,,დედამთილს ჩემს თავს კატები ურჩევნია”

,,დედამთილს ჩემს თავს კატები ურჩევნია"დედაჩემი რომ მეუბნებოდა, სანამ გათხოვდები, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეო, ცალი ყურით ვუსმენდი, ყურადღებას არ ვაქცევდი. თურმე უფროსებს ყველაფერში უნდა დაუჯერო. მათ დიდი გამოცდილება აქვთ და ჯობია, რჩევები გაითვალისწინო.

სახლში რომ გამოვაცხადე, შეყვარებული ვიყავი და ჩემი რჩეულიც გავაცანი, ყველამ მითხრა, კარგი ბიჭია, მაგრამ გათხოვებას ნუ იჩქარებო. მე კიდევ თავს უკვე მოხუცად ვთვლიდი. 26 წლის ვიყავი და მეგონა, ვბერდებოდი. თანაც ძალიან შემიყვარდა და მის ცოლობაზე უარს ვერ ვიტყოდი.

დედა და მამა არც მთხოვდნენ, რომ უარი მეთქვა, უბრალოდ მეუბნებოდნენ, გავიკითხოთ, გავიგოთ, როგორი ოჯახია, როგორი ხასიათი აქვთო. მე კი ვიუკადრისე, სირცხვილია, მთავარია, მიყვარს და სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი.

ჩემი ქმარი დედისერთაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობდა და ვფიქრობდი, ამ ორმა ქალმა რა უნდა დამიშავონ, შვილზე მზე და მთვარე ამოსდით-მეთქი. თანაც ორივეს ძალიან მოვწონდი, მეუბნებოდნენ, ზუსტად შენნაირი რძალი გვინდოდაო.

ოჯახში თბილად მიმიღეს, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ შემექმნა, რაც კატების მოფერებაზე უარი ვთქვი. ცხოველები მიყვარს, მაგრამ ლოგინში – არა. ჩემს დედამთილს სამი კატა ჰყავს. ერთი მდედრია და კნუტებს ხშირად ყრის. სანამ ისინი დაიზრდებიან და “გაშვილდებიან”, ისინიც სახლში გვყავს.

მომავალი ქმრის ოჯახი რომ გავიცანი, ზაფხული იყო და ეს ცხოველები გარეთ, პატარა ეზოში იყვნენ. ისე ვიყავი სიყვარულით დაბრმავებული, მათთვის ყურადღება არც მიმიქცევია. მწარე რეალობას კი გათხოვების შემდეგ შევეჩეხე. ქმარმა რომ კატა შემოიწვინა ლოგინში, აი, მაშინ გადავირიე პირველად! ვუკივლე, მასთან ერთად ვერ დავიძინებ და, საერთოდაც, ადექი, თეთრეული უნდა გამოვცვალო-მეთქი. სხვათა შორის, წინააღმდეგობა არ გაუწევია, შეეჩვევიო, მითხრა, მაგრამ ასე არ მოხდა.

შეიძლება მეც შემყვარებოდა და დედამთილზე და მის დაზე მეტად მოვფერებოდი კატებს, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს ოჯახში. პირდაპირ მაძალებდნენ, რომ ეს ამდენი კატა უნდა მიმეღო ისე, როგორც მათ ჰყავდათ მიღებული, ანუ ჩემი თეფშიდან ეჭამათ და ა.შ.

დედამთილი პირველად მაშინ მეჩხუბა, როცა მისი საყვარელი კატა მაგიდიდან ძირს ჩავაგდე. ამოხტა და პირდაპირ ჩემი ჭიქიდან დაიწყო რძიანი ყავის სმა. ასეთ რაღაცებზე ჩემი ქმრის სახლში სიცილით კვდებიან, მე კი ლამის გული ამერია. მოვითხოვე, რომ ცხოველები გარეთ გვყოლოდა, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემმა ქმარმაც მითხრა, რა უგულო ყოფილხარ, ამას როგორ ამბობო.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ცხოველები ძალიან მიყვარს, არც უგულო ვარ, მაგრამ არ შემიძლია მათი სახლში, სამზარეულოში ატანა. რა ვქნა, ვერაფრით შევჭამ იმ ნამცხვარს, რომელსაც ქალი კატის ბეწვიანი კაბით აცხობს.

ახლა ორსულად ვარ და მშობლებთან ვცხოვრობ. ქმართან გაყრილი არ ვარ, მაგრამ არც არაფერი გვიკლია, რომ ამ მდგომარეობამდე მივიდეთ. ტოქსიკოზი მქონდა, კატების სუნზე და ბეწვზე გული მერეოდა, მაგრამ ესეც არ გაითვალისწინეს. როცა საყვედური ვთქვი, დედამთილმა მითხრა, ეს კატები შენ გჯობიანო. ანუ ჩემს თავს ისინი ურჩევნია.

დედა მეუბნება, შვილიშვილს რომ დაინახავენ, კატები აღარც გაახსენდებათ, დაწყნარდი და ამ დღეს დაელოდეო. მეც ველოდები და იმედი მაქვს, რომ ბავშვი ჩვენ შორის ყველაფერს დაალაგებს და დედამთილი შვილიშვილზე მაინც არ იტყვის, კატები ჯობიანო. ძალიან მინდა, ქმრის დედასთან და დეიდასთან ურთიერთობა დავალაგო და იქნებ ღმერთმაც გადმომხედოს, რომ ასე მოხდეს. ოჯახის დანგრევა ნამდვილად არ მინდა.

სარკის ერთგული მკითხველი