიც არ ჰყავდათ. აშკარად შურდათ ჩემი.

– ეს როდის დაასკვენით?

– როდესაც ჩემ წინააღმდეგ შეიკრნენ და ზურგს უკან ერთობლივად გამკილეს, მლანძღეს. საქმე ის იყო, რომ მაშინ ბიჭთან გოგოს თამამად სიარული კარგ ტონად არ ითვლებოდა, თუმცა იყვნენ გოგოები, რომლებიც ამ ზღვარს აბიჯებდნენ. მე მორიდებული ვიყავი, კომპლექსებიც მქონდა და შეყვარებულთან საჯაროდ გამოჩენას თავს ვარიდებდი.

დაქალებთან ყველაფერს ვერ ვყვებოდი, ჯერ ერთი, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ყველაფერზე საუბარი. მეორეც, დაქალების პოზიციას რომ ვხედავდი, ესეც მაბრკოლებდა. სრულებითაც არ ვიყავი ვალდებული, ორის ურთიერთობაში სხვა, თუნდაც ახლო მეგობარი ჩამერია.

იყო მესამე პრობლემაც: ეკას და ნატოს სურვილი ჰქონდათ, ჩვენთან ერთად ესეირნათ. მე კი შეყვარებულის ფინანსურ მხარეს ვითვალისწინებდი. ბესოს თავისი შემოსავლით უწევდა ოჯახის რჩენა. არ იყო ისე წელგამართული, რომ შეყვარებული დაქალებიანად რესტორნებში დაეპატიჟა ან ქალაქგარეთ წაეყვანა სასეირნოდ.

ბიჭის თავმოყვარეობას ვუფრთხილდებოდი. ჩემი მეგობრები კი ამის გამოც შემომწყრნენ, ჩვენ გვერდზე გაგვწიეო. ეკამ და ნატომ ჯერ ალიანსი შეკრეს, ერთმანეთში განმიკითხეს, მერე ჩემი და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობა საჯარო თემად აქციეს.

ეს დედაჩემის ყურამდე მივიდა და გოგოები დაიბარა. უსაყვედურა, ნამდვილი მეგობრები ასე არ იქცევიან, დაქალის სახელს ქვეყნის განსაქიქებლად არ იმეტებენო. მათ კი, თავის მართლების მიზნით, დედაჩემთან აძაგეს ბესო, სალომე მისთვის არ გვემეტება, იმ ბიჭის გვერდით დაიღუპებაო. დედას გულში ჩარჩა მათი ნათქვამი და ბესოსთან ურთიერთობა ამიკრძალა. საქმეში მამაჩემიც ჩაერია და მხარი აუბა.

მოკლედ, დამაშორეს. ბესოსთან ერთად ჩემი დაქალებიც დავკარგე. მათთან ურთიერთობის სურვილი გამიქრა, არც თავად მოისურვეს ჩემთან სიახლოვე. ისიც უთქვამთ, თითქოს დედაჩემისგან დარჩნენ შეურაცხყოფილი. სამაგიეროდ, ერთმანეთი იპოვეს სადაქალოდ და, როგორც ვიცი, დღემდე მეგობრობენ. ორივე გათხოვდა, ბედს ეწიენ, ღმერთმა კარგად ამყოფოს. მე კი ცალად დამტოვეს…

– გული გწყდებათ, ბესო რომ დაკარგეთ? ფიქრობთ, მასთან ბედნიერი იქნებოდით?

– წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ვისთან იქნება ბედნიერი. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანის გვერდით, ვისაც ვუყვარდი, არა მგონია, თავი უბედურად მეგრძნო. ოჯახი მაინც შემრჩებოდა. გული მწყდება, შეურაცხყოფილი და ნაწყენი რომ დავტოვე. არ იყო ამის ღირსი. აწი ამას არაფერი ეშველება. ჩვენი სიყვარული წარსულმა წაიღო.

– მას შემდეგ მრავალმა წელმა ჩაიარა. ნუთუ თქვენს ცხოვრებაში არავინ გამოჩნდა?

– სამსახურში დავუახლოვდი ორ გოგოს, თეას და ნათიას, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობდნენ. არ ვიცი, ჩემმა გამოჩენამ განაპირობა თუ რამ, მათ შორის წყალი აიმღვრა. შეიძლება მანამდეც ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ შუღლი და ჯიბრი, რაც გარედან არ ჩანდა. მათ შერიგებას ვცდილობდი, მაგრამ აქაც არ ამცდა მშვიდობის მტრედის როლი.

უჩვეულო რამ მოხდა – სცენარი გამეორდა. მათაც იგივე “სენი” დაემართათ – ორივე მებღაუჭებოდა, ჩემს თავს ვერ იყოფდნენ. ერთხელაც ისე სამარცხვინოდ იჩხუბეს, უფროსმა ორივე დაიბარა კაბინეტში. თეას შენიშვნა მისცა, ნათიას კი უბრძანა, განცხადება დაწერე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზეო.

– თუ ორივემ დააშავა, ერთნაირი სასჯელი რატომ არ ერგოთ, უფროსმა რატომ განასხვავა?

– თეა მისი ახლობელი იყო, ამიტომ ხელი არ ახლო. ამის გამო ნათია უფრო შემეცოდა. ვერ მოვითმინე და უფროსთან შევედი, ვთხოვე, დაეტოვებინა. ეს დიდი რისკი იყო იმიტომ, რომ უფროსს ცხელგულზე შეიძლებოდა მეც ზედ მივეყოლებინე. თუმცა მან გულისხმიერება გამოიჩინა, ჩემი თხოვნა შეისმინა და მითხრა, ამ ერთხელ ვაპატიებო.

ამავე დროს გამაფრთხილა – კეთილი გოგო ჩანხარ, მაგრამ იცოდე, სხვის ამბავს ასე გულში ნუ გაატარებ, თორემ თავადვე დაზარალდებიო.

– მას შემდეგ სიტუაცია დალაგდა? თეამ და ნათიამ ერთმანეთთან საერთო ენა გამონახეს?

– არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, დაიფიცეს კიდეც, სანამ ცოცხლები ვართ, ერთმანეთისთვის არ ვიარსებებთო. ამ ამბებს ორივე ცალ-ცალკე ჩემთან არჩევდა. მედიატორის როლი ძალიან მძიმე გამოდგა, მათ კერპ ხასიათს ვერ ვუმკლავდებოდი, სულ უფროსის სიტყვები ჩამესმოდა, დაზარალდებიო. ამას თავადაც ვგრძნობდი, მაგრამ მათთან მეგობრობას ვერ ვწყვეტდი. ვფიქრობდი, რაკი ადრე გულითადად მეგობრობდნენ, იქნებ ერთმანეთისკენ გული მოუბრუნდეთ-მეთქი.

– მერე, ეშველათ რამე?

– მათ კი ეშველათ, მაგრამ მე დავზარალდი. საქმე ისაა, რომ ჩვენს სამსახურთან ახლოს მდებარე ოფისიდან გამიცნო ერთმა შუახნის კაცმა, ავთომ. დაინტერესდა ჩემით, რამდენჯერმე გამაცილა. თავისი ცხოვრება მიამბო, ცოლს გაყრილი იყო, შვილები ჰყავდა. გოგოები ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, ეგონათ, რამეს ვუმალავდი, არადა დასამალი არაფერი მქონდა. კაცი დაინტერესდა ჩემით და გული გადამიშალა – სულ ეს იყო.

– თქვენ თუ მოგეწონათ ავთო?

– ჩემთვის მისაღები პიროვნება იყო. გული მიმივიდა. ცოლობა რომ შემოეთავაზებინა, ალბათ დავთანხმდებოდი.

– საქმე მივიდა აქამდე?

– სულ მეკითხებოდა, რა მომწონდა, რა არ მომწონდა, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოვიქცეოდი… შესწავლის პროცესში იყო, აზრებს მიწონებდა, მეუბნებოდა, რომ მისთვის საოცნებო ქალს ვგავდი. პაემანი დამითქვა, მაგრამ…

– რამ შეგიშალათ ხელი?

– ნათია ჩაერია, არ მოგატყუოსო. თავისი პირადი მაგალითები მოჰყავდა, მარწმუნებდა, კაცი უნდა აწვალო და მერე დათანხმდე, თორემ იოლად დაგთმობს, მიგატოვებსო. არადა საუბარი იყო პირველ პაემანზე, ავთოს ცუდი არაფერი შემოუთავაზებია, ღირსეულად მექცეოდა.

ნათიას ისიც არ მოსწონდა, ავთო რომ განქორწინებული იყო – კარგ კაცს ცოლი არ გაეყრებოდაო, ცალსახად ამტკიცებდა. თავად ნათია ქმარს იყო გაყრილი და გამოცდილება ჰქონდა.

– ამის გამო შეიკავეთ თავი?

– ნათია ჩემგან დაუკითხავად მივიდა ავთოსთან სალაპარაკოდ, ვითომ ჩვენი ურთიერთობის გარკვევა სურდა და ისე გამოვიდა, რომ ჩემს თაყვანისმცემელს თავი მოაწონა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ რამდენიმე კვირაში ნათია ავთოს ცოლი გახდა. თავად განსაჯეთ, რაც მოხდა!

– სამწუხაროა, თუმცა არის მეორე მხარეც: თუ ასეთი გაუწონასწორებელი იყო ავთო, შეიძლებოდა მასთან ოჯახური თანაცხოვრება ვერ აგეწყოთ.

– ამას მეუბნებოდა თეაც, მაგრამ ნათიამ ხომ უპრობლემოდ ააწყო? მე რატომ არ გამომივიდოდა? უკვე გვიანია ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც…

უფრო მეტად სხვა ფაქტმა გამაოგნა. თეა ნათიას მიწასთან ასწორებდა და მსაყვედურობდა, რისთვის უშუამდგომლე უფროსთან, ხომ ხედავ, თვითონ არ დაგინდო და თავზე გადაგიარაო. საბოლოოდ კი ნათიას შეურიგდა, შვილი მოუნათლა, ჩემზე იჭორავა მასთან, ზურგს უკან დამცინა.

ვფიქრობ და ვერ გამირკვევია, რატომ ხდება ჩემ ირგვლივ მსგავსი რაღაცები? იქნებ ჩემი ბრალია, მე ვიწვევ ჩემი ხასიათით?

– გამოცდილება იმისთვის გვეძლევა, რომ იგივე შეცდომები მომავალში არ გავიმეოროთ, თუმცა ყოველთვის არ გამოგვდის… ძნელია განსჯა, ადრე თუ გვიან თქვენ უფრო მიხვდებით, მიზეზი რაშია.

– ყველაზე მეტად გული იმაზე მტკივა, რომ მეგობრები მწირავენ – ადამიანები, რომელთა გამოც შემეძლო თავი გადამედო, ერთი ხელისმოსმით ივიწყებენ ჩემს სიკეთეს და ბოროტებით მიხდიან. სიკეთის საზღაურს არავის ვთხოვ, რაც გამიკეთებია, ყველაფერი უპირობო იყო, შეერგოთ! უბრალოდ ვისურვებდი, არ ჩამქოლონ და არ გამანადგურონ!

ნანა კობახიძე, სარკე